სხვა

2:55 | 19.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯიროს ლიდერის უპირატესობა შემცირდა

ჯირო დ’იტალიას მე-15, სამთო ეტაპი ბრიტანელმა ტაო გეოგეგენ ჰარტმა მოიგო, რომელმაც თავის გუნდ „ინეოს გრენადერსს“ მიმდინარე ველომარათონზე მეხუთე გამარჯვება მოუპოვა და ამით კლასიფიკაციაში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. მალია როსა შეინარჩუნა პორტუგალიელმა ჟოაო ალმეიდამ (დესონინკ ქვიკ-სტეპი), თუმცა მისი უპირატესობა შემცირდა.

185-კილომეტრიანი სამთო რბოლის ბოლო 14.5-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლის დახრის საშუალო მაჩვენებელიც 7.8 პროცენტს აღწევდა, გეოგეგენ ჰარტმა „ტიმ სანვების“ ორ მრბოლთან, ჰოლანდიელ ვილკო კილდერმანთან და ავსტრალიელ ჯეი ჰინდლისთან ერთად გაიარა. ბოლოს კი ფეხს აუჩქარა და კილდერმანს ფინიშთან ორი წამით მიასწრო. ჰინდლი, ვინც დაწინაურებულ ტრიოს თითქმის მთელი აღმართის განმავლობაში მიუძღოდა, მესამე ადგილს დასჯერდა.

ალმეიდამ მეოთხე ადგილი დაიკავა. მან გამარჯვებულთან 37 წამი წააგო, კილდერმანს კი, ვინც კლასიფიკაციაში მისი უახლოესი მდევარია 35 წამით ჩამორჩა. იმის გათვალისწინებით, რომ რბოლის ბოლო, მესამე კვირაში, სამი უმძიმესი სამთო ეტაპია გასავლელი, შეიძლება ვარაუდი, რომ ალმეიდას მალია როსას (ლიდერის ვარდისფერი მაისური) შენარჩუნება გაუჭირდება.

ძლიერ ჩამორჩა ჯიროს ორგზის ჩემპიონი, იტალიელი ვინჩენცო ნიბალი (ტრეკ სეგაფრედო). მან წინა ორ ეტაპზე ძლიერი თანაგუნდელები დაკარგა - ჯულიო ჩიკონემ რბოლა ბრონქიტის გამო შეწყვიტა, ჯანლუკა ბრამბილას კი რბოლის გაგრძელების საშუალება, მუხლის ტკივილმა არ მისცა.

დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, გეოგეგან ჰარტი „ინეოს გრენადერსის“ ლიდერი გახდა. ალმეიდას ის 2 წუთით და 57 წამით ჩამორჩება. ეს ცოტა არაა, მაგრამ მე-15 ეტაპზე 25 წლის ბრიტანელს აშკარად ეტყობოდა, რომ სხვებზე მეტი ენერგია შემორჩა. ალმეიდას კი დაღლა დაეტყო.

ორშაბათს ჯიროს მონაწილეები დაისვენებენ, შემდეგ კი რბოლის დასკვნით და ძალიან რთულ კვირას დაიწყებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.144225