ავტოსპორტი

21:56 | 5.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი მონცაზეც პოულზეა, ფერარის პრობლემები გრძელდება

ლუის ჰამილტონის და „მერსედესის“ დომინაციის შეჩერება ვერც ეგრეთ წოდებული „წვეულების რეჟიმის“ აკრძალვით მოხერხდა. პირიქით, მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონმა, მონცას წრე წუთსა და 18.887 წამში გაიარა, მისმა საშუალო სიჩქარემ კი 264.362 კმ/სთ-ს მიაღწია, რაც ფორმულა 1-ის ისტორიაში, ყველაზე მაღალი საშუალო სიჩქარეა.

„ნოუ პარტი, ნოუ პრობლემ“, - ნარბოლევს განაცხადა ჰამილტონმა და ხაზი გაუსვა, რომ „პარტი მოუდის“ (წვეულების რეჟიმი) აკრძალვას, „ვერცხლისფერი ისრების“ შეჩერება არ შეუძლია. ეს ბრიტანელი პილოტისთვის კარიერაში 94-ე, „პისტა მაგიკაზე“ კი მეშვიდე პოულ პოზიციაა.

სამწუხაროდ, კვლავ საშინელ დღეშია „ფერარი“, რომლის პილოტებსაც მონცას რბოლის სტარტის მოწინავე ათეულში, 1984 წლის შემდეგ პირველად ვერ ვიხილავთ. შარლ ლეკლერი მე-13 ადგილს დასჯერდა, სებასტიან ფეტელმა კი კვალიფიკაციის მეორე ნაწილში გადასვლაც კი ვერ შეძლო და სტარტზე მე-17 პოზიციას დაიკავებს.

გაიბრწყინა „ფერარის“ მომავალმა პილოტმა კარლოს საინსმა, ვინც მესამე საუკეთესო დრო დააფიქსირა. მის გვერდზე სტარტზე ადგილს სერხიო პერესი დაიკავებს, მაქს ფერსტაპენი კი მეხუთე ადგილზეა. საინტერესოა, რომ მე-3 და მე-7 ადგილებზე გასული პილოტები, სულ რაღაც, 0.169 წამმა დააშორა. ეს კი ნიშნავს, რომ თუ არა „მერსედესი“, კვირას დაძაბული ბრძოლა იქნებოდა მოსალოდნელი. თუმცა ბრძოლა მხოლოდ მესამე ადგილისთვის...

იტალიის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1'18.887
  2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 0.069
  3. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 0.808
  4. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 0.833
  5. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 0.908
  6. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 0.933
  7. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 0.977
  8. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1.162
  9. ალექს ალბონი (ტაილანდი, რედ ბული) 1.203
  10. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1.290
  11. დანიილ კვიატი (რუსეთი, ალფატაური) 1.282
  12. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, რენო) 1.347
  13. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1.386
  14. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 2.039
  15. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 2.686
  16. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 2.252
  17. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 2.264
  18. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 2.319
  19. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 2.700
  20. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 2.830
0.118182