ავტოსპორტი

12:32 | 31.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

რაიკონენი „ალფა რომეოში“ კიდევ ერთი სეზონით დარჩა

ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე გამოცდილი პილოტი, ფინელი კიმი რაიკონენი „ალფა რომეოსთან“ ერთად კიდევ ერთ სეზონს გაატარებს. შვეიცარიაში ბაზირებულმა გუნდმა, რომელსაც ადრე „ზაუბერი“ ერქვა, თავის ორივე პილოტს - რაიკონენს და იტალიელ ანტონიო ჯოვინაცის კონტრაქტები გაუგრძელა.

41 წლის რაიკონენი მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონია. ის 327 რბოლის განაცხადში იყო და მათგან 324-ის სტარტზე გამოვიდა. მას ფორმულა 1-ის ისტორიაში, ყველაზე მეტ რბოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული. პორტუგალიის დიდი პრიზის რბოლისას მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საბრძოლო სულისკვეთება არ დაუკარგავს. ალაგ-ალაგ სველ ტრეკზე, რბოლის პირველ წრეზე მან 10 მეტოქეს გაასწრო.

„ალფა რომეო ჩემთვის გუნდზე მეტია. ის მეორე ოჯახივითაა. აქ ბევრი თანამშრომელი დამხვდა, რომლებიც გუნდში 2001 წელსაც იყვნენ, როცა ფ1-ში მოვედი. ამ გუნდის უნიკალური ატმოსფერო ის სტიმულატორია, რაც მოტივაციას მიძლიერებს. ეს იქნება ჩემი მე-19 სეზონი ფ1-ში. აქ არ ვიქნებოდი, გუნდის შესაძლებლობების რომ არ მჯეროდეს. ეს ის გუნდია, რომელიც შრომას სიტყვებზე მეტად აფასებს. ეს კი ჩემს სტილს შეეფერება“, - ამბობს ფინელი მრბოლი, ვინც ასევე აისმენის მეტსახელითაც არის ცნობილი.

26 წლის ჯოვინცი ფორმულა 1-ში მეორე სეზონს ატარებს. ბევრი ელოდა, რომ მის ადგილზე, გუნდი „ფერარის“ აკადემიის პილოტ მიკ შუმახერს მიიწვევდა. მაგრამ „ალფა რომეოს“ გადაწყვეტილების შემდეგ, ლეგენდარული მიხაელ შუმახერის შვილისთვის ფ1-ში დებიუტისთვის ერთადერთ ვარიანტად „ჰაასი“ რჩება, რომელმაც ახლახანს ორივე ადგილზე ვაკანსია გამოაცხადა.

„ფერარის“ შეფმა მატია ბინოტომ განცხადა, რომ დიდი ალბათობით, „ჰაასი“ „ფერარის“ აკადემიის მხოლოდ ერთ პილოტს აიყვანს. გადაწყვეტილება ფორმულა 2-ის ჩემპიონატის დასრულებამდე არის მოსალოდნელი, რომელსაც შუმახერი ლიდერობს. „ჰაასში“ სხვა კანდიდატები არიან ასევე „ფერარის“ აკადემიის პილოტები, ბრიტანელი ქელუმ ილოტი და რუსი ნიკიტა მაზეპინი, რომლის მილიარდერ მამასაც, შვილის ფ1-ში ხილვა სურს და ამისთვის სახსრებს არ იშურებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114007