ფეხბურთი

2:57 | 5.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

სკანდალი იტალიურად: "ნაპოლის" "იუვენტუსი" ამაოდ ელოდა - რას გადაწყვეტს ლეგა?

იტალიის სერია A-ს მესამე ტურის ცენტრალური მატჩი „იუვენტუსსა“ და „ნაპოლის“ შორის არ გაიმართა. ჯერჯერობით ოფიციალური სტატუსი ამ შეხვედრას არ აქვს, ცნობილია მხოლოდ ის, რომ არ ჩატარდა.

ყველაფერი კი მატჩისწინა დღეს დაიწყო. „ნაპოლიში“ კორონავირუსი პიოტრ ჟიელინსკისა და ელიფ ელმასს გამოუვლინდათ და ამის გამო რეგიონ კამპანიის ჯანდაცვის უწყებამ გუნდს ტურინში გამგზავრება აუკრძალა. ამას ამტკიცებს „ნაპოლი“, რომელიც კარანტინშია. მეორეს მხრივ, უცნაურია, რადგან კამპანიის რეგიონის წარმომადგენელ „სალერნიტანაში“ ასევე არის კოვიდ-19 გამოვლენილი, მაგრამ სალერნოელები ვერონაში, „კიევოსთან“ სათამაშოდ გაუშვეს... ასეა თუ ისე, „ნაპოლი“ ტურინში არ ჩავიდა და „იუვენტუსმა“ თამაშის გადადებაზე უარი თქვა. ლეგა სერია A-მაც მატჩის თარიღი ძალაში დატოვა.

ტურინელებმა იცოდნენ, რომ მეტოქე არ ეყოლებოდა, ამის მიუხედავად ყველაფერი ისე გააკეთეს, თითქოს თამაში ტარდებოდა. ანდრეა პირლომ ჯერ განაცხადიც დაასახელა, მერე ძირითადი შემადგენლობაც და გუნდი სტადიონზეც მივიდა.... საქმე ისაა, რომ „ნაპოლიმ“ სერია A-სა და უეფას რეგლამენტი დაარღვია.

კერძოდ, თუ გუნდში კორონავირუსით დაინფიცირებული არ არის 10-ზე მეტი ფეხბურთელი და შეუძლია მოედანზე გაიყვანოს მინიმუმ 13 მოთამაშე, მათ შორის ერთი აუცილებლად მეკარე უნდა იყოს, ვალდებულია ითამაშოს. „ნაპოლის“ კი ოფიციალურად ორი ინფიცირებული ჰყავს აღრიცხული. შესაბამისად, რეგლამენტი დაარვია. ლეგამ თამაშამდე 2 საათით განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც წერდა, რომ კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევის მიუხედავად, „ტორინო“, „მილანი“ და ბერგამოს „ატალანტა“ აგრძელებენ ჩემპიონატში მონაწილეობას და იცავენ წესებს. შედარებისთვის, ერთადერთი „ჯენოას“ მატჩი გადაიდო, სადაც 19(!) ფეხბურთელია ინფიცირებული და ბუნებრივია წესი არ დაურღვევია. სხვა ქვეყნებს თუ შევადარებთ - ორი ინფიცირებული ჰყავს „ლივერპულს“, მაგრამ თამაშობს, პსჟ-ს სეზონის სტარტზე 7 მოთამაშე აკლდა ამავე მიზეზით, მაგრამ თამაშზე არ უთქვამს, რუსეთში საერთოდაც, „როტორში“ ეპიდემია მძვინვარებდა, მაგრამ ზედიზედ სამ შეხვედრაში ტექნიკური წაგება ჩაუთვალეს.

რეგლამენტით „ნაპოლისაც“ ტექნიკური წაგება ეკუთვნის და იტალიური მედიის ცნობით, ლეგა სწორედ ამ გადაწყვეტილებისკენ მიდის, მიუხედავად იმისა, რომ აურელიო დე ლაურენტისი დაჟინებით ამტკიცებს, რომ ჯანდაცვის სამსახურებმა დაბლოკეს გუნდში ტურინში გამგზავრება... ვნახოთ, საბოლოოდ რას გადაწყვეტენ, ფაქტია თამაში ან სხვა დროისთვის უნდა გადაიდოს, ან გამარჯვებულად „იუვენტუსი“ უნდა გამოცხადდეს.

ამ ამბავმა დანარჩენი მატჩები გადაფარა, მაგრამ საინტერესო ამბები მოედანზეც მოხდა. რომში, „ლაციომ“ „ინტერი“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს. „ინტერმა“ პირველად მოიგო მიმდინარე სეზონში, თუმცა ლაუტარო მარტინესის გოლით იგებდა და შემდეგ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა გაათანაბრა. მატჩის ბოლოს გუნდებს თითო ფეხბურთელი გაუძევეს და ანგარიში აღარ შეცვლილა.

ბერგამოს „ატალანტა“ უბრალოდ ბრწყინავს! 9 ქულა და 13 გატანილი გოლი სამ ტურში! ბერგამოელებმა სარდინიული „კალიარი“ 5:2 გაანადგურეს და კიდევ ერთხელ გვაჩვენეს, რომ სკუდეტოსვის ამბიცია მათთვის უადგილო სულაც არაა. სხვათა შორის, „კალიარიში“ დებიუტი ჰქონდა დიეგო გოდინის და გოლიც გაიტანა, მაგრამ კუნძულელებისთვის ეს ვერაფერი ნუგეში გამოდგა.

და ბოლოს, „მილანი“ – „როსონერისაც“ „ატალანტას“ მსგავსად 9 ქულა აქვს და ლიდერია. 1953 და 1972 წლების შემდეგ „მილანს“ ისტორიაში მესამედ აქვს სამ ტურში სამი მოგება ისე, რომ გოლიც არ გაუშვია. ლომბარდიული გრანდი დებიუტანტ „სპეციას“ მეორე ტაიმში რაფაელ ლეაოს დუბლითა და ტეო ერნანდესის გოლებით გაუმკლავდა. სხვათა შორის, „მილანის“ ფეხბურთელების საშუალო ასაკი ამ მატჩი 22 წელს ოდნავ აღემატებოდა და 2004 წლის შემდეგ, რაც ამ სტატისტიკას აღწერენ, იტალიაში მსგავსი ახალგაზრდული შემადგენლობით არავის უთამაშია. ცხადია, რომ „მილანის“ ახალი შემადგენლობა მომავალზე გათვლილი პროექტია, თუმცა აწმყოშიც მშვენივრად ირჯებიან და მარტის შემდეგ არ დამარცხებულან.

„ატალანტა“ – „კალიარი“ 5:2 (4:1)

გოლები: 1:0 მურიელი (7), 1:1 გოდინი (24), 2:1 გომესი (29), 3:1 პაშალიჩი (37), 4:1 ძაპატა (42), 4:2 ჟოაო პედრო (52), 5:2 ლამერსი (81)

„ბენევენტო“ – „ბოლონია“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ლაპადულა (66)

„ლაციო“ – „ინტერი“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ლაუტარო მარტინესი (30), 1:1 მილინკოვიჩ-სავიჩი (55)

„პარმა“ – „ვერონა“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 კურტიჩი (1)

„მილანი“ – „სპეცია“ 3:0 (0:0)

გოლები: 1:0 ლეაო (57), 2:0 ტეო ერნანდესი (76), 3:0 ლეაო (78)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.181876