რაგბი

11:03 | 19.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10: "არესი" 20:20 "ჯიქი"

დიდი 10-ის 2020/2021 წლების გარდამავალ სეზონში პირველი ფრე დაფიქსირდა. დებიუტანტმა ‘არესმა’ გორის ‘ჯიქს’ ქუთაისში უმასპინძლა და 65-ე წუთისთვის 17 ქულის სხვაობით ამარცხებდა, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ფრეს დასჯერდა – 20:20.

„აია არენაზე“ თამაში მასპინძლების უპირატესობით დაიწყო. ბონდო აბაშიძეს პირველი დარტყმა გაუცუდდა, თუმცა შემდეგ ორ ჯერზე ბურთი ძელებსშუა გააძვრინა და ‘არესი’ 6:0 დაწინაურდა. აღსანიშნავია, რომ ჯარიმების გატანის მომენტში (31-ე და 34-ე წუთები), გორელები მოედანზე კაცნაკლულები იყვნენ.

მეორე ტაიმი ‘არესმა’ კიდევ უფრო აგრესიულად დაიწყო, კარგი მოლი დააყენა და ზურაბ ერისთავმა ლელო გაიტანა, ხოლო აბაშიძემ გარდასახა. ორიოდე წუთში საბა ნიკოლავამ ჯარიმით სტუმართა პირველი ქულები მოიპოვა, მაგრამ კიდევ ორ წუთში, მასპინძელთა მორიგ მოლს გიორგი ტორაძის ლელო მოყვა და აბაშიძე არც ამჯერად შეცდა – 20:3.

მაგრამ ‘არესს’ გამოცდილება არ ეყო. შეცვლების შემდეგ ინიციატივა ‘ჯიქის’ მხარეს გადავიდა, რაც განსაკუთრებით შერკინებასა და ძალისმიერ თამაშში იგრძნობოდა. შედეგად, ‘არესმა’ სინბინით 62-ე წუთზე რევაზ არჩვაძე დაკარგა, მერე 5-მეტრიანი შერკინებიდან გიორგი ჭურაძემ შეუტია, რომელიც მოგვიანებით მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და მისი ლელო ნიკოლავამ გარდასახა. 76-ე წუთზე ნიკოლავამ ჯარიმით სხვაობა გარდასახულ ლელომდე დაიყვანა, უკვე გაწითლებულ დროზე კი, ‘ჯიქმა’ დერეფნიდან მოლი დააყენა და ირაკლი პურიჭამიაშვილმა მარჯვენა ალამთან ლელო გაიტანა. ჯერ ნიკოლავაზე მიდგა, რომელმაც რთული პოზიციიდან გარდასახვა ზუსტად შეასრულა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 20:20.

‘ჯიქმა’ მიმდინარე სეზონში პირველი სატურნირო ქულები მოიპოვა, დებიუტანტი ‘არესი’ კი, ჯერჯერობით დაუმარცხებელია და „ბ“ ჯგუფში 6 ქულით, მეორე ქუთაისური კლუბის, ‘აიას’ შემდეგ მეორე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111224