ფეხბურთი

15:24 | 3.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

„უკბილო ვეფხვი“ აღარ არის

გასულ პარასკევს 78 წლისა ნობი სტაილზი გარდაიცვალა. ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული კაცი. „უკბილო ვეფხვი“ (Toothless Tiger). 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონი და 1968 წლის ჩემპიონთა თასის მფლობელი „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში.

ლეგენდარულმა ჯეფ ჰერსტმა თქვა: ძალიან საწყენია, რომ ნობი აღარ გვყავს. ერთად ვთამაშობდით ასაკობრივ გუნდებში და რა თქმა უნდა, ინგლისის ნაკრებში. მტკიცე ხასიათის ადამიანი, გუნდის სული და გული. შესანიშნავი მეგობარი იყოო.

ყოჩაღი და კრეატიული ნახევარმცველი გახლდათ. უკომპრომისო და ძარღვიანი ფეხბურთელი. ხანდახან ზომაზე მეტად უხეში. 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ფრანგების წინააღმდეგ მატჩში, მეტოქე ჟაკ სიმონი მძიმედ დააშავა. ფეხბურთის ასოციაციამ მისი სამაგილითოდ დასჯა და ნაკრებიდან მოკვეთა მოითხოვა, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა, ალფ რემზიმ (ჩვენებურად რამსეიმ) თქვა, რომ თუ ნობის შეეხებოდნენ, თანამდებობას დატოვებდა. შეწინააღმდეგება ვერავინ გაუბედა.

ფანტასტიკური იუმორის გრძნობა ჰქონდა. იმავე ტურნირის ნახევარფინალში, პორტუგალიის წინააღმდეგ, რემზიმ ის ლეგენდარულ ეუსებიოს მიუჩინა. თამაშის წინ მწვრთნელს უთქვამს: ნობი, ეუსებიო უნდა გამოთიშოო. სტაილზს კი უპასუხია: ალფ, მთელი ცხოვრებით გამოთიშვას გულისხმობ თუ მარტო დღესო? შედეგად, შესანიშნავ ფორმაში მყოფ პორტუგალიელს იმ საღამოს არაფერი გამოუვიდა, სტაილზმა მას „ფეხი არ გაანძრევინა.“

ნობი დიდებული იყო ფინალშიც, დასავლეთგერმანელების წინააღმდეგ (4:2). თუმცა მთავარი სამახსოვრო ამბავი საფინალო სასტვენის შემდეგ მოხდა, სიხარულისგან გადარეული სტაილზი კოცნიდა ყველას და ყველაფერს, ცალ ხელში ნიკეს თასი ეჭირა, გიჟივით ღრიალებდა. ეს ეპიზოდი ინგლისში უკვე ფოლკლორადაა ქცეული.

თავადაც იხსენებდა: „ეს ამბავი არა მხოლოდ ჩემი თაობის ხალხს ახსოვს. ამას წინათ შვილიშვილების კბილა ბავშვებმა შემამჩნიეს და შეჰყვირეს: ჰეი, შენ ის უკბილო კაცი არ ხარ, შუა უემბლიზე რომ ცეკვავდაო? მაშინ მივხვდი, რომ ყველას კუთვნილება ვარ.

ნორბერტ პიტერ პატრიკ პოლ სტაილზს, რომელიც 24 წლისა გაქაჩლდა, ბევრი წინაღობის გადალახვა მოუწია, სანამ პროფრსიონალი ფეხბურთელი გახდებოდა. თავის ბიოგრაფიაში წერს: დავიბადე ნახევრადბრმა ჯუჯა, რომელიც გერმანელებმა დაბომბეს და მერე ტროლეიბუსი დაეჯახაო.

სტაილზი კოლიჰერსტში, ჩრდილო-დასავლეთ მანჩესტერში დაიბადა 1942 წლის 18 მაისს, ზუსტად ამ დროს გერმანელები ქალაქს ბომბავდნენ. იუნაიტედთან კონტრაქტს ხელი 1959 წელს მოაწერა და 1971 წლამდე იქ დარჩა. ოლდ ტრაფორდის სიახლოვეს ცხოვრობდა. მერე ცოტა ხნით იყო მიდლსბრო და პრესტონი.

წვრთნიდა იმავე პრესტონს, ჩრდილოამერიკულ ვანკუვერს და ვესტ ბრომვიჩს. მალე მას ალცჰეიმერის დაავადება აღმოუჩინეს. საუბარი სულ უფრო უჭირდა. 2010-ში მინი-ინსულტი გადაიტანა. 2013-ში კი პროსტატის კიბო დაუდგინეს.

ოჯახს გაუჭირდა, თუმცა არავისთვის არაფერი უთხოვიათ. ერთხელ გაახსენდათ. 2016 წელს, როცა ინგლისელები მსოფლიო ჩემპიონობის 50 წელს ზეიმობდნენ, ფეხბურთის ასოციაციიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ რაღაც თხოვნის ქაღალდი უნდა შეევსოთ და ფულით დაეხმარებოდნენ. მისმა მეუღლემ უარი შეუთვალა.

ერთხელ უთხრეს, სკოლის გვერდით ქუჩას, სადაც ნობი სწავლობდა, სტაილზის სახელს დავარქმევთო. მეუღლემ ამჯერადც იუარა.

იტირა, როცა 2010-ში მისი მსოფლიო ჩემპიონის მედალი აუქციონზე გაყიდეს.

ოჯახი ნაწყენია საფეხბურთო საზოგადოებაზე - მეტი ყურადღების მოქცევა შეეძლოთო. შვილი უხალისებდა ბოლო თვეებს, ძველი მატჩების დისკებს ურთავდა და ახალისებდა მოხუცს.

სტაილზი მსოფლიო ჩემპიონთა გუნდის მეშვიდე გარდაცვლილი წევრია. მანამდე მარადიულ სასუფეველში ალან ბოლი, რეი უილსონი, ბობი მური, გორდონ ბენქსი, მარტინ პიტერსი და ჯეკი ჩარლტონი, ასევე მწვრთნელი ალფ რემზი გადავიდნენ.

0.129875