ფეხბურთი

16:50 | 22.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

რუბენ ბარახას გადაწყვეტილება: პაპუნაშვილი "სარაგოსაში" რჩება

გიორგი პაპუნაშვილი „სარაგოსაში“ რჩება. როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა As-ი წერს, არაგონელთა მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ და სპორტულმა დირექტორმა ლალო არანტეგიმ, რომელსაც გიორგი ძალიან მოსწონს, მისი შენარჩუნება გადაწყვიტეს.

გამოცემა გვამცნობს, რომ პაპუნაშვილს „სარაგოსაში“ შანსი მინიმუმ იანვრამდე მიეცემა და შემდეგ ყველაფერი მის მიერ ნაჩვენებ თამაშის ხარისხზე იქნება დამოკიდებული. ბარახამ ქართველი შემტევის შენარჩუნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც „ხეტაფესთან“ და „ხიმნასტიკთან“ სპარინგებში ათამაშა. გიორგის საუკეთესო მატჩები არ ჩაუტარებია, მაგრამ სამწვრთნელო შტაბმა მისი გუნდში დატოვება განიზრახა.

პაპუნაშვილი „სარაგოსაში“ 2017 წელს გადავიდა და 62 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი, ხოლო გუნდთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. ქართველმა შემტევმა გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „რასინგში“ გაატარა, მაგრამ მხოლოდ 4 უგოლო თამაში ჩაატარა.

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის გათამაშებაში უკვე ორი ტური გაიმართა, მაგრამ „სარაგოსას“ არ უთამაშია, რადგან წინა სეზონი სხვებზე გვიან დაასრულა (პლეი-ოფში თამაშობდა). შედეგად, ახალ სეზონს 23 სექტემბერს, „ლას პალმასთან“ „ლა რომარედაზე“ გახსნის.

0.150394