ფეხბურთი

23:48 | 31.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ გალიდერდა

გეხსომებათ, როგორი რიხით დაიწყო მიმდინარე პრემიერლიგა. გოლების რაოდენობას ვგულისხმობთ. თუმცა ნელ-ნელა შედეგიანობამ იკლო, რისი ერთ-ერთი მიზეზი ევროთასების დაწყებაა. ჩემპიონთა და ევროპა ლიგში მოასპარეზე გუნდები ძალებს ზოგავენ.

„სიტის“ არცთუ დამაჯერებელი თამაში ტრავმიანობის ბრალიცაა, ვერაფრით მოუყარა გვარდიოლამ ბიჭებს თავი. ამიტომ, იძულებულია მეტოქეებს პრაგმატულად მიუდგეს. ასეთმა მიდგომამ წინა ტურში „ვესტ ჰემთან“ „ქალაქელებს“ ორი ქულა დააკარგვინა.

ამჯერად მეტად გაუმართლათ, კაილ უოკერმა საჯარიმოს გარედან ეფექტური გოლი გაიტანა, რომელიც ერთადერთი აღმოჩნდა შეხვედრაში.

„ჩელსის“ გაუმართლა, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ, რომელიმე ლიდერთან არ მოუწია თამაში. „არისტოკრატების“ მეტოქე წყალწაღებული „ბარნლი“ გახლდათ, რომელიც ბოლო ადგილზე დგას და ვერც თამაშით იწონებს თავს.

შესაძლოა, „ლურჯები“ შონ დაიჩის გუნდის განადგურებას არც აპირებდნენ, მაგრამ ვითარებამ მოიტანა. ფრენკ ლამპარდის შეგირდებმა სამი უპასუხო ბურთი გაიტანეს და ამდენივე ქულა წაიღეს ლონდონში.

მატჩის გმირი ყოფილი აიაქსელი ჰაკიმ ზიეში გახდა. მან სამივე გოლში მიიღო მონაწილეობა. 26-ე წუთზე მაროკოელმა თავად გახსნა ანგარიში. შესვენების შემდეგ „ბარნლი“ გააქტიურდა, „ჩელსიმ“ კი თითქოს მეორე ნომრად დაიწყო თამაში. მაგრამ 63-ე წუთზე კურტ ზუმამ ანგარიში გააორა. გოლი კითხურს მოჰყვა, რომელიც ზიეშმა მოიპოვა.

წერტილი ტიმო ვერნერმა დასვა, რომელიც მეკარესთან პირისპირ სწორედ ზიეშა გაიყვანა.

უჭირს „ლივერპულს“ მეტოქეების დამარცხება. მძიმედ მოქმედებს, რაც ტრავმიანობითაცაა განპირობებული. ამიტომ, კლასით გაცილებით დაბალმა „ვესტ ჰემმაც“ გვარიანი პრობლემები შეუქმნა იურგენ კლოპის კრებულს. მეტიც, ლონდონელებმა მალევე გახსნეს ანგარიში და გერმანელ სპეციალისტს კიდევ ერთხელ დაანახვეს, რაოდენი პრობლემები აქვს დაცვის ცენტრში.

მასპინძლები ნელ-ნელა მოეგნენ გონს და ბურთიც გააკონტროლეს. ტაიმის მიწურულს მო სალაჰმა თავისი წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ზუსტად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმში „ლივერპული“ აშკარად მოსაგებად გავიდა მინდორზე. თუმცა სადიო მანეს შესანიშნავი თამაშის მიუხედავად, კაცმა არ იცის, რა მოხდებოდა, კლოპს დროული ცვლილებები რომ არ განეხორციელებინა. მან მინდორზე დიოგო ჟოტა და შერდან შაჩირი შეიყვანა.

პორტუგალიელმა ლამის მაშინვე გაიტანა, თუმცა მანამდე მანეს მეკარის წინაარმდეგ ეუხეშა და ვარ-მა გოლი გააუქმა. ჟოტამ მაინც ივარგა, საგოლედ კი მას შაჩირიმ უპასა...

ამისდაკვალად, „ლივერპული“ სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა. თუმცა, რამდენ ხანს გაჩერდება კენწეროში კვირა საღამოს გაირკვევა, როცა მთავარი კონკურენტი და თანაქალაქელი „ევერტონი“ ნიუკასლში თამაშს დაამთავრებს.

ინგლისი

პრემიერლიგა. 7 ტური. 31 ოქტომბერი

შეფილდი - სიტი 0:1

შეფილდი. „ბრემოლ ლეინი.“

0:1 უოკერი (28)

შეფილდი: რემსდეილი, სტივენსი, ბეშემი, ეგანი, ბოლდოკი, ბერგე, ლოუ (მაკგოლდიკი 81), ამპადუ (ნორვუდი 65), ოსბორნი (ლუნდსტრამი 55), მაკბერნი, ბრიუსტერი

მწვრთნელი: კრის ვაილდერი

სიტი: ედერსონი, უოკერი, დიაში, ლაპორტი, კანსელუ, როდრი, დე ბრუინი, ბერნარდუ სილვა, სტერლინგი, ტორესი (ფოდენი 82), მაჰრეზი (გიუნდოგანი 85)

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

გაფრთხილება არ ყოფილა

ბარნლი - ჩელსი 0:3

ბარნლი. „ტრეფ მური.“

0:1 ზიეში (26), 0:2 ზუმა (63), 0:3 ვერნერი (70)

ბარნლი: პოუპი, ლოუტონი, ლონგი, ტარკოვსკი, ტეილორი, ვესტვუდი, ბრაუნჰილი, სტივენსი (როდრიგესი 46), მაკნილი, ვუდი, ბარნსი (ბრედი 73)

მწვრთნელი: შონ დაიჩი

ჩელსი: მენდი, ჯეიმსი, ტიაგუ სილვა, ზუმა, ჩილუელი, მაუნტი, კანტე, ჰავერცი (ჟორჟინიო 86) , ზიეში (ჰადსონ-ოდოი 73), აბრაჰამი (ჟირუ 77), ვერნერი

მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი

მსაჯი: დევიდ კუტი

გაფრთხილება: ლონგი (49)

ლივერპული - ვესტ ჰემი 2:1

ლივერპული. „ენფილდი.“

0:1 ფორნალსი (10), 1:1 სალაჰი (42 პენ), 2:1 ჟოტა (85)

ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, გომესი, ფილიპსი, რობერტსონი, ჰენდერსონი, ვეინალდუმი, ჯონსი (შაჩირი 70), მანე, სალაჰი (მილნერი 89), ფირმინო (ჟოტა 70)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ვესტ ჰემი: ფაბიანსკი, კრესუელი, მასუაკუ (ლანსინი 89), ოგბონა, ბალბუენა, ცოუფალი, რაისი, სოუჩეკი, ფორნალსი, ბოუენი (ბენრაჰმა 89), ალე (იარმოლენკო 74)

მწვრთნელი: დევიდ მოიესი

მსაჯი: კევინ ფრენდი

გაფრთხილება: რაისი (49)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121358