ავტოსპორტი

21:11 | 25.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ჰამილტონი - 92 გამარჯვება

ლუის ჰამილტონმა პორტუგალიის დიდი პრიზი მოიგო და მიხაელ შუმახერის გამარჯვებების რეკორდი გააუმჯობესა. მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონის ანგარიშზე უკვე 92 გამარჯვებაა და ამის შემდეგაც, ის აცხადებს, რომ უწინდელივით მოტივირებულია და დღესაც, როდესაც ფინიში გადაკვეთა, ფეხი გაზიდან არ აუღია.

ჰამილტონისთვის რბოლა არცთუ იდალურად დაიწყო, მაგრამ ამის მიუხედავად, მან მოახერხა და მეორეზე გასულ თანაგუნდელ ვალტერი ბოტასს 25.592 წამი მოუგო. ამ მოგებით და რბოლის უსწრაფესი წრისთვის მიღებული ბონუს ქულით, ჰამილტონმა ჩემპიონატში ბოტასთან უპირატესობა 77 ქულამდე გაზარდა. დარჩენილ ხუთ რბოლაში, ჰამილტონს ერთი მოგებაღა სჭირდება იმისათვის, რომ მეშვიდე ტიტული გაიფორმოს და შუმახერის ეს რეკორდიც გაიმეოროს.

ჰამილტონმა პირველ წრეზე ორი პოზიცია დაკარგა და ისე ჩანდა, რომ პორტუგალიას ხელმოცარული დატოვებდა. რა თქმა უნდა, ამაში სუსტმა წვიმამ „შეუწყო ხელი“, რომელიც ტრასას ალაგ-ალაგ ასველებდა. მაგრამ რბოლა რომ გახურდა, წვიმაც შეწყდა და ტრასაზეც ნელ-ნელა ბევრი რამ შეიცვალა. საბოლოოდ კი, ჰამილტონმა ორის გარდა, ყველა მეტოქე წრეზე ჩამოიტოვა.

დასაწყისში ბოტასსაც გაუჭირდა. აშკარა იყო, რომ სამქიმიანებმა საბურავების დროულად გახურება ვერ მოახერხეს. მაქს ფერსტაპენიც თავიდან ჩამორჩა. ჰოლანდიელი მეხუთემდე ჩამოქვეითდა. ლიდრობა კი კარლოს საინსმა იგდო ხელთ, რომელმაც სტარტი მეშვიდე პოზიციიდან, რბოლი საბურავებით აიღო. მე-6 წრეზე ლიდერობა ბოტასმა იგდო ხელთ და აქედან მოყოლებული, რბოლაც ლოგიკურ კალაპოტში გადავიდა. ჰამილტონი მალე დაეწია თანაგუნდელს და მე-10 წრეზე გაასწრო კიდეც.

ფინიშამდე 7 წრით ადრე, ჰამილტონმა თავისიანებს რადიოთი შეატყობინა, რომ კუნთი (არ დაუკონკრეტებია, რომელი) დაეჭიმა, თუმცა ამის შემდეგ, რამდენჯერმე უსწრაფესი წრე დააფიქსირა... მან ამ სეზონში მერვე, „მერსედესისთვის“ კი 71-ე გამარჯვება მოიპოვა.

პორტუგალიის დიდი პრიზი

ალგარვე, დისტანცია 306.826 კმ (4.653 კმ, 66 წრე)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:29:56.828
  2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 25.592
  3. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 34.508
  4. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1:05.312
  5. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1 წრე
  6. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  7. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1 წრე
  8. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, რენო) 1 წრე
  9. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 1 წრე
  10. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1 წრე
  11. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1 წრე
  12. ალექს ალბონი (ტაილანდი, რედ ბული) 1 წრე
  13. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  14. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1 წრე
  15. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1 წრე
  16. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1 წრე
  17. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1 წრე
  18. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 2 წრე
  19. დანიილ კვიატი (რუსეთი, ალფატაური) 2 წრე
  20. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 15 წრე

უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:18.750 (63-ე წრე, 212.708 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 256 ქულა; 2. ვალტერი ბოტასი - 179; 3. მაქს ფერსტაპენი - 162; 4. დანიელ რიკარდო - 80; 5. შარლ ლეკლერი - 75; 6. სერხიო პერესი - 74; 7. ლანდო ნორისი - 65; 8. ალექს ალბონი - 64; 9. პიერ გასლი - 63; 10. კარლოს საინსი - 59; 11. ლანს სტროლი - 57; 12. ესტებან ოკონი - 40; 13. სებასტიან ფეტელი - 18; 14. დანიილ კვიატი - 14; 15. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რეისინგ პოინტი) - 10; 16. ანტონიო ჯოვინაცი - 3; 17-18. კიმი რაიკონენი და რომენ გროჟანი - 2; 19. კევინ მაგნუსენი - 1; 20. ნიკოლას ლატიფი და ჯორჯ რასელი - 0

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. მერსედესი - 435 ქულა; 2. რედ ბულ-ჰონდა - 226; 3. მაკლარენ-რენო - 124; 4. რენო - 120; 5. რეისინგ პოინტ-მერსედესი - 110; 6. ფერარი - 93; 7. ალფატაური-ჰონდა - 77; 8. ალფა რომეო-ფერარი - 5; 9. ჰაას-ფერარი - 3; 10. უილიამს-მერსედესი - 0

0.141678