ავტოსპორტი

2:51 | 24.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

მაგნუსენი კარიერის ინდიქარში გაგრძელებას აპირებს

მას შემდეგ, რაც „ჰაასმა“ გამოაცხადა, რომ მომავალი სეზონისთვის ორივე პილოტს შეცვლის, კევინ მაგნუსენის ფ1-ის კარიერის გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. და როგორც ჩანს, დანიელს უკვე გადაწყვეტილი აქვს, თუ სად გააგრძელებს გამოსვლას - მისი არჩევანი ინდიქარია

მაგნუსენი ამბობს, რომ თუ ფორმულა 1-ში ადგილს ვერ ნახავს (რისი დიდი შანსიცაა), მაშინ კარიერის ოკეანის გაღმა გაგრძელებას ეცდება: „ინდიქარით ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი. 1990-იანებში მამაჩემი (ასევე ფ1-ის ყოფილი პილოტი, იან მაგნუსენი) იქ ასპარეზობდა და მეც თან დავყავდი. ყოველთვის ძალიან მომწონდა იქაურობა და მოხარული ვიქნები, თუ ოდესმე მეც იქ წავალ“, - ამბობს მაგნუსენი და დასძენს, რომ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ამერიკაში წასვლა და იქ კონტრაქტის გაფორმება რთული იქნება.

დანიელი პილოტის კარიერაში უდიდესი მიღწევა, 2014 წლის ავსტრალიის დიდ პრიზზე, „მაკლარენთან“ ერთად დაკავებული მეორე ადგილია. ის ამბობს, რომ ფორმულა 1-ში დარჩენა მისი პრიორიტეტია და რომ სპორტისთვის კვლავაც ბევრის მიცემა შეუძლია.

„ჯერ მხოლოდ 28 წლის ვარ. ვნახოთ... ამჟამად გუნდებში ბევრი ადგილი არაა დარჩენილი. გამარჯვება მომენტრა, რბოლების მოგება მომენატრა. ბოლო დროს ამაზე ხშირად ვფიქრობ“, - დასძენს დანიელი, ვის ანგარიშზეც მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი ქულაა.

0.112113