ფეხბურთი

2:42 | 29.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილი: "კვარაცხელია ქართველი მესია, სლუცკი "რუბინში" მელოდება"
"რუსული ფეხბურთი და ქვეყანა მომწონს"

ვოლგოგრადის „როტორის“ ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა Sport24-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც საინტერესო თემებზე ისაუბრა. მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელსაც „ქართველი მესი“ უწოდა.

ზურიკო ასევე შეეხო თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლას, 2008 წლის ომსა, ლეონიდ სლუცკისთან ურთიერთობას და რუსეთში ცხოვრებას.

- „რუბინის“ საკუთრება ხართ, მაგრამ იჯარით წასვლა მოგიწიათ. რატომ მოხდა ეს?

- იმიტომ გადაწყვიტეს, რომ მეტი სათამაშო დრო მქონოდა. ლეონიდ სლუცკისთან კარგი ურთიერთობა მაქვს, პრობლემა არ არსებობს. მან მითხრა, რომ ჩემს დაბრუნებას ელოდება. სლუცკი ძალიან მხიარული მწვრთნელია და მისი მუშაობის მეთოდები გუნდს აერთიანებს.

- სლუცკიმდე და შარონოვამდე „რუბინში“ ბერდიევი იყო, რომელმაც გუნდში მიგიწვიათ. როგორ გახსოვთ ის?

- ძალიან ძლიერი მწვრთნელია. ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო ასეთ გამოცდილ და მაგარ სპეციალისტთან მუშაობა.

- შეგიძლიათ ბერდიევი და სლუცკი შეადაროთ?

- ორივე მაგარი სპეციალისტია! სამწუხაროდ ბერდიევთან დიდი ხანი არ მიმუშავია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ის არის ყველაზე ავტორიტეტული მწვრთნელი, რომელთანაც მიმუშავია.

- ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ რას გვეტყვით?

- ერთმანეთს ძალიან დიდი ხანია ვიცნობთ, ბავშვობიდანვე. ერთად ვთამაშობდით „დინამო თბილისის“ აკადემიაში, მე და ხვიჩა ძალიან კარგი მეგობრები ვართ. ახლა კვარაცხელიას შეგვიძლია ქართველი მესი ვუწოდოთ. „ლოკომოტივმა“ დიდი შეცდომა დაუშვა, რომ ის გუნდიდან გაუშვა.

- პანდემიის დროს თქვენ და ხვიჩა რუსეთში მანქანით დაბრუნდით. როგორ მოხდა ეს მოგზაურობა?

- დიახ, ხვიჩასთან ერთად მანქანით წავედით. ძალიან რთული იყო. ჯერ ვლადიკავკაზამდე ვიარეთ, საშინელი გზა იყო. იქ თოვლი დაგვხვდა და ერთი დღე სასტუმროში დარჩენა მოგვიწია, შემდეგ კი ყაზანში გავფრინდით.

- თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. რას ფიქრობთ იმ ბულინგზე, რაც მის მიმართ საქართველოში იყო?

- არ მესმის ეს კრიტიკა, მაგრამ საკუთარ თავზე შემიძლია გითხრათ, რომ რუსულ გუნდში გადასვლასთან დაკავშირებით, მე არანაირი პრობლემა არ მქონია.

- 2008 წლის ომმა ძალიან შეცვალა თქვენი ქვეყანა?

- დიახ, ომი ძალიან ცუდია.

- როგორია საქართველოში სააკაშვილისადმი დამოკიდებულება?

- არიან ისეთებიც, რომელთაც ის არ უყვართ და არიან ისეთებიც, ვინც განსხვავებულ პოზიციას იკავებენ.

- შეადარეთ რუსეთში და საქართველოში ცხოვრება. სად უფრო კომფორტულია?

- საქართველო ჩემი სახლია და ჩემს ქვეყანაში თავს მშვენივრად ვგრძნობ, მაგრამ რუსეთშიც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. მომწონს რუსული ფეხბურთი და თვითონ ქვეყანა.

0.128652