ფეხბურთი

3:05 | 9.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კვეკვესკირი: "ჩრდ. მაკედონიასთან მატჩში მოტივაციაც იყო და ცოტა ნერვიულობაც"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თამაში შეაფასა. ქართველი ნახევარმცველის განცხადებით, მატჩის წინ იყო მოტივაციაც და ცოტა ნერვიულობაც, რადგან შესაძლოა, მაკედონიელებთან დაპირისპირება ორი თვის შემდეგ კიდევ მოუწიოთ.

"ყველას გვესმოდა, რომ ფურცელზე ჩრდილოეთ მაკედონია ჩვენთან ერთად, ამ ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება, რადგან თანაბარი ჯგუფია და თითოეულ გუნდს სურს, ეს ჯგუფი წარმატებით დაასრულოს. ამას გარდა, დამატებით მოტივაციას სძენდა ის ფაქტი, რომ მაკედონია ერთა ლიგის ოთხთა ფინალში არის გასული. იყო მოტივაციაც, ცოტა ნერვიულობაც იმასთან დაკავშირებით, რომ ამ გუნდს, შესაძლოა და იმედია, რომ ფინალშიც შევხვდებით. გვინდოდა, რომ გამარჯვებით დაწყებული ჯგუფი წარმატებით გაგვეგრძელებინა. ჩვენს გეგმებში ნამდვილად არ იყო საკუთარ მოედანზე ქულების დაკარგვა. ჩვენ გეგმაში გამარჯვება იყო, რადგან ვცდილობთ ეს ჯგუფიც წარმატებით გადავლახოთ და აღვზევდეთ ბ დივიზიონში.

რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, სანამ გოლს გავუშვებდით, რომელიც ინდივიდუალურ შეცდომას მოყვა, შეხვედრა გარდამტეხი უპირატესობით მიდიოდა. ვფლობდით უპირატესობას და გაშვებულმა გოლმა გუნდზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა. მოწინააღმდეგს კი თავდაჯერება მისცა, გაიხსნენ და პირველი ტაიმის მეორე ნახევარში თითქოს სათამაშო უპირატესობა მათ მხარეს გადავიდა. რეალურად ეს არ ასახულა რაიმე სახიფათო მომენტში. მეორე ტაიმში გვქონდა ასპროცენტიანი საგოლე მომენტები, რომელიც სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ“, - ციტირებს კვეკვესკირის სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და მომდევნო ტურში 11 ოქტომბერს, ერევანში, სომხეთს ესტუმრება. მანამდე სამი დღით ადრე კი მთავარ შეხვედრას თბილისში ბელარუსის ნაკრებთან ჩაატარებს და გაირკვევა შევინარჩუნებთ თუ არა ევრო 2020-ის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსს.

0.137159