ფეხბურთი

15:26 | 9.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინამ და ურუგვაიმ მუნდიალის შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დაიწყეს

სამხრეთ ამერიკის ზონაში 2022 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპმა სტარტი აიღი და პირველ ტურში სამი მატჩი გაიმართა.

ბუენოს აირესში არგენტინის ნაკრებმა ეკვადორს უმასპინძლა და მართალია ლიონელ სკალონის გუნდმა უფერულად ითამაშა, მაგრამ შესარჩევი ციკლი გამარჯვებით დაიწყო. „ბომბონერაზე“ ერთადერთი გოლი გავიდა და ლიონელ მესიმ გაიტანა, რომელმაც მე-13 წუთზე პენალტი შეასრულა ზუსტად. „ალბისელესტე“ მეორე ტურში 13 ოქტომბერს, ბოლივიას შეხვდება.

მონტევიდეოში პირველი ტურის ცენტრალური შეხვედრა შედგა, სადაც ურუგვაის ნაკრებმა ჩილეს უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში იმარჯვა. პირველი ტაიმის ბოლოს ლუის სუარესმა პენალტით გახსნა, რასაც 54-ე წუთზე ალექსის სანჩესმა უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. თითქოს, მატჩიც ასე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მსაჯის მესამე კომპენსირებულ წუთზე მაქსი გომესმა „სელესტეს“ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა და ურუგვაიმ მუნდიალისკენ მსვლელობა კარგად დაიწყო.

კიდევ ერთი მატჩი ასუნსიონში გაიმართა და პარაგვაიმ პერუს ვერ მოუგო. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მეორე ნახევარში გუნდებმა ორ-ორჯერ გაიტანეს. ჯერ პერუ იგებდა, მერე პარაგვაი და საბოლოოდ ქულების განაწილებას დასჯერდნენ.

პირველ ტურში კიდევ ორი თამაშია დაგეგმილი: ბრაზილია ბოლივიას უმასპინძლებს, ხოლო კოლუმბია ვენესუელას დაუხვდება.

არგენტინა - ეკვადორი 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 მესი (13, პენ)

ურუგვაი - ჩილე 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 სუარესი (39, პენ), 1;1 სანჩესი (54), 2:1 გომესი (90)

პარაგვაი - პერუ 2:2 (0:0)

გოლები: 0:1 კარილო (52), 1:1 რომერო (66), 2:1 რომერო (81), 2:2 კარილო (85)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.174689