ავტოსპორტი

22:51 | 31.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ემილია რომანიას დიდი პრიზის პოული ბოტასმა მოიპოვა

ფორმულა 1-ის ქარავანი ამ სეზონში იტალიას მესამედ ეწვია. ამჯერად დანიშნულების ადგილი იმოლაა, სადაც ფ1-ის რბოლა 2006 წლის შემდეგ არ ჩატარებულა. იმოლა ემილია რომანიას დიდ პრიზს მასპინძლობს. დღეს საკვალიფიკაციო რბოლა გაიმართა, რომელიც „მერსედესის“ ვალტერი ბოტასის გამარჯვებით დასრულდა. ლუის ჰამილტონი მეორე შედეგს დასჯერდა, „მერსედესმა“ კი სტარტზე მოწინავე ხაზი დაისაკუთრა.

მესამე შედეგი აჩვენა „რედ ბულის“ მაქს ფერსტაპენმა, ვისაც კვალიფიკაციის მეორე ფაზის დასაწყისში, ძალურ დანადგართან დაკავშირებით, პრობლემა შეექმნა, თუმცა გუნდმა პრობლემა ძალიან სწრაფად აღმოფხვრა. სტარტზე მის გვერდზე ყოფილი თანაგუნდელი, „ალფატაურის“ პიერ გასლი დადგება, ვინც კიდვ ერთხელ დაამტკიცა, რომ მაღალი დონის პილოტია. თუმცა ამის მიუხედავად (სამწუხაროდ), „რედ ბული“ მის დაბრუნებას აღარ აპირებს.

იმოლას რბოლაში „მერსედესს“ მეოთხე ადგილიც ჰყოფნის იმისთვის, რომ კონსტრუქტორთა ჩემპიონატი მოიგოს. და ეს იქნება სამქიმიანთა ზედიზედ მეშვიდე (რეკორდი) ტრიუმფი. საინტერესოა, რომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 საკვალიფიკაციო რბოლაში, „მერსედესის“ პილოტებმა 13 პოული მოიპოვეს.

„ეს ტრეკი, როცა მას დიდი სიჩქარით გადიხარ, მშვენიერია. ვიცოდი, რომ ბოლო წრეზე უნდა მომემატებინა, რათა მომეგო. და მე ეს შევძელი. კარგი ბრძოლა გველის. აქ სტარტიდან პირველ მოსახვევამდე, ყველაზე გრძელი გზა გვაქვს გასავლელი და ეჭვი არაა, რომ ლუისი და მაქსი გასწრებას ეცდებიან“, - ამბობს ბოტასი, ვინც პილოტთა კლასიფიკაციაში ჰამილტონს 77 ქულით ჩამორჩება.

ემილია რომანიას დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1'13.609
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 0.097
  3. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 0.567
  4. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 0.893
  5. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 0.911
  6. ალექს ალბონი (ტაილანდი, რედ ბული) 0.963
  7. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1.007
  8. დანიილ კვიატი (რუსეთი, ალფატაური) 1.087
  9. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1.205
  10. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 1.302
  11. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1.452
  12. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, რენო) 1.592
  13. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1.714
  14. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1.776
  15. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1.885
  16. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 2.309
  17. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 2.330
  18. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 2.344
  19. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 2.378
  20. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 2.599
0.149075