ფეხბურთი

3:05 | 18.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფენომენი ზლატანი და "იუვენტუსის" გართულებული ცხოვრება

კორონავირუსის პანდემია და „მილანის“ დაბრუნება ერთად დაიწყო. ცხადია, ეს ჩვეულებრივი დამთხვევაა, მაგრამ ფაქტია, „როსონერიმ“ ბოლოს მარტში წააგო და მეორე დღეს სეზონი შეწყდა, მისი განახლების შემდეგ კი სტეფანო პიოლის გუნდი უბრალოდ შეუჩერებელია და მნიშვენლობა არ აქვს, ვინ არის მისი მეტოქე.

„მილანს“ „დერბი დელა მადონინა“ მიჯრით ოთხჯერ ჰქონდა წაგებული და „ინტერთან“ არც ახლა ჩასულა შეიძლება ითქვას ფავორიტის სტატუსით, მაგრამ 39 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩი ფენომენია! კორონავირუსის დამარცხების შემდეგ ზლატანი პირველად გავიდა მოედანზე ყოფილი გუნდის კარში დუბლი შესასრულებლად 16(!) წუთი დასჭირდა (ცნობისთის, ორჯერ ითამაშა ამ სეზონში იტალიის ჩემპიონატში და ორჯერვე დუბლი შეასრულა).

მე-12-ე წუთზე შვედმა პენალტი მოიპოვა, რომელიც ვერ გაიტანა, სამირ ჰანდანოვიჩმა აჯობა, მაგრამ დამატებაზე ზლატანი პირველი იყო. გავიდა 3 წუთი და რაფაელ ლეაოს პასის შემდეგ მან დუბლი გაიფორმა. რა თქმა უნდა, „ინტერი“, რომელსაც კორონავირუსის გამო ბევრი ფეხბურთელი აკლდა, არ დანებებულა და რომელუ ლუკაკუმ მალევე ერთი ბურთი გაქვითა. „ნერაძური“ მთლიანობაში უპირატესობას ფლობდა და გათანაბრების შანსი რამდენჯერმე გაანიავა. „მილანმა“ მოიგო და სატურნირო ცხრილს 12 ქულით სათავეში უდგას. „როსონერის“ სეზონის სტარტზე ოთხივე მატჩი ბოლოს 1995-1996 წლების სეზონში ჰქონდა მოგებული და მაშინ ჩემპიონი გახდა. 25 წლის შემდეგ შავ-წითლებმა ისევ მოიგეს მიჯრით 4 თამაში სტარტზე. ამასთან, 1973 წლის შემდეგ საუკეთესო სერია აქვს, რადგან ზედიზედ 24 შეხვედრაში გაიტანა. მოკლედ, „მილანი“ გარდაიქმნა და ძველ „მილანს“ გაგახსენებთ. ეს რა თქმა უნდა, შესანიშნავი ამბავია.

„მილანი“ თუ ბრწყინავს და დაუნდობელია, „იუვენტუსი“ ჯერ კიდევ საკუთარი თავის ძიებაშია. თავისთავად, რაც იწყება, ადრე თუ გვიან სრულდება და ალბათ ტურინელთა ჰეგემონიის დასასრულის დასაწყისში ვართ. ნათელია, რომ „ბიანკონერი“ სხვა რელსებზე გადადის, ოღონდ როგორი იქნება ახალი გზა, ამას მხოლოდ მომავალში გავიგებთ. ტურინელებს 8 ქულა აქვთ, მაგრამ „ნაპოლისთან“ ტექნიკური მოგება რომ არა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანდრეა პირლოს მონაგარი 1 მოგება და 2 ფრეა, რაც დიდი ვერაფერი შედეგია. თანაც, „იუვე“ ამჯერად „კროტონეს“ დაუზავდა, გუნდს, რომელსაც მანამდე სამივე თამაში უშანსოდ ჰქონდა წაგებული. უფრო მეტიც, „იუვენტუსი“ აგებდა, დასაწყისში გაშვებული პენალტით, მაგრამ 21-ე წუთზე ალვარო მორატამ გაათანაბრა, რომელმაც პირველი გოლი გაიტანა ტურინში დაბრუნების შემდეგ. მას საგოლე პასი ფედერიკო კიეზამ გაუკეთა, რომელსაც საერთოდ დებიუტი ჰქონდა. თუმცა, კიეზა მე-60 წუთზე გააძევეს და დებიუტი ჩაუშხამდა. ის „იუვენტუსის“ პირველი ფეხბურთელია 1994 წლის შემდეგ, რომელიც სადებიუტო თამაშში გააძევეს. აქვე ვთქვათ, რომ ჯანლუიჯი ბუფონმა სერია A-ში 650-ე თამაში ჩაატარა და ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც ეს მოახერხა. ცნობისთვის, „იუვეს“ მაისურით მოედანზე 7 ისეთი ფეხბურთელი იყო, რომელიც დაბადებულიც არ გახლდათ, როცა ჯიჯის სერია A-ში დებიუტი ჰქონდა (1995 წელს). „იუვენტუსი“ კი გარდაქმნის პროცესშია და ეს ანდრეა პირლომაც აღიარა, თან დასძინა, ახალგაზრდა გუნდი გვყავს და შეცდომების დაშვება ნორმალურია, დრო გვჭირდებაო. ვნახოთ, ალბათ პირლოს დროს ნადვილად მისცემენ...

