ავტოსპორტი

3:02 | 16.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

„რედ ბულს“ ძრავების რეგლამენტის გაყინვა სურს

„რედ ბულ რეისინგს“ სურს, რომ ფორმულა 1-ის ძრავების რეგლამენტი გაიყინოს, რა შემთხვევაშიც, გუნდი „ჰონდას“ ახლანდელი ძალური დანადგარის გამოყენებას მას შემდეგაც გააგრძელებს, რაც იაპონური კომპანია ფ1-ს დატოვებს.

„ჰონდამ“ ახლახანს გამოაცხადა, რომ 2021 წლის სეზონის შემდეგ, ფორმულა 1-ს დატოვებს. „რედ ბული“ არ მალავს, რომ სხვა ძრავებზე გადასვლას, „ჰონდას“ აგრეგატის გამოყენება ურჩევნია, რომლებსაც თავადვე გაუწევს მომსახურებას და მათ არ განავითარებს. ოღონდ, ამისათვის საჭიროა, რომ ძრავების რეგლამენტი გაიყინოს, რათა სხვა გუნდებმაც ახლანდელი ძრავებით ასპარეზობა გააგრძელონ.

„ჩვენ ახლა ჰონდას ძრავის შეცვლაზე ვმუშაობთ. ჩვენ გვსურს, რომ გადაწყვეტილება ნოემბრის ბოლომდე მივიღოთ“, - ამბობს „რედ ბულის“ მოტორსპორტის მრჩეველი ჰელმუტ მარკო. ის დასძენს, რომ „რედ ბულისთვის“ საუკეთესო ვარიანტი, საკუთარი ძრავის გამოყენებაა. ეს კი 2021 წლის სეზონის შემდეგ, რეგლამენტის სრული გაყინვის გარეშე შეუძლებელი იქნება.

თუ „რედ ბული“ და „ალფატაური“ გააგრძელებენ „ჰონდას“ მიერ შემუშავებული ძრავების გამოყენებას, ისინი ერთობლივადვე მოემსახურებიან ამ აგრეგატებს და შესაბამისად, ეს უფრო იაფი დაუჯდებათ. მაგრამ მარკო ხაზგასმით ამბობს, რომ მის გუნდს, მხოლოდ ძრავების მომსახურება-ექსპლუატაციის შესაძლებლობა აქვს და არა აგრეგატის განვითარებისა.

„ეს აგრეგატები მეტისმეტად რთულია იმისათვის, რომ მის განვიტარებაზე მუშაობა შევძლოთ. ჩვენ აჟამად ვეძებთ გზებს, თუ როგორ შევძლებთ მათ მომსახურებას. მაგრამ აგრეგატის შემდგომი სრულყოფა ჩვენთვის შეუძლებელია, თუ არ გვექნება ისეთი ტექნოლოგიური ცენტრი, როგორიცაა „საკურა“. ჩვენ ასეთის აგება არც გვსურს და რომც გვსურდეს, მის დაფინანსებას ვერ შევძლებთ“, - ამბობს მარკო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120545