ფეხბურთი

2:28 | 12.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კვეკვესკირი: "დასანანია, ისეთი შეგრძნებაა, თითქოს წავაგეთ"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა სომხეთთან ნაკრებთან მატჩის შემდეგ (2:2) კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ისეთი შეგრძნება აქვთ, თითქოს წააგებს. განსაკუთრებით იმის ფონზე, რაც გაიგეს, რომ პარალელურად ჩრდილოეთ მაკედონიამ ესტონეთთან ქულები დაკარგა (3:3).

"შედეგი დასანანია, ორი ქულა დავკარგეთ. ასეთი თამაშის შემდეგ ისეთი შეგრძნებაა, თითქოს წავაგეთ. მითუმეტეს, როდესაც გავიგეთ, რომ ესტონეთი - ჩრდილოეთ მაკედონიის თამაში ფრედ დასრულდა.

გვქონდა შანსი, რომ ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერები გავმხდარიყავით და ორი ქულით წინ გავსულიყავით. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, მოსაგები შეხვედრა იყო, რადგან მე პირადად ვერ ვიხსენებ სომხეთის რეალურ მომენტს, საპირისპიროდ კი გვქონდა 4-5 კარგი საგოლე ეპიზოდი.

ერთა ლიგის ფორმატმა განაპირობა ის, რომ ჯგუფში წარმატება და ევროპის ჩემპიონატზე გასვლაც ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებზეა დამოკიდებული. დღეს, ჩრდილოეთ მაკედონია ჩვენი პირდაპირი კონკურენტია, მაგრამ სკოპიეში მივდივართ, იმისთვის, რომ ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ", - განაცხადა კვეკვესკირმა.

შეგახსენებთ, ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფს საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებები 5-5 ქულით ლიდერობენ, სომხეთს 4 ქულა აქვს, ხოლო ესტონეთს - 1. 14 ოქტომბერს, ვლადიმირ ვაისის გუნდი სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას ესტუმრება და გარდა იმისა, რომ უშუალოდ ამ ჯგუფში უპრინციპულესი მატჩია, ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალისთვის გენერალური რეპეტიციაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115263