ავტოსპორტი

16:25 | 2.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰონდა ფორმულა 1-ს 2021 სეზონის ბოლოს დატოვებს

იაპონურმა საავტომობილო კომპანია „ჰონდამ“ გამოაცხადა, რომ 2021 წლის სეზონის დასრულების შემდეგ, ფორმულა 1-ს დატოვებს. ამის მიზეზად, ნულოვანი გამონაბოლქვის ტექნოლოგიებზე აქცენტის გადატანა დასახელდა.

კომპანიამ ეს გადაწყვეტილება სექტემბრის ბოლოს მიიღო. „ჰონდას“ მთავარი აღმასრულებელიტაკაჰირო ჰაჩიგო აცხადებს, რომ მომავალში ფ1-ში დაბრუნება არ იგეგმება.

„ეს არ არის კორონავირუსის პანდემიის გამო გამოწვეული გადაწყვეტილება. ჩვენი მიზანი, გამონაბოლქვისგან თავისუფალი მომავლის უზრუნველყოფაა და აქცენტი ამ მიმართულებით განვითარებაზე გადაგვაქვს“, - ამბობს ჰაჩიგო.

ის დასძენს, რომ სიტუაცია, როგორიც ამჟამად ავტოინდუსტრიაში შეიქმნა, საუკუნეში ერთხელ შეიძლება მოხდეს. აშკარაა, რომ ბაზარს თანდათან დაიპყრობს ენერგიის სუფთა წყაროები, როგორიცაა ელექტრო ენერგია. და კომპანიას სურს, რომ მსოფლიო ტრენდს არ ჩამორჩეს და ამ მიმართულებით, მოწინავე იყოს.

„ჰონდა“ ბოლოს ფ1-ში 2015 წელს დაბრუნდა. თავიდან „მაკლარენის“ პარტნიორი იყო, რომელსაც წარუმატებელი სამი სეზონის შემდეგ დაშორდა და „ტორო როსოსთან“ გადაინაცვლა. ერთი წლის შემდეგ კი „რედ ბულ რეისინგის“ პარტნიორი გახდა და მასთან ერთად, ხუთი რბოლა მოიგო. მიმდინარე სეზონში, „ჰონდას“ ძრავით აღჭურვილმა „ალფატაურიმაც“ (ყოფილი ტორო როსო) გაიმარჯვა.

„ჩვენ კარგად ვგვესმის, რაოდენ რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება ჰონდასთვის. გვესმის და პატივს ვცემთ მიზეზებს, რომლებმაც ის განაპირობა“, - განაცხადა „რედ ბულ რეისინგის“ შეფმა კრისტიან ჰორნერმა. მისი თქმით, ძრავთან დაკავშირებულ საკითხს კომპანია უახლოეს მომავალში განიხილავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105002