ავტოსპორტი

11:51 | 27.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

„მერსედესი“ ძრავების რეგლამენტის გაყინვაზე თანახმაა

„მერსედესის“ ფორმულა 1-ის გუნდის შეფი ტოტო ვოლფი ამბობს, რომ ის ფორმულა 1-ში ძრავების რეგლამენტის 2022 წლიდან გაყინვას მიემხრობა, თუ ეს „რედ ბულს“ იმის საშუალებას მისცემს, რომ „ჰონდას“ ძრავების გამოყენება გააგრძელოს და სპორტში დარჩეს.

„რედ ბულს“ 2021 წლის შემდეგ ძრავების კონტრაქტი არ აქვს, რადგან მისმა პარტნიორმა „ჰონდამ“ სპორტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ძრავის კონტრაქტის გარეშეა ავსტრიული კომპანიის მეორე გუნდი - „ალფატაურიც“. მაგრამ „რედ ბული“ აცხადებს, რომ მისი პრიორიტეტი, იაპონურ ძრავებზე დარჩენაა. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ რეგლამენტით, 2022 წლიდან ძრავების მოდიფიცირება აიკრძალება.

„მერსედსი“ ასევე აცხადბს, რომ საკუთარი ძრავების „რედ ბულისთვის“ მიწოდების რესურსი აღარ აქვს, რადგან მომავალი სეზონიდან აგრეგატებს ოთხ გუნდს (მერსედესი, რეისინგ პოინტი/ასტონ მარტინი, მაკლარენი, უილიამსი) მიაწვდის. „რენო“ მზადაა, „რედ ბულს“ საკუთარი ძრავები შესთავაზოს იმ შემთხვევაში, თუ ავსტრიელებს სხვა გამოსავალი არ ექნებათ.

„ვფიქრობ, ჰონდამ შესანიშნავად იმუშავა, რამაც რედ ბულს თავდაჯერება შესძინა. ისიც გასაგებია, რომ რედ ბულს ძრავების ფრონტზე ხარჯების მორევში ჩათრევა არ სურს. მე დავეთანხმები მათს შემოთავაზებას, რადგან მჯერა, რომ რედ ბული ფორმულა 1-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბრენდია. და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მისი ორი გუნდი შევინარჩუნოთ“, - ამბობს ვოლფი.

„რედ ბულს“ სურს, რომ ძრავებთან დაკავშირებით, სიტუაცია ამ სეზონის დასრულებამდე გაირკვეს, რათა ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება დროულად შეძლოს.

0.15276