ავტოსპორტი

17:17 | 7.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

რენო მომავალი სეზონიდან ალპინ F1-ის სახელით იასპარეზებს

„რენოს“ მფლობელობაში მყოფ კომპანია „ალპინის“ ახალმა მთავარმა აღმასრულებელმა, ლუკა დე მეომ განაცხადა, რომ მომავალი სეზონიდან, „რენოს“ ფორმულა 1-ის გუნდი სახელს შეიცვლის და მას „ალპინ F1“ დაერქმევა.

კომპანია „ალპინი“ სპორტული ავტომობილების წარმოებაზეა სპეციალიზებული და მას ავტოსპორტში, კერძოდ კი რალისა და გამძლეობაზე რბოლებში, მდიდარი წარსული აქვს. თუმცა ადრე ფორმულა 1-ში თავისი გუნდი არ ჰყოლია. სახელის შეცვლის შემდეგაც, გუნდის მანქანებზე წარწერა „რენო“,ძრავის მწარმოებლის რანგში დარჩება.

„მომავალი სეზონიდან ჩვენ ალპინის ბრენდით ვიასპარეზებთ. მანქანა ტრადიციული ფრანგული სარბოლო ლურჯი ფერის იქნება და საფრანგეთის დროშის ტრიკოლორით გაფორმდება“, - იტალიის დიდი პრიზის რბოლის წინ განაცხადა დე მეომ.

„რენომ“ წამგებიანი ბიზნესის გამოსასწორებლად, რესტრუქტურიზაცია წამოიწყო და ოთხი ახალი დივიზიონი ჩამოაყალიბა, რომლებიც კომპანიის გეოგრაფიული სტრუქტურების მაგივრად იმუშავებს. „ალპინის“ ფ1-ის გუნდს კი „რენოს“ გუნდის ახლანდელი ხელმძღვანელი სირილ აბიტბული გაუძღვება.

„რენომ“ ახლახანს ფორმულა 1-ის ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის შესაბამისადაც, ფ1-ში 2025 წლამდე დარჩება. „ალპინის“ პილოტები მომავალ სეზონში ფერნანდო ალონსო და ესტებან ოკონი იქნებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112293