ფეხბურთი

2:42 | 25.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ატალანტა" კრიზისის ზღვარზეა, "ლაციო" ხასიათზე მოვიდა

იტალიის სერია A-ს მეხუთე ტურმა სტარტი სამი მატჩით აიღო, ორგან ფავორიტებმა იმარჯვეს, ერთ მატჩში კი სენსაციაც დაფიქსირდა.

ვისთვის როგორ და ალბათ, წლების წინ ამ ამბავს სენსაცია არ ეთქმოდა, მაგრამ ახლა ნამდვილად ასეა. ბერგამოს „ატალანტა“ შინ გენუის „სამპდორიასთან“ დამარცხდა. არადა, ჯან პიერო გასპერინის გუნდმა მიმდინარე სეზონიც თითქოს ფანტასტიკურად დაიწყო, მიჯრით სამი თამაში ძალიან ადვილად მოიგო, მაგრამ წინა ტურში „ნაპოლისთან“ განადგურდა (1:4) და ახლა კლაუდიო რანიერის გუნდს ვერ გაუწია წინააღმდეგობა - 1:3. საოცარ ფორმაშია 37 წლის ფაბიო კუალიარელა, რომელმაც ისევ გაიტანა და ამ სეზონში უკვე 4 გოლი დაუგროვდა, რაც ასაკიდან გამომდინარე ფანტასტიკური შედეგია. „ატალანტამ“ მიჯრით მეორედ წააგო სერია A-ში და პოზიციებს თმობს, არადა, შუა კვირაში დანიაში, „მიდტიულანდი“ 4:0 გაანადგურა და თითქოს პრობლემაც დაძლეული იყო, მაგრამ როგორც ჩანს, შიდა ასპარეზზე „ლა დეას“ პრობლემები ისევ აქვს. სამაგიეროდ, რანიერის „სამპდორიამ“ სტარტზე განცდილი ორი წაგების შემდეგ მიჯრით მესამედ მოიგო და მეხუთე ადგილზეა.

ანტონიო კონტეს „ინტერმა“ დერბიში წაგება დაივიწყი და გენუაში, „ჯენოას“ 2:0 ძლევით 3 ქულა ადვილად მოიპოვა. „ნერაძურიმ“ ორივე გოლი ნაანტრატქევს გაიტანა - რომელუ ლუკაკუმ და დანილო დ’ამბროზიომ. ისე, პირველ ტაიმში აბა როგორ გაიტანდა, როდესაც კარის ჩარჩოში საერთოდ არ დაურტყამს, რაც კონტეს „ინტერში“ მოღვაწეობის პერიოდში პირველად მოხდა.

ჩემპიონთა ლიგაზე „დორტმუნდის“ ძლევა როგორც ჩანს „ლაციოს“ წაადგა. სიმონე ინძაგის გუნდმა შინაურ კედლებში „ბოლონია“ 2:1 დაამარცხა. სტუმრებმა ეს ერთადერთი გოლი ბოლო წუთზე გაიტანეს, თორემ „არწივები“ დამაჯერებლად იგებდნენ და პრობლემა არ ჰქონიათ.

კვირას საქმეში „იუვენტუსი“ ჩაერთვება, რომელიც „ვერონას“ უმასპინძლებს, გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი „მილანი“ კი ტურის ცენტრალურ მატჩში ორშაბათს „რომას“ უმასპინძლებს.

„ატალანტა“ – „სამპდორია“ 1:3 (0:1)

გოლები: 0:1 კუალიარელა (13), 0:2 ტორსბი (59), 1:2 ძაპატა (80, პენ), 1:3 იანკტო (90)

„ჯენოა“ – „ინტერი“ 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ლუკაკუ (64), 0:2 დ’ამბროზიო (79)

„ლაციო“ – „ბოლონია“ 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 ლუის ალბერტო (54), 2:0 იმობილე (76), 2:1 დე სილვესტრი (90)

თეგებისერია A
0.127069