ჩოგბურთი

0:50 | 10.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხუთი წლის შემდეგ პირველად - "როლან გაროსზე" ჯოკოვიჩის და ნადალის დაპირისპირება გაიმართება

მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა "როლან გაროსის" ნახევარფინალში სტეფანოს ციციპასი 6:3, 6:2, 5:7, 4:6, 6:1 დაამარცხა და ფინალში მეორე ნომერს, რაფაელ ნადალს დაუპირისპირდება. სერბი მეათედ გავიდა ნახევარფინალში და მეხუთედ შეძლო ფინალში გასვლა.

პირველი ორი სეტი ნოვაკმა იოლად მოიგო და მესამე სეტსაც ბრეიკით იგებდა, თუმცა მეათე გეიმში ბერძენმა უკუბრეიკი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ სტეფანოსმა ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო და წესით მეოთხე სეტში იოლად უნდა გაემარჯვა, თუმცა ჯოკოვიჩმა შეძლო თამაშის შემოტრიალება და ანგარიში 2:2 გახდა. სერბი მოულოდნელად მეათე გეიმზე დაბრეიკდა და 4:6 დამარცხდა. გადამწყვეტ სეტში კი ციციპასმა ვეღარ შეძლო ნორმალურ ტემპში თამაშის გაგრძელება და ჯოკოვიჩმა იოლად გაიმარჯვა.

განვლილ შეხვედრაში სტეფანოსმა ექვსი ორმაგი შეცდომა დაუშვა და ხუთი ეისი ჰქონდა, ხოლო ნოვაკმა ხუთი ორმაგი შეცდომა დაუშვა, თუმცა ეისებით შვიდი ქულა მოიპოვა. საკმაოდ თანაბარი მაჩვენებლები ჰქონდათ ჩოგბურთელებს "ვინერსა" და უნებლიე შეცდომებში. ნოვაკს ოთხით მეტი "ვინერსი" ჰქონდა (56-52), ხოლო უნებლიე შეცდომა ექვსჯერ ნაკლები დაუშვა (50:56). სულ გათამაშებული 321 ქულიდან ნოვაკმა 172 ქულა აიღო, საიდანაც საკუთარ მოწოდებაზე 153-დან 98 ქულა მოიპოვა, ხოლო მეტოქის მოწოდებაზე - 168-დან 74 ქულა.

2015 წლის შემდეგ ნოვაკ ჯოკოვიჩი დიდი სლემის ტურნირების ნახევარფინალში 14-ჯერ გავიდა და მეცამეტედ მოიგო. სერბს ერთი გამარჯვება აშორებს მეორე "როლან გაროსის" ტიტულთან, რომელიც ოთხი წლის წინ მოიპოვა - 2016 წელს ნოვაკმა ფინალში ენდი მარეი დაამარცხა.

"როლან გაროსის" ფინალში ნოვაკი რაფაელ ნადალს მესამედ შეხვდება და შეეცდება ამჯერად გამარჯვება მოიპოვოს. სულ საფრანგეთის ღია პირველობაზე სერბი და ესპანელი ერთმანეთს შვიდჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც ექვსი მატჩი რაფამ მოიგო. ბოლოს "როლან გაროსზე" ჯოკოვიჩმა ნადალი 2015 წელს მეოთხედფინალში დაამარცხა და მას შემდედ აღნიშნულ წყვილს შორის ფილიპ შატრიეს სახელობის კორტზე მატჩი არ გამართულა. თავის მხრივ, ნადალი მეცამეტე ტიტულისთვის იბრძვის და დღეს დიეგო შვარცმანი იოლად სამ სეტში დაამარცხა.

ჯოკოვიჩის და ნადალის დაპირისპირება 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

0.170112