ფეხბურთი

18:14 | 22.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"გრანადას" მწვრთნელი "ლოკომოტივთან" თამაშზე: "ჩვენთვის ძალიან ემოციური მატჩია"

ესპანური „გრანადას“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო მარტინესმა ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივთან“ მატჩის შესახებ მოკლე კომენტარი გააკეთა.

ესპანელ სპეციალისტს ამ შეხვედრაზე კომენტირება ლა ლიგის ბოლო ტურში „ალავესთან“ (2:1) მატჩის შემდეგ მოუწია და თქვა, რომ ეს მისი გუნდისთვის ძალიან ემოციური თამაში იქნება.

„ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილად დავიწყეთ ფიქრი ევროპა ლიგის მატჩზე. „ლოს კარმენესზე“ ასეთ თამაშს პირველად ჩავატარებთ. ხუთშაბათს გულშემატკივრები ენერგიას სახლიდან გადმოგვცემენ. ფეხბურთელები ძალიან მოტივირებულები არიან, გრანადისტები კი აღელვებულები, რადგან ძალიან ემოციური თამაშის მასპინძლობა გვიწევს“, - თქვა მარტინესმა.

ესპანელმა მწვრთნელმა მატჩის ემოციურ ფაქტორს ხაზი იმიტომ გაუსვა, რომ „გრანადა“ ევროტურნირებზე თავის ისტორიაში პირველად თამაშობს და შესაბამისად, საკუთარ მოედანზე ევროპული ეგიდით სადებიუტო თამაშს ჩაატარებს. ესპანურმა კლუბმა წინა ეტაპზე ალბანური „ტეუტა“ სტუმრად 4:0 დაამარცხა.

უნდა აღინიშნოს, რომ „გრანადა“ ლა ლიგის ლიდერია ორი ტურის შემდეგ, „ბილბაო“ (2:0) და „ალავესი“ (2:1) დაამარცხა. ამრიგად, სეზონის სამივე ოფიციალური თამაში მოგებული აქვს. „გრანადასა“ და „ლოკომოტივის“ დაპირისპირება 24 სექტემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110232