ფეხბურთი

14:37 | 11.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელი: "კვირკველიას კარიერის დასრულება ჩვენ გადავაფიქრებინეთ"

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელის, იური სიომინის ასისტენტმა იური ბატურენკომ რუსულ გამოცემა Sport24-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც სოლომონ კვირკველიას შესახებ ისაუბრა.

ბატურენკომ კვირკველია სამ საუკეთესო ფეხბურთელში დაასახელა, რომელთანაც მას უმუშავია და ამავდროულად იმ პრობლემებზე და კერძოდ, უცნაურ ტრავმაზე ილაპარაკა, რომელიც ქართველ მცველს ჰქონდა.

- თავად ამბობდნენ, რომ კვირკველია საჩემპიონო სეზონში ერთ-ერთი ლიდერი იყო. რა მოუვიდა მას?

- სერიოზული ტრავმა ჰქონდა. ბოლო ტურში „უფასთან" დაშავდა და შემდეგ იყო გართულებები, კუნთები დაებერა, დიდხანს საერთოდ ვერ დარბოდა. ექიმები რას აღარ აკეთებდნენ...

- ვერ დარბოდა?

- დიახ, ეს ისეთი ტრავმაა, არასდროს მსმენია ასეთ დაზიანებაზე. დიდი დრო დასჭირდა ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად, საბა კარიერის დასრულებაზე რეალურად ფიქრობდა, მე და იური სიომინმა გადავაფიქრებინეთ.

- ამბობენ, რომ ზარმაცია...

- დიდი სისულელეა. კვირკველია არასდროს ყოფილა ზარმაცი. მას ერთი დიდი თვისება აქვს - ყოველთვის 100%-ით თამაშობს. ეს ფეხბურთელისთვის იშვიათია. დიახ, ბევრი რამის გაკეთება არ შეუძლია, მაგრამ ყველაფერს აკეთებს და თავის პლუსებს იყენებს. რამდენი გოლი გაიტანა საკუთარ კარში? დიახ, ეს ცუდია, მაგრამ რამდენჯერ გადაარჩინა? არიან მოთამაშეები, რომელთაც საკუთარ კარში არასდროს გაუტანიათ, მაგრამ არც გადაურჩენიათ. საბა ძლიერი ფეხბურთელია.

- საჩემპიონო სეზონის შემდეგ (2017-2018) გავრცელდა ხმები, რომ „ლესტერში“ წასვლა შეეძლო. ითამაშებდა იქ?

- რა თქმა უნდა. პრემიერლიგაში კვირკველიას სტილის ფეხბურთელები თამაშობენ. მაგრამ სიომინი ცდილობდა კონკურენტუნარიანი გუნდის შეკვრას და პირადად მას უნდოდა საბას დატოვება.

- დაასახელეთ სამი საუკეთესო ფეხბურთელი, რომლებსაც „ლოკომოტივში“ ავარჯიშებდით...

- სოლომონ კვირკველია, ალექსეი მირანჩუკი და ჯეფერსონ ფარფანი.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის „ლოკომოტივმა“ სოლომონ კვირკველია მიმდინარე სეზონის ბოლომდე ვოლგოგრადის „როტორში“ გაანათხოვრა, სადაც ქართველმა ფეხბურთელმა ორი თამაში უკვე ჩაატარა. „რკინიგზელებში“ 109 მატჩში 4 გოლი გაიტანა, ერთხელ რუსეთის ჩემპიონი გახდა, ხოლო ორ-ორჯერ რუსეთის თასი და სუპერთასი მოიგო.

0.13084