ავტოსპორტი

2:05 | 14.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ალონსომ ბარსელონაში „რენოსთან“ ერთად ტესტები ჩაატარა

ფორმულა 1-ის ორგზის ჩემპიონმა და ლე მანის 24-საათიანი რბოლის ორგზის გამარჯვებულმა, ესპანელმა ფერნანდო ალონსომ ბარსელონას ტრეკზე, „რენოს“ უახლესი სარბოლო ავტომობილი გამოსცადა, როგორითაც გასულ უქმეებზე, დანიელ რიკარდომ, აიფელის დიდი პრიზის რბოლა მესამე ადგილზე დაასრულა.

39 წლის ალოსნო მომავალი სეზონიდან ფორმულა 1-ს „რენოსთან“ ერთად დაუბრუნდება, გუნდთან, რომლის მანქანებითაც ორჯერ გახდა ჩემპიონი. თუმცა ამჯერად საჯინიბოს სხვა სახელი - „ალპინი“ ერქმევა. ფ1-ში მას 2018 წლის შემდეგ არ უასპარეზია. „რენოში“ ის სწორედ რიკარდოს შეცვლის, რომელიც „მაკლარენში“ გადადის.

„ბარსელონას“ ტესტები ეგრეთ წოდებული გადაღების დღის ეგიდით ჩატარდა, რა დროსაც, 100 კილომეტრის გავლაა ნებადართული. ამ ლიმიტის ფარგლებში, ალონსომ 21 წრე გაიარა და საბოლოოდ, კმაყოფილი დარჩა. ამასთან განცხადა, რომ ეს ტესტები, მისთვის ახალი დასაწყისია.

„ეს რაღაც ახალი დასაწყისის მსგავსია. გაოცებული ვარ მანქანის სიჩქარით, მუხრუჭების წარმადობით, მოსახვევის გავლის სიჩქარით და საერთოდ, ბევრი რამით. ვიცოდ, რომ ამ ტესტების დროს, ბევრი რამ თავიდან უნდა მესწავლა და აღმომეჩინა“, - განაცხადა ალონსომ, ვინც 20 წლის წინათ, ფ1-ში პირველი ტესტები სწორედ ბარსელონაში, „ბენეტონის“ მანქანით გაიარა. ეს კი ის გუნდა, რომელიც მოგვიანებით „რენომ“ შეისყიდა და თავის ფ1-ის გუნდად გადააკეთა.

„ფერნანდო დიდი ზვიგენივითაა. და როცა ის სისხლს იგრძნობს, მაშინვე შეტევაზე გადასვლას იწყებს. სწორედ ამას ვხედავ ახლა - აშკარაა, რომ ზვიგენი ძალიან მშიერია“, - ასე შეაფასა ალონსოს დაბრუნება და მოტივაცია „რენოს“ შეფმა სირილ აბიტბულმა.

შეგახსენებთ, რომ ალონსოს ფ1-ის ტიტულები 2005 და 2006 წლებში აქვს მოპოვებული. ფ1-ში არყოფნისას კი, ლე მანზე გამარჯვების გარდა, ინდიანაპოლისის 500 მილზე და დაკარის რალი მარათონზეც სცადა ბედი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112737