ფეხბურთი

19:23 | 10.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

მხითარიანი: "ვეცდებით ქართველებს სიურპრიზი მოვუწყოთ და მოვიგოთ"

სომხეთის ნაკრების კაპიტანმა ჰენრიხ მხითარიანმა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა. გამოცდილი ფეხბურთელის განცხადებით, მეტოქის თამაში შეისწავლეს და ეცდებიან სიურპრიზი გაუკეთონ და გამარჯვება მოიპოვონ.

„ხოაკინ კაპაროსი? მასთან მუშაობა სასიამოვნოა და გუნდში კარგი ატმოსფეროა. კაპაროსმა გუნდში დიდი სამუშაო შეასრულა და ჩვენთვის პატივია მისის ხელმძღვანელობით ვარჯიში და სწავლა.

ყველას გაცნობიერებული გვაქვს მომდევნო მატჩების მნიშვნელობა, ყველაფერს გავაკეთებთ, გამარჯვებისთვის და სატურნირო ცხრილში პოზიციების გასაუმჯობესებლად. საქართველოს ნაკრების თამაში გავაანალიზეთ. ქართველებმა ბოლო მატჩები საკმაოდ კარგად ჩაატარეს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ვეცდებით, საქართველოს სიურპრიზი მოვუწყოთ და წარმატებას მივაღწიოთ.

ვაჰან ბიჩახჩიანი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, მასთან ერთად პირველად ვივარჯიშე. სწავლის დიდი სურვილი აქვს, ვესაუბრე და ვურჩიე, რომ არ გაჩერდეს ერთ ადგილზე. არ ვიცი, ბოლო წლებში რატომ არ აქვთ სომხეთის ნაკრებში გამოძახებულ ახალგაზრდა ფეხბურთელებს კლუბებში სათამაშო პრაქტიკა, მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ მათ დახმარება. ეროვნული ნაკრები ერთი ოჯახია, სადაც ყველა მზად არის ერთმანეთის დასახმარებლად. ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა ნაკრებში მოწვეული, მაგრამ ეს მწვრთნელის საქმეა და მან უკეთ იცის, ვინ შეიძლება გუნდს უფრო მეტად გამოადგეს“, - თქვა მხითარიანმა.

შეგახსენებთ, სომხეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ჯგუფში საქართველო და ჩრდ. მაკედონია 4-4 ქულით ლიდერობენ, ხოლო სომხეთს 3 და ესტონეთს 0 ქულა აქვთ.

0.119176