რაგბი

12:38 | 2.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

შარიქაძე: "თუ ვინმემ შეცდომები დაუშვა, ეს იყო ტექნიკური წუნი და არა ბრძოლისუნარიანობის ნაკლებობა“

ბორჯღალოსანთა კაპიტანი მერაბ შარიქაძე, მუხლის ტრავმით გამოწვეული 1-წლიანი და 12-დღიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, მოედანზე პირველად გავიდა.

23 ოქტომბერს, მან „მარიფილდზე“ შოტლანდიის წინააღმდეგ პირველიდან 58-ე წუთამდე ითამაშა.

„ნაკრებთან ერთად რთული, მაგრამ ეფექტური რეაბილიტაცია გავიარე. არაფერს შევუწუხებივარ და ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობდი. მოედანზე რაც უფრო მეტ დროს გავატარებ, სათამაშო რეფლექსები მით უმფრო გაშალაშინდება“ – თქვა შარიქაძემ.

ამ ბიჭებს თვალებში ვუყურებ

ხანგრძლივი, 8-თვიანი შესვენების შემდეგ, პირველად ითამაშა საქართველოს ნაკრებმა და მორაგბეების დიდმა ნაწილმა, რაც შოტლანდიასთან მატჩის ანგარიშზეც აისახა და მასპინძლებმა 48:7 მოიგეს.

„ხანგრძლივი შესვენების შემდეგ მარტივი თამაში რომ არ იყო ანგარიშიდანაც ჩანს. თავს არ ვიმართლებთ, ვიცით ჩვენი შეცდომები და პასუხისმგებლობასაც სრულად ვიღებთ, თუმცა ფაქტია, ვარჯიშზე თამაშის სიმულირებას ვერ მოახდენ“.

„შოტლანდიელები კარგად იყვნენ მომზადებული და ეფექტურად ითამაშეს. მათ მორაგბეებს არ ჰქონდათ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა, რადგან პრო 14 დიდი ხნის წინ განახლდა. სამწუხაროდ, დავთმეთ ყველა კომპონენტი. გვქონდა ტექნიკური წუნი და დავუშვით შეცდომები, თორემ ბრძოლით ყველამ ბოლომდე იბრძოლა. მე ამ ბიჭებთან ერთად ვიყავი მოედანზე და გასახდელში და თითოეული მათგანის თვალებში ჩანდა, რომ თამაშში შესაძლებლობის მაქსიმუმი ჩადო. თუ ვინმემ შეცდომები დაუშვა, ეს იყო ტექნიკური წუნი და არა ბრძოლისუნარიანობის ნაკლებობა“ – ამბობს გუნდის კაპიტანი.

უფრო ძლიერთან მეტი წინააღმდეგობისთვის

ედინბურგიდან შინ დაბრუნებულ ბორჯღალოსნები „შევარდენზე“ „შემოდგომის ერთა თასისთვის“ ემზადებიან, რომლის ფარგლებში პირველ მატჩს 14 ნოემბერს, ლეგენდარულ „თვიქენჰემზე“ 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალისტს და 6 ერის ჩემპიონ ინგლისთან გამართავენ.

კაპიტანი ამბობს, რომ უთამაშებლობის ნაწილობრივ აღმოსაფხვრელად, გუნდმა კონტაქტური ვარჯიშები განაახლა:

„გავაანალიზეთ განვლილი თამაში, ვნახეთ სად დავუშვით ყველაზე მეტი შეცდომა და მის გამოსწორებაზე ვმუშაობთ. ინგლისი შოტლანდიაზე ბევრად ძლიერი გუნდია, უფრო რთული თამაში გველის, თუმცა იმედი მაქვს, რომ შეცდომებს გამოვასწორებთ და მეტოქეს მეტ წინააღმდეგობას გავუწევთ. რადგან სათამაშო გამოცდილების არარსებობა ასე თვალშისაცემი იყო, ვარჯიშები კონტაქტური გახდა. წინა კვირაშიც გვქონდა კონტაქტური ვარჯიშები, მაგრამ ძალიან ბევრი ტრავმა იყო და იძულებული გავხდით უარი გვეთქვა“.

შარიქაძე გულშემატკივრებს პირდება, რომ მიუხედავად ანგარიშისა, მომავალ შეხვედრებში ყველა საკუთარი მაქსიმუმის ჩვენებას ეცდება:

„მინდა გულშემატკივარს ვუთხრა, რომ გული არ გაიტეხონ და არც რეალობას მოწყდნენ. ახლა ჩვენ იმ დონეზე ვართ, რომ შეიძლება იყოს თამაშები, სადაც მეტოქეს დიდი უპირატესობა ექნება. ორ კვირაში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტს ვხვდებით და მათ წინააღმდეგ თამაში რა თქმა უნდა ძალიან რთულია“.

„ყველას ვპირდები, რომ მოედანზე ბოლომდე საბრძოლველად გავალთ და თავს არავინ დაიშურებს. შეიძლება იყოს ტექნიკური წუნი და შედეგი არასასურველი დაფიქსირდეს, მაგრამ ეს თამაშის დღეზეა დამოკიდებული. აუცილებლად გამოვასწორებთ იმას, რაც შოტლანდიასთან მატჩში არ მოგვეწონა. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც წარუმატებლობის შემთხვევაშიც ჩვენს გვერდით დგანან და გვამხნევებენ!“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11575