ჩოგბურთი

16:24 | 30.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

სერენა როლან გაროსს ტრავმის გამო გამოეთიშა

სერენა უილიამსი საფრანგეთის ღია პირველობაზე, ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. დღეს ტურნირის მეორე წრეში ის ბულგარელ ცვეტანა პირონკოვას უნდა შეხვედროდა, მაგრამ კორტზე გასვლამდე მცირე ხნით ადრე გამოაცხადა, რომ კორტზე გამოსვლას აქილევსის მყესის ტრავმის გამო ვერ მოახერხებს.

39 წლის ამერიკელს როლან გაროსის ტურნირი სამჯერ (2002, 2013 და 2015 წლებში) აქვს მოგებული. სულ კი მის ანგარიშზე დიდი სლემის 23 ტიტულია. სერენას ავსტრალიის ღია და უიმბლდონი შვიდ-შვიდჯერ აქვს მოგებული, ექვსჯერ კი აშშ-ის ღიას ჩემპიონი იყო. ერთსაც თუ მოიგებს, ლეგენდარულ ავსტრალიელ მარგარეტ კორტის მიღწევას (24 ტიტული) გაიმეორებს.

„სიარულიც მიჭირს“, - განაცხადა უილიამსმა. მას ჯერ არ გადაუწყვეტია, ამ სეზონში შეძლებს თუ არა თამაშს. სერენას თქმით, სულ ცოტა, ორი კვირა დასჭირდება იმისათვის, რომ ფეხი დაასვენოს. ამასთან დასძენს, რომ კარიერის გაგრძელება სურს.

„მიყვარს ჩოგბურთის თამაში, მიყვარს შეჯიბრი. ეს ჩემი სამსახურია და მინდა ვთქვა, რომ ჯერაც კარგად ვასრულებ საქმეს. რაღაცასთან ძალიან ახლოს ვარ და ხანდახან ვგრძნობ, რომ თითქმის მივაღწიე მას. ეს ისაა, რაც მე გაგრძელების საშუალებას მაძლევს“, - ყვება უილიამსი.

სერენ საფრანგეთის ღიას 2018 წელსაც ტრავმის გამო გამოეთიშა. ოღონდ, მაშინ მეოთხე წრეში იყო გასული, სადაც მარია შარაპოვასთან უნდა ეთამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111869