ფეხბურთი

19:32 | 9.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბელარუსული მედია: "უნდა გავარკვიოთ როგორ ვუპასუხოთ საქართველოს ამ კოზირს"
"კვარაცხელიას ქარის მიმართულების შეცვლა შეუძლია"

ცნობილი ბელარუსული გამოცემა pressball-ი საქართველოს ნაკრების განვლილ ორ თამაშს აფასებს. ვრცელ სტატიაში ესტონეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის პერიპეტიები და ვლადიმირ ვაისის ციტატებია მოყვანილი, რაც ჩვენც კარგად ვიცით.

სტატიიდან ყველაზე საინტერესო დეტალი სამ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს ეხება - pressball-ი ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი ჩაკვეტაძისა და ზურიკო დავითაშვილის შესახებ განცალკევებით წერს და მათ საქართველოს ნაკრების კოზირს უწოდებს.

კვარაცხელია - კოსმოსი, ლისაკოვიჩზე ძლიერი

ვიტალი ლისაკოვიჩი ჩვენთვის ყველაფერია. ნაკრებში სადებიუტო გოლის გატანაში ყაზახი მცველი გაფურჟან სუიუმბაევი დაეხმარა, რომელმაც შეცდომა დაუშვა. ქართველებს თავისი ლისაკოვიჩი ჰყავთ. ეს არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ქარის მიმართულება შეცვალოს. ის რუსეთის პრემიერლიგაში თამაშობს და გარკვეულ წარმატებებს უკვე მიაღწია. 2019-2020 წლების სეზონში ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს.

ხვიჩა კვარაცხელია „რუბინის“ მთავარი ვარსკვლავია. 19 წლის (!) ნახევარმცველი საქართველოდან. 2019 წლის პირველ ნახევარში მან რუსეთის ჩემპიონატი მოსკოვის „ლოკომოტივში“ დააგემოვნა, სეზონის ბოლოს კი მოულოდნენად ყაზანში გადავიდა - სწორი გადაწყვეტილება მიიღო, დაიწყო სტაბილურად თამაში და გულშემატკივრის საყვარელი ფეხბურთელი გახდა.

ახლა კვარაცხელია ყველაფერს აკეთებს, აგვისტოში ის „რუბინის“ საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, სექტემბერში კი ეროვნული გუნდის მაისურით ითამაშა. ესტონელებთან საგოლე პასი გააკეთა, ხოლო მაკედონიელებთან პენალტი გამოიმუშავა. ხვიჩა სწრაფად დარბის, ბურთით მუშაობს. რუსეთის ჩემპიონატში გასულ სეზონში მეორე დრიბლიორი იყო და ტემპი არც ამ სეზონში შეუნელებია. ტრანსფერმარკეტი მას 4.5 მილიონ ევროდ აფასებს.

დავითაშვილი და ჩაკვეტაძე - ტოპახალგაზრდები

საქართველოს ნაკრები ჩვენზე ახალგაზრდაა. რა თქმა უნდა, ჰყვათ ასაკოვანი ფეხბურთელები, მეკარე გიორგი ლორია და საყრდენი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა, მაგალითად გურამ კაშია, გია გრიგალავა და კიდევ რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე. ჩვენ ვიცით როგორია კვარაცხელია, მაგრამ მის უკან არიან ნიჭიერი ახალგაზრდები ზურიკო დავითაშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე.

ჩაკვეტაძეზე დეტალურად წელიწადნახევრის წინ დავწერეთ, 2018 წელს „ბარსელონა“ და „ტოტენჰემი“ აკვირდებოდა, მაგრამ „გენტმა“ 25 მილიონი ევრო მოითხოვა და გარიგება არ შედგა. ბელგიელებმა შეინარჩუნეს ის და განაგრძო განვითარება, მაგრამ შემდეგ მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო, ამის გამო 2019-2020 წლების სეზონში თითქმის არ უთამაშია. ესტონელებთან და მაკედონიელებთან მატჩებმა არ დაადასტურა, რომ "ქართველი კაკა" ახლა კარგ ფორმაშია. თუმცა, ბელარუსთან თამაშამდე ერთი თვეა დარჩენილი და ამ პერიოდში ფორმის გაუმჯობესება შეუძლია. ჩაკვეტაძის შესახებ უნდა იცოდეთ, რომ მას ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 8 მატჩში 5 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს შესრულებული. ტრანსფერმარკეტი 21 წლის ფეხბურთელს 6 მილიონ ევროდ აფასებს.

გასულ სეზონში დავითაშვილი „რუბინში“ თამაშობდა, ახლა კი „როტორშია“ ალექსანდრ ხაცკევიჩის მეთვალყურეობის ქვეშ. 19 წლის ნიჭიერი ფეხბურთელი იქ სტაბილური სათამაშო პრაქტიკისთვის გადავიდა. ზურიკომ ესტონელებთან მატჩი გამოტოვა, მაგრამ მაკედონიელებთან შეუცვლელად ითამაშა. ტრანსფერმარკეტი მას 2.5 მილიონ ევროდ აფასებს.

საერთოდ, ქართველების შეტევა ახალგაზრდა და ქმედითუნარიანია. ბელარუსებმა უნდა გაარკვიონ როგორ უპასუხონ მეტოქის ამ კოზირს“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ბელარუსის ნაკრებს თბილისში 8 ოქტომბერს უმასპინძლებს და გამარჯვებული ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში გავა.

0.147561