ფეხბურთი

18:47 | 24.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ტონი და მისი ოჯახი დააყაჩაღეს

ვეტერან იტალიელ ფეხბურთელ ლუკა ტონის და მის ოჯახს თავს დაესხნენ. იტალიური მედიის ცნობით, ხუთშაბათ, ვახშმის დროს ტონის სახლში შეიარაღებული სამი პირი შეიჭრა. ინციდენტი მოდენას რაიონში, მონტალეს ვილაში მოხდა.

ტონი სახლში ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა და თავდამსხმელებმა მას ძვირფასი ნივთების გადაცემა მოსთხოვეს. რა თქმა უნდა, ლუკამ პოლიციაში საჩივარი შეიტანა და საქმეზე გამოძიება დაიწყო.

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

„ვადასტურებ, რომ ხუთშაბათ საღამოს, 19:30 საათიდან 21:30 საათის პერიოდში სახლში შეიარაღებული პირები შემოვიდნენ. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩემი ოჯახი კარგადაა. მათ ზიანი არ მოუყენებიათ, გარდა შიშისგან მიღებული ტრავმებისა. ვწუხვარ, რომ მძარცველებმა ძვირფასი ნივთები წაიღეს. ყაჩაღობის შემდეგ საქმეში პოლიცია ჩაერია, ალბათ მეზობლებმა გამოიძახეს ჩემს ქუჩაზე საეჭვოდ მოძრავი მანქანის გამო. ახლა კი ჩემი და ჩემი ოჯახის პატივისცემას და კონფიდენციალურობას ვითხოვ. მადლობა ყველას“, - წერს ტონი.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ტონის „ბრეშაში“, „პალერმოში“, „ფიორენტინაში“, „ბაიერნში“, „რომაში“ და „იუვენტუსში“ უთამაშია, ხოლო კარიერა „ვერონაში“ დაასრულა. 2006 წელს ის იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

თეგებილუკა ტონი
0.127643