ფეხბურთი

1:59 | 15.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "ჩვენი მთავარი შეცდომა საგოლე მომენტების გამოუყენებლობაა"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან (1:1) მატჩის შემდეგ ისაუბრა. სლოვაკი სპეციალისტი შედეგით კმაყოფილი არ დარჩა და განაცხადა, რომ ორი ქულის დაკარგვა მხოლოდ მათი ბრალია.

ვაისის განცხადებით, ამ თამაშიგან ბევრი რამ ისწავლეს და იმედოვნა, რომ მომდევნო შეხვედრისთვის გამოიყენებენ, რომელსაც განსხვავებულ თამაშად აფასებს. მისი აზრით, ნოემბერში სრულიად სხვა თამაში იქნება, როგორც შემადგენლობით, ისე ემოციურად.

„გამარჯვებას ვიმსახურებდით, კარგი საგოლე შანსები ვერ გამოვიყენეთ და პენალტზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ვფიქრობ წესის დარღვევა არ ყოფილა. ყოველშემთხვევაში არ შემიძლია ბედნიერი ვიყო, რადგან მაკედონიამ 10 კაცით ითამაშა და გოლი გაიტანა. ვერ გეტყვით რა მოხდება ერთ თვეში. დღეს ჩვეულებრივი თამაში ჩავატარეთ და ერთ თვეში ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალია. მაკედონიასთან თანაბარი ქულები გვაქვს და დღეს ჯგუფში გალიდერების შანსი ხელიდან გავუშვით. მომდევნო მატჩისთვის კარგად მოვემზადებით, სადაც მასპინძლები ვიქნებით და შანსი თანაბარია. ვნახოთ რა ვითარება იქნება კორონავირუსის გამო და დაესწრებიან თუ არა ქომაგები შეხვედრას. მაკედონიამ ელმასის, ბარდის და კიდევ რამდენიმე შესანიშნავი ფეხბურთელის გარეშე ითამაშა, მაგრამ ექვსი-შვიდი ფეხბურთელი ჩვენც გვაკლდა. ეს არ არის რეალისტური სურათი იმისა, თუ რა მოხდება ნოემბერში.

დღევანდელი შედეგით კი კმაყოფილი არ ვარ. მატჩის დასაწყისში იძულებითი შეცვლის გაკეთება მოგვიწია. ვფიქრობ, რომ ჩვენი მთავარი შეცდომა ის არის, რომ საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ, 3-4 ძალიან კარგი შანსი გვქონდა. ჩვენი ბრალია, რომ ორი ქულა დავკარგეთ. ერთ თვეში ისევ ვითამაშებთ და ის განსხვავებული მატჩი იქნება.

პირველ ტაიმში ალიოსკიმ შესანიშნავად ითამაშა და ჩვენ პრობლემები გქვონდა, მაგრამ მეორე ტაიმში უკეთესაც ვითამაშეთ. ამ მატჩისგან ბევრი რამ ვისწავლეთ და იმედი მაქვს, რომ რაც დღეს ვისწავლეთ, ერთ თვეში გამოვიყენებთ. ბოლოს უნდა ვთქვა, რომ პანდევი წარმოუდგენელი ფეხბურთელია, რომელიც მაკედონიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა იმის გამო, თუ როგორ ითამაშა მთელი მატჩი, როგორ აკონტროლებდა ბურთს, მოძრაობდა, განსაკუთრებით ამ ასაკში“, - განაცხადა ვაისმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 12 ნოემბერს, ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს თბილისში უმასპინძლებს და გამარჯვებული გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თავის ისტორიაში პირველად გავა. რაც შეეხება ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფს - საქართველო და ჩრდილოეთ მაკედონია 6-6 ქულით ლიდერობენ. მომდევნო ტურში ვლადიმირ ვაისი გუნდი საკუთარ მოედანზე სომხეთს დაუხვდება (15 ნოემბერს).

0.118885