ბერგამოს „ატალანტა“, რომელიც დიდი ხანია დაფრინავს, მიწაზე დაეშვა. ყოველშემთხვევაში, ასე იყო ნეაპოლში, სადაც „ნაპოლისთან“ 1:4 განადგურდა და პირველი ტაიმის შემდეგ 0:4 მარცხდებოდა. აქ მხოლოდ ანგარიში არ არის, ჯენარო გატუზოს გუნდი კატასტროფულად დიდ უპირატესობას ფლობდა. „ნაპოლის“ 8 ქულა აქვს, თუმცა, რომ არა დაკლებული ქულა და ტექნიკური წაგება, ნათელია, რომ გატუზოს გუნდი გაცილებით უკეთეს პოზიციაში იქნებოდა. თუმცა, რას იზამ, პროტოკოლი მან აშკარად დაარღვია, რადგან 2 ინფიცირებული ფეხბურთელის გამო თამაშზე არ გამოცხადდა. შედარებისთვის, იმავე „იუვენტუსსაც“ ჰყავს ორი კოვიდინფიცირებული (რონალდუ და მაკკენი), მაგრამ ითამაშა, „ინტერს“ კიდევ უფრო მეტი (6) ჰყავს და ითამაშა, ასევე 6 დაინფიცირებული ფეხბურთელის მიუხედავად კვირას „პარმაც“ ითამაშებს...

და ბოლოს, სიმონე ინძაგის „ლაციო“. თუ „მილანი“ კორონავირუსის პანდემიის დრო ფერზე მოვიდა, „ლაციო“ პირიქით, საოცარი რეგრესი განიცადა. რომაელებმა მორიგი ფიასკო გენუაში განიცადეს და „სამპდორიასთან“ უშანსოდ წააგეს (0:3).

„ინტერი“ – „მილანი“ 1:2 (1:2)

მილანი, „სან სირო“

„ინტერი“ (3-4-1-2): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, დე ვრეი, კოლაროვი; ჰაკიმი, ვიდალი (სანჩესი 84), ბროზოვიჩი (ერიკსენი 67), პერიშიჩი; ბარელა; ლუკაკუ, ლაუტარო

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

„მილანი“ (4-2-3-1): დონარუმა; კალაბრია, კიაერი, რომანიოლი, ტეო ერნანდესი; ბენასერი, კესიე (ტონალი 87); სელმაკერსი (კასტილიეხო 62), ჩალჰანოღლუ, ლეაო (კრუნიჩი 62); იბრაჰიმოვიჩი

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (13), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (16), 1:2 ლუკაკუ (29)

გაფრთხილება: ბროზოვიჩი (64), ვიდალი (69), ჰაკიმი (83) - კიაერი (22), კესიე (45), იბრაჰიმოვიჩი (60)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (6) – 9 (4) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: მაურიციო მარიანი

„კროტონე“ – „იუვენტუსი“ 1:1 (1:1)

კროტონე, „ეციო შიდა“

„კროტონე“ (3-5-2): კორდასი; მაგალანი, მარონე, ლუპერტო (გოლემიცი 83); პერეირა (რისპოლი 74), მოლინა (პეტრიჩონე 87), ჩიგარინი, ვულიჩი (სილიგარდი 74), რეცა; მესიასი, სიმი

მწვრთნელი: ჯოვანი სტროპა

„იუვენტუსი“ (3-4-2-1): ბუფონი; დანილო, ბონუჩი, დემირალი; კიეზა, ბენტანკური, არტური (რაბიო 70), ფრაბოტა; კულუსევსკი (ბერნარდესკი 69), პორტანოვა (კუადრადო 56); მორატა

მწვრთნელი: ანდრეა პირლო

გოლები: 1:0 სიმი (12, პენ), 1:1 მორატა (21)

გაფრთხილება: ჩიგარინი (14), რეცა (67), მაგალანი (84) - ბონუჩი (11), პორტანოვა (37), კულუსევსკი (45)

გაძევება: კიეზა (60)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (3) – 8 (3) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 3:4 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: ფრანჩესკო ფურნო

„ნაპოლი“ – „ატალანტა“ 4:1 (4:0)

გოლები: 1:0 ლოსანო (23), 2:0 ლოსანო (27), 3:0 პოლიტანო (30), 4:0 ოსიმენი (43), 4:1 ლამერსი (69)

„სამპდორია“ – „ლაციო“ 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 კუალიარელა (32), 2:0 აუჯელო (41), 3:0 დამსგაარდი (74)

თეგებისერია A
0.303884