კალათბურთი

20:55 | 30.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ქუთაისმა" და "ბათუმმა" სუპერლიგის მე-3 ტური დამაჯერებელი გამარჯვებებით გახსნეს

სუპერლიგის მე-3 ტური დღეს რეგიონებში დაიწყო. ბათუმსა და ქუთაისში პარალელურად 2 შეხვედრა გაიმართა, ხოლო ტურის დარჩენილი 3 მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 1 ნოემბერს ჩატარდება.

რაც შეეხება დღევანდელ მატჩებს, ორივე შეხვედრაში მასპინძელთა იოლი გამარჯვება დაფიქსირდა. თამაშის მსვლელობისას ორივე სტუმარს ჰქონდა გამონათებები და შესაბამისად იმის შანსი, რომ წარმატებისთვის მიეღწია, თუმცა საბოლოოდ მასპინძლებმა ისე იძალეს, ორივეგან დამაჯერებელი სხვაობები დაფიქსირდა.

იმერულ წყვილში ერთმანეთს დაუმარცხებელი გუნდები – “ქუთაისი” და თსუ ხვდებოდნენ, ხოლო აჭარაში მოგების არმქონე “ბათუმი” და “მგზავრები” დაუპირისპირდნენ. ქუთაისელებმა შეხვედრა ისე შედეგიანად დაიწყეს, რომ თვალისდახამხამებაში მოიპოვეს ხელჩასაჭიდი ლიდერობა – 26:6. თსუ-ს მწვრთნელმა წუთშესვენებები აიღო, მაგრამ ვითარების მყისიერად შეცვლა ვერ მოახერხა. უნივერსიტეტელები მეორე პერიოდის ბოლოს გააქტიურდნენ და დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა 12 ქულამდე შეამცირეს.

კიდევ უფრო დაიძაბა სიტუაცია მესამე პერიოდში, რომლის მე-3 წუთზე თბილისელები მასპინძლებს 6 ქულით – 46:52 მიუახლოვდნენ. თითქოს თამაში გათანაბრდა და დაძაბული ბრძოლა უნდა წასულიყო, თუმცა მასპინძლებმა გუნდური თამაშის წყალობით 20-ქულიანი ლიდერობა მესამე პერიოდშივე დაიბრუნეს და მატჩის ბედიც გადაწყვიტეს. ბოლო პერიოდში ქუთაისელთა უპირატესობა 20 ქულას გადასცდა და შეხვედრის დასკვნითი წუთები ფორმალობად იქცა. საბოლოოდ 97:69 (სტატისტიკა) და “ქუთაისი” 3-დან 3 მოგებით სუპერლიგის ერთპიროვნული ლიდერია. გამარჯვებულთაგან 5 კალათბურთელი ასცდა 10-ქულიან ზღვარს, რომელთაგან 11-11 ქულა-მოხსნით აკაკი დვალიშვილი გამოირჩა, 18 ქულით კი ბომბარდირი დეჟუან რაითი გახდა. თსუ-ში 16 ქულით ბომბარდირი გახდა ბრენდონ სლაი, საბა ლობჯანიძის ანგარიშზე კი 12 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა.

ბათუმშიც თითქმის ანალოგიური სცენარი გათამაშდა. მასპინძლებმა დამაჯერებლად მოიგეს პირველი და მეორე პერიოდები და დიდი შესვენებისთვის 48:33 დაწინაურდნენ, თუმცა მესამე პერიოდში “მგზავრება” მოახერხა და დაწინაურდა – 53:50. ანუ სტუმრებმა დროის მონაკვეთი 20:2 მოუგეს ბათუმელებს. ეს მესამე პერიოდის შუაწელში მოხდა, რის შემდეგაც მასპინძლებმა ინიციატვა დაიბრუნეს და შეხვედრა ისე ჩაამთავრეს, “მგზავრებისთვის” შანსი აღარ მიუციათ.

შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე მასპინძელთა ლიდერობამ 20 ქულას მიაღწია და ყველაფერიც აქ გადაწყდა. ბათუმელებმა საბოლოოდ 93:81 (სტატისტიკა) მოიგეს, რაშიც ლომის წილი ბექა ბექაურს ეკუთვნის – 24 ქულა, 14 მოხსნა, 6 პასი. 17-17 ქულა ლევან ბაბილოძემ და პეტარ არატინოვიჩმა მიითვალეს. 13 ქულა და ამდენივე მოხსნა ნიკოლა ვუიოვიჩს ჰქონდა. “მგზავრებში” 17 ქულითა და 17 მოხსნით საუკეთესო იყო სოსო გოგნაძე, ოთარ პერტაიამ თავი 20 ქულას მოუყარა.

სუპერლიგის დარჩენილი 3 შეხვედრა კვირას, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება და პირდაპირ ეთერში, ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით გადაიცემა: gbf.ge/livestream

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116208