ფეხბურთი

21:35 | 23.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩისკო: "ფარერებზე ფეხბურთის დონე გაიზარდა და ამიტომ, ფრთხილად უნდა ვიყოთ"

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „კლაკსვიკთან“ მატჩის წინ „დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მის გუნდს ადვილი თამაში არ ექნება.

ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, მეტოქეს ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს და რაც მთავარია, მისი შეხედულებით ფარერის კუნძულებზე საფეხბურთო დონემ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად მოიმატა.

„როგორც ჩვენთვის, ისე მეტოქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში. ევროტურნირების ამ ეტაპზე სუსტი მეტოქე არ არსებობს, საკმაოდ რთული თამაში გვექნება. ვნახეთ და გავაანალიზეთ „კლაკსვიკის“ თამაში, საკმაოდ კარგი გუნდია და კარგი, ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს. ჩვენ ისიც გათვალისწინებული გვაქვს, რომ თამაში ხელოვნურსაფარიან მინდორზე მოგვიწევს და ბურთიც სხვა სპეციფიკის იქნება, თუმცა ჩემი გუნდის მჯერა და გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვართ, პლეი-ოფთან ძალიან ახლოს და გვინდა იქ ვითამაშოთ, ამიტომ 100%-ით დავიხარჯებით.

„კლაკსვიკის“ „კონაჰთან“ შედარებას რაც შეეხება, ვფიქრობ, განსხვავებული გუნდებია, უელსელები ფიზიკურად უფრო ძლიერები იყვნენ, მაგრამ ჩვენი ხვალინდელი მეტოქე უფრო ტექნიკურია, ცენტრში უპირატესობის მოპოვებაზე თამაშობს და განსხვავებული ტაქტიკა აქვს. ვიცით, რომ ისინი ბოლომდე დაიხარჯებიან და ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ.

ზოგადად, ბოლო წლებში ფარერების ფეხბურთის დონე, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე გაიზარდა. ამიტომაც, იმ გუნდთან შედარება, რომელსაც 2013 წელს ვეთამაშეთ, არ შეიძლება, ახლა უფრო ძლიერი მეტოქე გვყავს. ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ერთმატჩიანი დაპირისპირებაა, ეს კი ორივე გუნდისგან ყოველთვის მაქსიმალურ მობილიზაციას მოითხოვს და ფრთხილად უნდა ვიყოთ“, - თქვა „დინამოს“ პრესსამსახურთან საუბარში ჩისკომ.

შეგახსენებთ, „კლაკსვიკი“ – „დინამო თბილისის“ მატჩი 24 სექტემბერს, 22:00 საათზე დაიწყება. გამარჯვებული გუნდი პლეი-ოფში გავა, სადაც მოლდოვური „შერიფისა“ და ირლანდიური „დანდალკის“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11472