ფეხბურთი

1:51 | 12.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "ქულები დავკარგეთ და ამ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სომხეთთან მატჩის შემდეგ (2:2) პრესკონფერენცია გამართა. სლოვაკი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა 2 ქულა დაკარგა და დაშვებულ შეცდომებზე უნდა ისწავლონ.

აღსანიშნავია, რომ ჩრდ. მაკედონიასთან მომდევნო მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ჯაბა კანკავა გამოტოვებს. მის გარდა, ნაკრებს გიორგი აბურჯანიაც გამოაკლდა, რომელიც "ოვიედოში" ბრუნდება - ასეთი იყო მხარეებს შორის წინასწარი შეთანხმება.

"წინა მატჩის შემდეგ შემადგენლობაში ცხრა ცვლილება გვქონდა. გოლი მატჩის დებიუტში გავუშვით, მაშინ, როდესაც ერთი ფეხბურთელი მოედნის მიღმა იყო. ამის შემდეგ შევქმენით კარგი მომენტები და პირველივე ტაიმში უნდა გაგვეტანა. გაშვებული გოლის შემდეგ დაწინაურება მოვახერხეთ, მაგრამ საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო წუთებში დღეს ჩვენ ორი ქულა დავკარგეთ. ჩვენ მოწინააღმდეგეზე უკეთესად ვითამაშეთ, მაგრამ ვერ გავიმარჯვეთ.

უნდა ვისწავლოთ ამ შეცდომებზე, კმაყოფილი ვარ თამაშით, რადგან დღევანდელ შეხვედრაში ბევრი მომენტი გვქონდა და მოგება შეგვეძლო. ამ თამაშის შემდეგ ჩვენ ჩრდილოეთ მაკედონიაში მივემგზავრებით, სადაც გიორგი აბურჯანია არ გვეყოლება, ის კლუბში ბრუნდება. ჯაბა კანკავა კი სკოპიეში ყვითელი ბარათების გამო ვერ დაგვეხმარება. ამიტომ ცვლილებები მომდევნო შეხვედრაშიც იქნება.

ჩრდილოეთ მაკედონიასთან სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი თამაში გველოდება, მომდევნო თვეში კი ამ გუნდს უკვე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში შევხვდებით", - თქვა ვაისმა.

შეგახსენებთ, ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფს საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებები 5-5 ქულით ლიდერობენ, სომხეთს 4 ქულა აქვს, ხოლო ესტონეთს - 1. 14 ოქტომბერს, ვლადიმირ ვაისის გუნდი სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას ესტუმრება და გარდა იმისა, რომ უშუალოდ ამ ჯგუფში უპრინციპულესი მატჩია, ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალისთვის გენერალური რეპეტიციაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126927