ფეხბურთი

22:57 | 21.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხოჭოლავას შესანიშნავი თამაში და "შახტარის" გამარჯვება მადრიდის "რეალთან"

ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონში პირველი სენსაცია დაფიქსირდა. მადრიდის „რეალმა“ ვალდებებასის ბაზაზე, ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონზე დონეცკის „შახტარს“ უმასპინძლა და მარცხი განიცადა.

უკრაინულმა გუნდმა პირველი ტაიმი ფანტასტიკურად ჩაატარა და „სამეფო კლუბს“ სამი უპასუხო გოლიც გაუტანა. ანგარიში ტეტემ გახსნა, რასაც 4 წუთში რაფაელ ვარანის ავტოგოლიც მოჰყვა. „შახტარი“ ამაზე არ გაჩერებულა და „რეალის“ დაცვაში არსებული პრობლემებით მშვენივრად სარგებლობდა. შედეგად, ტაიმის მიწურულს სოლომონმა ანგარიშის სხვაობა სამბურთიანი გახადა.

მეორე ტაიმში „რეალი“ გამოფხიზლდა და და საწყის 15 წუთში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. ჯერ იყო ლუკა მოდრიჩის შორეული გასროლა და ულამაზესი გოლი, მერე ვინისიუსის ჟუნიორმა ბურთი მარლოსს მოპარა და შეტევა გოლით დაასრულა. ნიშანდობლივია, რომ ვინისიუსი მოედანზე სულ რაღაც 15 წამის შუსული იყო, როდესაც გოლი გაიტანა.

თამაშის დასრულებამდე 30 წუთი რჩებოდა, მაგრამ „შახტარმა“ თავი კარგად დაიცვა და ზინედინ ზიდანის გუნდს გათანაბრების შანსი აღარ მისცა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მადრიდელებმა მესამეც გაიტანეს, მაგრამ ვინისიუსი თამაშგარეში იყო და გოლი გაუქმდა. შედეგად, დონეცკელებმა 3:2 იმარჯვეს. უნდა ვთქვათ, რომ „შახტარის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა დავით ხოჭოლავამ, რომელმაც შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და თავისი კლუბის მართლაც, რომ ისტორიულ გამარჯვებაში სოლიდური წვლილი შეიტანა.

„რეალი“ – „შახტარი“ 2:3 (0:3)

მადრიდი, „ალფრედო დი სტეფანო“

„რეალი“ (4-3-3): კურტუა; მენდი, მილიტაო, ვარანი, მარსელო; ვალვერდე, კაზემირო, მოდრიჩი (კროოსი 70); როდრიგო (ბენზემა 46), იოვიჩი (ვინისიუსი 59), ასენსიო

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

„შახტარი“ (4-2-3-1): ტრუბინი; დოდო, ბონდარი, ხოჭოლავა, კორნილენკო; მარლოსი, მაიკონი; ტეტე, ანტონიო (ვიუნიკი 90), სოლომონი (ვიტაო 90); დენტინიო (სუდაკოვი 86)

მწვრთნელი: ლუიშ კაშტრო

გოლები: 0:1 ტეტე (29), 0:2 ვარანი (33, ა.გ), 0:3 სოლომონი (42), 1:3 მოდრიჩი (54), 2:3 ვინისიუსი (59)

გაფრთხილება: ასენსიო (34), მილიატაო (87) - კორნილენკო (8), ბონდარი (83)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (5) – 7 (6) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 7:1 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: სრდიან იოვანოვიჩი (სერბეთი)

0.132968