ავტოსპორტი

21:18 | 10.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბოტასმა ჰამილტონს აიფელის დიდი პრიზის კვალიფიკაცია მოუგო

„მერსედესის“ ვალტერი ბოტასის გამარჯვებით დასრულდა ფორმულა 1-ის აიფელის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა, რომელიც გერმანიის ნურბურგრინგზე გაიმართა. ფინელმა ჩემპიონატის ლიდერ ლუის ჰამილტონს აჯობა. მესამე შედეგი კი „რედ ბულის“ მაქს ფერსტაპენმა დააფიქსირა, ვისაც პირველი ცდის შემდეგ, საუკეთესო დრო ჰქონდა.

ბოტასისთვის ეს მიმდინარე სეზონში მესამე, კარიერაში კი მე-11 პოულია. თანაგუნდელს მან სულ რაღაც, 0.256 წამით აჯობა. პოულთან 0.293 წამმა დააშორა ფერსტაპენი. მეოთხე დრო აქვს „ფერარის“ შარლ ლეკლერს.

„განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა მიზანს ბოლო წრეზე, ბოლო შანსით აღწევ. კვალიფიკაციის მესამე ნაწილში შესრულებული მეორე ცდა ის იყო, რაც მინდოდა. ყველაფერი კარგად გამოვიდა“, - განაცხადა ბოტასმა, ვინც ჩემპიონატში ჰამილტონს 44 ქულით ჩამორჩება.

უამინდბის გამო, პარასკევის ორივე თავისუფალი პრაქტიკა გაუქმდა და პილოტებს მანქანების მოსამზადებლად მხოლოდ ერთი, შაბათის პრაქტიკა დარჩათ. ამჯერად ამინდმა რბოლას ხელი აღარ შეუშალა, თუმცა ციოდა და ამან გუნდებს მანქანების მომზადებისას, საქმე გაურთულა.

ფერსტაპენმა განაცხადა, რომ ცივ ამინდში, წინ საბურავების ეფექტურობა გაუარესდა, რამაც არასაკმარისი მოხვევადობა გამოიწვია. ეს კი მის შედეგზე აისახა. მაგრამ მანვე ისიც აღიარა, რომ „მერსედესთან“ ჩამორჩენა თანდათან მცირდება.

რბოლაში მონაწილეობა მიიღო „რეისინგ პოინტის“ სარეზერვო პილოტმა ნიკო ჰულკნბერგმა, ვინც ამჯერად შეუძლოდ მყოფი ლანს სტროლი შეცვალა. ის კიოლნში იმყოფებოდა, როცა გუნდმა გამოიძახა. მას სასწრაფოდ მოუწია ტრასაზე მისვლა და ფაქტობრივად მოუმზადებლად გავიდა ტრასაზე. სამწუხაროდ, მხოლოდ იმისთვის, რომ ბოლო შედეგი დაეფიქსირებინა.

აიფელის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1'25.269
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 0.256
  3. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 0.293
  4. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 0.766
  5. ალექს ალბონი (ტაილანდი, რედ ბული) 0.778
  6. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 0.954
  7. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, რენო) 0.973
  8. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1.189
  9. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1.435
  10. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 1.440
  11. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1.469
  12. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1.507
  13. დანიილ კვიატი (რუსეთი, ალფატაური) 1.579
  14. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1.667
  15. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1.856
  16. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 2.283
  17. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 2.295
  18. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 2.543
  19. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 2.548
  20. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რეისინგ პოინტი) 2.752
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111325