ლუის ჰამილტონი კიდევ ერთი რეკორდს მიუახლოვდა - პორტუგალიის დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე საუკეთესო დროის ჩვენებით, 92-ე გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ეს ამ სეზონში ჩატარებული 12 რბოლიდან, „მერსედესის“ მიერ მოპოვებული მე-12, ჰამილტონისთვის კი კარიერაში 97-ე პოულია.
ფორმულა 1 პორტუგალიას 24-წლიანი პაუზის შემდეგ ეწვია. ოღონდ, რბოლას ეშტორილის ნაცვლად, კურორტ ალგარვესთან მდებარე უახლესი ტრეკი მასპინძლობს. საკვალიფიკაციო რბოლა კი ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო, რადგან მე-14 მოსახვევში, სადრენაჟო არხის ხუფი ამოვარდა და მის გასწორებას დრო დასჭირდა.
სამივე პრაქტიკაზე და კვალიფიკაციის პირველ ორ ნაწილში, ასევე მესამე ნაწილის პირველ ორ წრეზეც, საუკეთესო დრო ვალტერი ბოტასს ჰქონდა, მაგრამ ჰამილტონმა სიჩქარეს მაშინ უმატა, როცა ყველაზე მეტად იყო საჭირო. და საწადელსაც მიაღწია.
„სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რამდენად გამიჭირდა დღეს. რა თქმა უნდა, შესანიშნავი მანქანა გვაქვს, მაგრამ ყველაფერი უნდა გამოგივიდეს, რომ ის ერთი საუკეთესო წრე გაიარო. ვალტერი მთელი კვირის განმავლობაში ძალიან სწრაფია. ხომ ნახეთ, ყველა სესიაზე საუკეთესო იყო. ჰოდა მეც ძალიან, ძალიან მოვინდომე, რომ ის წამის მეასედები მომეგო“, - ყვება ჰამილტონი, ვინც კვალიფიკაციის მესამე ნაწილში, ბოტასზე ერთით მეტი წრე გაიარა და სწორედ მესამე წრეზე შეძლო პოულის მოგება. თანაგუნდელს მან 0.102 წამით აჯობა.
რბოლის მესამე ნაწილში, „მერსედესის“ პილოტებიდან ტრასაზე პირველი ჰამილტონი გამოდიოდა და საუკეთესო დროს აფიქსირებდა, მაგრამ ბოტასმა ორივეჯერ შეძლო მისი ჯობნა. თუმცა ბრიტანელმა კიდევ ერთი წრის გავლა შეძლო, რამაც წარმატება მოუტანა.
მესამე ამჯერადაც მაქს ფერსტაპენი იყო, რომლის გვერდზეც სტარტზე შარლ ლეკლერი დადგება. მონაკოელისგან განსხვავებით, კვლავ ვერ ივარგა მისმა თანაგუნდელმა სებასტიან ფეტელმა, ვინც მე-15 შედეგს დასჯერდა. ან ვინ იცის, იქნებ „ფერარის“ აღარ სჭირდება მისი კარგი შედეგები - ნარბოლევს გერმანელმა განაცხადა, იმ წრეებზეც კი, რომლებითაც კმაყოფილი დავრჩი, ცუდი დროები მქონდაო...
პორტუგალიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1'16.652
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 0.102
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 0.252
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 0.438
- სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 0.571
- ალექს ალბონი (ტაილანდი, რედ ბული) 0.785
- კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 0.868
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 0.873
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1.151
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) დროის გარეშე
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, რენო) 0.962
- ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 0.974
- დანიილ კვიატი (რუსეთი, ალფატაური) 1.076
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1.136
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1.267
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1.549
- ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1.671
- რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1.712
- კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1.856
- ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 2.125