ფეხბურთი

1:56 | 27.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

20 გოლი 4 მატჩში: სერია A ხურდება

იტალიის სერია A-ს მეორე ტური ძალიან საინტერესოდ დაიწყო, ოთხ მატჩში 20 გოლი გავიდა! რაც მთავარია, იყო დაძაბულობა, დრამა და ბევრი ლამაზი გოლი.

როგორც გითხარით, მეორე ტურმა აიღო სტარტი, მაგრამ სეზონში სადებიუტო მატჩები ჩაატარეს „ინტერმა“, „ატალანტამ“, „ლაციომ“ და „ბენევენტომ“.

ცხადია, ანტონიო კონტეს „ინტერით“ უნდა დავიწყოთ, რომელიც საგრძნობლად გაძლიერდა და ბევრის აზრით, სკუდეტოსთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტიცაა. „ნერაძურიმ“ სეზონი ფლორენციის „ფიორენტინასთან“ უდრამატულესი მატჩით დაიწყო და ძალინ ახლოს იყო უქულოდ დარჩენილიყო, მამგრამ 3 ქულა აქვს. უკვე მეოთხე წუთზე ჯაკომო ბონავენტურას დიდებული მოქმედების შემდეგ კრისტიან კუამემ ანგარიში გახსნა. „იები“ პირველ ტაიმში ვითარებას აკონტროლებდნენ, მაგრამ ტაიმის ბოლო წუთზე კონტრშეტევა გამოეპარათ და ლაუტარო მარტინესმა ეფექტური დარტყმით გაათანაბრა.

მეორე ტაიმის 10-წუთიან ინტერვალში მოვლენები ფანტასტიკურად განვითარდა. ჯერ იყო და, ჩეკერინიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, მაგრამ „ფიორენტინა“ სულ მალე ისევ იგებდა. ეს ფრანკ რიბერის დამსახურებაა, რომელმაც ბრწყინვალე თამაში ჩაატარა და ორი საგოლე პასი მიითვალა. 37 წლის ფრანგი გატანაში ჯერ გაეტანო კასტროვილის დაეხმარა, შემდეგ დიდებული პასით ფედერიკო კიეზა მეკარეს შეატოვა და მანაც გაიტანა. სტუმრები 87-ე წუთამდე ინარჩუნებდნენ უპირატესობას, თუმცა, ბოლოს ყველაფერი წყალში ჩაეყარათ. აჩრაფ ჰაკიმიმ რომელუ ლუკაკუს გაატანინა, ხოლო მატჩის გმირი დანილო დ’ამბროზიო გახდა - 4:3. ანტონიო კონტეს გუნდში დებიუტი ჰაკიმის გარდა, არტურო ვიდალსა და ალექსადრ კოლაროვს ჰქონდათ. სხვათა შორის, „ფიორენტინამ“ „ინტერთან“ პირველად წააგო თამაში, რომელშიც 3 გოლი გაიტანა. თავის მხრივ, „ნერაძურიმ“ გასულ სეზონშიც პირველ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 1961 წლის შემდეგ არ მომხდარა, რომ ზედიზედ ორი სეზონი 4 გოლით დაეწყოს...

ბერგამოს „ატალანტა“ ახალ სეზონშიც ისეთივე ლაღი და ფეერიულია, როგორც შარშან. ჯამპიერო გასპერინის გუნდი „ტორინოს“ ეწვია და მასპინძელთა ფორვარდმა ანდრეა ბელოტიმ დუბლი გაიფორმა, მაგრამ ამას ბერგამოელებისთვის პრობლემა არ შეუქმნია. პაპუ გომესმა, ლუის მურიელმა დიდებული გოლები გაიტანეს, მათ გარდა, ჰანს ჰატებურმა და მარტენ დე რუნმაც აიღეს მეტოქის კარი. „ატალანტამ“ 4:2 იმარჯვა და სეზონი მაჟორულ ნოტაზე დაიწყო.

კარგი სტარტი აქვს სიმონე ინძაგის „ლაციოსაც“, რომელმაც სარდინიაზე „კალიარი“ თავისუფლად, 2:0 დაამარცხა. სეზონი გოლით გახსნა ჩირო იმმობილემაც, გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა და „ოქროს ბუცის“ მფლობელმა...

და ბოლოს, ფილიპო ინძაგის „ბენევენტო“, რომელიც გენუაში „სამპდორიასთან“ მე-18 წუთისთვის 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ საბოლოოდ 3:2 იმარჯვა. სერია A-ში ახალ გადასულ გუნდს პირველივე ტურში 3 გოლი 2007 წლის შემდეგ არ ჰქონდა გატანილი და ეს ინძაგის გუნდმა მოახერხა. 13 წლის წინ იგივე „იუვენტუსმა“ გააკეთა, რომელმაც სერია B-დან დაბრუნებულზე „ლივორნო“ 5-ჯერ დაამწუხრა. ისიც ვთქვათ, რომ „სამპდორიას“ რიგებში თავი ფაბიო კუალიარელამ გამოიჩინა, რომელისთვის ეს ლიგურიელთა რიგებში 85-ე გოლი იყო და ლეგენდარულ ჯანლუკა ვიალის გაუტოლდა. კუალიარელას სერია A-ს ზედიზედ 16 სეზონში აქვს გოლი გატანილი და უფრო ხანგრძლივი სერია მხოლოდ 6 ფეხბურთელს აქვს - ალბერო ჯილარდინო (17 სეზონი ზედიზედ), რობერტო ბაჯო, რობერტო მანჩინი, ჟოზე ალტაფინი (18), ჯანი რივერა (20) და ფრანჩესკო ტოტი (23).

სერია A-ს მეორე ტურის ცენტრალური თამაში კი კვირას რომში, „სტადიო ოლიმპიკოზე“ შედგება, სადაც „რომა“ ტურინის „იუვენტუსს“ უმასპინძლებს.

„ტორინო“ – „ატალანტა“ 2:4 (2:3)

გოლები: 1:0 ბელოტი (11), 1:1 გომესი (13), 1:2 მურიელი (21), 1:3 ჰატებური (42), 2:3 ბელოტი (43), 2:4 დე რუნი (54)

„კალიარი“ – „ლაციო“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ლაძარი (4), 0:2 იმმობილე (74)

„სამპდორია“ – „ბენევენტო“ 2:3 (2:1)

გოლები: 1:0 კუალიარელა (8), 2:0 კოლი (18), 2:1 კალდიროლა (33), 2:2 კალდიროლა (72), 2:3 ლეტიცია (88)

„ინტერი“ – „ფიორენტინა“ 4:3 (1:1)

გოლები: 0:1 კუამე (3), 1:1 ლაუტარო (45), 2:1 ჩეკერინი (52, ა.გ), 2:2 კასტროვილი (57), 2:3 კიეზა (63), 3:3 ლუკაკუ (87), 4:3 დ’ამბროზიო (89)

თეგებისერია A
0.129262