ფეხბურთი

2:38 | 26.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

პირლოს "იუვენტუსი" სერია A-ში თამაშებს ვეღარ იგებს

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ში გამარჯვებას ვეღარ ახერხებს. „რომასთან“ და „კროტონესთან“ ფრეებს „ვერონასთან“ „ალიანც სთედიუმზეც“ ფრე მოჰყვა.

ანდრეა პირლოს გუნდმა შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე კიევის „დინამოს“ (2:0) აჯობა და ახალბედა სპეციალისტის მიმართ კრიტიკამაც თითქოს იკლო, მაგრამ ფაქტია, „ბებერი ქალბატონი“ საკუთარი თავის ძიებაშია.

სიმართლე რომ ვთქვათ, „იუვენტუსი“ „ვერონასთან“ მოგებას იმსახურებდა, მაგრამ საგოლე მომენტები სათანადოდ ვერ გამოიყენა. ორჯერ ბურთი ხარიხას მოხვდა, რამდენჯერმე სტუმართა მეკარე იყო შედარებელი. პირველი ტაიმის ბოლოს კი VAR-მა ალვარო მორატას ფანტასტიკური გოლი გააუქმა. არადა, ესპანელი მხრით და ისიც მილიმეტრებით იყო წინ...

„იუვემ“ მე-60 წუთზე გაუშვა, საკუთარი აკადემიის აღზრდილისგან. ანდრეა ფავილიმ „ვერონა“ დააწინაურა. სხვათა შორის, ის თამაშში 55-ე წუთზე ჩაერთო და 62-ე წუთზე შეცვალეს. ბოლო 25 წელიწადში პირველი მოთამაშეა, რომელიც შეცვლაზე შევიდა, გოლი გაიტანა, შეცვალეს და ეს ყველაფერი 10 წუთში ნაკლებ დროში. ცხადია, ცვლილების მიზეზი ტრავმა გახდა. გაშვებული გოლის შემდეგ „იუვენტუსი“ უფრო მეტად გააქტიურდა, რაც დეიან კულუშევსკის თამაშში ჩართვით იყო განპირობებული. შვედმა მართლაც გააცოცხლა თანაგუნდელები და სწორედ მან გაიტანა საპასუხო გოლი 77-ე წუთზე. თუმცა, მასპინძლებმა მეტი ვეღარ მოახერხეს და ისევ ფრეს დასჯერდნენ. ამავე მატჩში „იუვეს“ ლეონარდო ბონუჩის დაუშავდა. სამ დღეში „ბარსელონასთან“ პაექრობაა და პირლოს სამი ცენტრალური მცველი ჰყავს ტრავმირებული (ბონუჩი, კიელინი, დე ლიხტი) და ერთადერთია ჯანმრთელი (დემირალი)... ტურინულ გრანდს 5 ტურის თავზე 9 ქულა აქვს, რა თქმა უნდა, პირლოს სხვანაირი დასაწყისი წარმოედგინა და სხვანაირს ისურვებდა...

„ნაპოლიმ“ სტუმრად „ბენევენტოს“ მოუგო. ძველი მეგობრების, ჯენარო გატუზოსა და ფილიპო ინძაგის დუელი რინოს გამარჯვებით დასრულდა. სხვათა შორის, ამ მატჩში გოლები ძმებმა გაიტანეს. რობერტო ინსინიემ ტაიმი „ბენევენტოს“ მოაგებინა, ხოლო ლორენცომ მეორე ტაიმში მისი გოლი გაქვითა. გამარჯვების ბურთი ანდრეა პეტანიას ანგარშიზეა.

„იუვენტუსი“ – „ვერონა“ 1:1 (0:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (3-4-1-2): შჩესნი; დემირალი, ბონუჩი (ფრაბოტა 75), დანილო; კუადრადო, არტური, რაბიო, ბერნარდესკი (კულუშევსკი 61); რემზი (ვრიონი 90), დიბალა, მორატა

მწვრთნელი: ანდრეა პირლო

„ვერონა“ (3-4-3): სილვესტრი; ჩეკერინი (მანიანი 55), ლოვატო, ემპეროირი; ფარაონი, ვიეირა, ლაზოვიჩი; ტამეზე (ილიჩი 51), კალინიჩი (ფავილი 55, ბარაკი 62)

მწვრთნელი: ივან იურიჩი

გოლები: 0:1 ფავილი (60), 1:1 კულუშევსკი (77)

გაფრთხილება: კულუშევსკი (90) - ვიეირა (39), ლაზოვიჩი (57), ემპეროირი (69), ფარაონი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 21 (8) – 5 (2) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 6:3 თამაშგარე: 4:3

მსაჯი: ფაბრიციო პასკუა

„კალიარი“ – „კროტონე“ 4:2 (3:2)

გოლები: 0:1 მესიასი (21), 1:1 ლიკოგიანისი (25), 2:1 სიმეონე (35), 2:2 მოლინა (43), 3:2 სოტილი (45), 4:2 ჟოაო პედრო (84)

„ბენევენტო“ – „ნაპოლი“ 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 რ. ინსინიე (30), 1:1 ლ. ინსინიე (60), 1:2 პეტანია (67)

„პარმა“ – „სპეცია“ 2:2 (1:2)

გოლები: 0:1 შაბო (28), 0:2 აგუდელო (31), 1:2 გალიოლო (34), 2:2 კუცკა (90, პენ)

„ფიორენტინა“ – „უდინეზე“ 3:2 (2:1)

გოლები: 1:0 კასტროვილი (11), 2:0 მილენკოვიჩი (21), 2:1 ოკაკა (43), 3:1 კასტროვილი (51), 3:2 ოკაკა (86)

თეგებისერია A
0.163079