ავტოსპორტი

0:33 | 21.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ტოიოტა გაზუმ“ ლე მანი ზედიზედ მესამედ მოიგო

ლე მანის 24-საათიანი რბოლა, რომელიც პირველად ჩატარდა მაყურებლის გარეშე, „ტოიოტა გაზუს“ ეკიპაჟის გამარჯვებით დასრულდა. იაპონური კომპანიის გუნდმა, ლეგენდარული რბოლა ზედიზედ მესამედ მოიგო. LMP2 კლასში „იუნაიტედ ავტოსპორტსის“ ეკიპაჟმა გაიმარჯვა, რომელმაც აბსოლუტურ ჩათვლაში, მეხუთე ადგილი დაიკავა. „ასტონ მარტინმა“ კი FIA-ს GT-ს ავტომწარმოებელთა მსოფლიო ჩემპიონატში გაიმარჯვა.

გამრჯვებული ეკიპაჟის (N8) წევრებმა, იაპონელმა კაზუკი ნაკაძიმამ და შვეიცარიელმა სებასტიან ბუემიმ ზედიზედ მესამედ მოიგეს ლე მანი. მასთან ფინიშზე მანქანა ნაკაძიმამ მიიყვანა. მათი მესამე თანაგუნდელი კი ამჯერად ახალზელანდიელი ბრენდონ ჰარტლი იყო, რომელმაც ფორმულა 1-ის ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, ესპანელი ფერნანდო ალონსო შეცვალა, რომელსაც იაპონურ გუნდთან ერთად, ლე მანი 2018 და 2019 წლებში აქვს მოგებული. თავის მხრივ, ჰარტლიმ ლე მანი მეორედ მოიგო. პირველი გამრჯვება კი „პორშესთან“ ერთად, 2017 წელს აქვს მოპოვებული.

LMP2 კლასში გამარჯვებული „იუნტედ ავტოსპორტსის“ სარბოლო ავტომობილს მართავდნენ ბრიტანელები პოლ დი რესტა (ვინც ამჟამდ სკაი სპორტს ფორმულა 1-ის რეპორტაჟებში მონაწილეობს) და ფილიპ ჰენსონი, ასევე პორტუგალიელი ფილიპე ალბუკერკე. მათ უკვე ზედიზედ ექვსი რბოლა აქვთ მოგებული, რაც LMP2 კლასის რეკორდია. „ასტონ მარტინმა“ ორ კლასში (GTE Pro და GTE Am) გაიმარჯვა.

ლე მანის 24-საათიან რბოლას შარშან 250 000 მაყურებელი დაესწრო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, ამჯერად მაყურებლის გარეშე ჩატარდა, რაც 1923 წლის შემდეგ გამართულ 87 რბოლაში არ მომხდარა.

აბსოლუტურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა შვეიცარიაში ბაზირებულ გუნდ „რებელიონ რეისინგის“ ეკიპაჟმა (N1), რომელსაც ბრაზილიელი ბრუნო სენა, ამერიკელი გუსტავო მენეზესი და ფრანგი ნორმან ნატო მართავდნენ. ამჯერად მესამე ადგილს დასჯერდა „ტოიოტა გაზუს“ მეორე ეკიპაჟი (N7), რომელმაც რბოლა პოულიდან დაიწყო. მას იაპონელი კამუი კობაიაში, ბრიტანელი მაიკ კონვეი და არგენტინელი ჯოსე მარია ლოპესი მართავდნენ. ამ ეკიპაჟს წინა ორ სეზონში, ლე მანი მეორე ადგილზე აქვს დასრულებული.

„ტოიოტა“ LMP1 კლასში ერთადრთი ავტომწარმოებელია და მან კიდევ ერთხელ მოიპოვა გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. იაპონური გუნდის ორივე ეკიპაჟი, დაღამებამდე წინ იყო, მაგრამ მალე სიტუაცია შეიცვალა. N7 ეკიპაჟის მანქანაზე ტურბო კომპრესორი გაჭირვეულდა, რომლის ჭკუაზე მოყვანასაც ნახევარი საათი დასჭირდა. ტრასაზე დაბრუნებული ეკიპაჟი მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა. თუმცა ფინიშამდე „რებელიონის“ N3 ეკიპაჟი ჩამოიტოვა და კვარცხლბეკზეც მესამე საფეხური დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.158191