სტატიები

23:22 | 2.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვინ არის დონი ვან დე ბეეკი?

ამსტერდამის "აიაქსმა" მორიგი ტალანტი ფეხბურთელები გაუშვა ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბში, "მანჩესტერ იუნაიტედში". დონი ვან დე ბეეკის ტრანსფერი ინგლისელებს 35 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდათ და შესაძლოა მომავალში ბონუსის სახით კიდევ 5 მილიონი დაამატონ.

დონი ამპლუით ნახევარმცველია და "აიაქსში" 10 ნომერზე რეგულარულად თამაშობდა, თავდამსხმელის უკან. მას ასევე შეუძლია ცენტრში პარტნიორთან ერთად ითამაშოს და საგოლე გადაცემებიც გააკეთოს. ერედივიზიონის გასულ სეზონში, რომელიც კორონავირუსის გამო არ დასრულდა, დონიმ 23 მატჩი ჩაატარა, გაიტანა რვა გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა. მან ასევე 41 საგოლე მომენტი შექმნა თანაგუნდელებისთვის და ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო გუნდისთვის.

ვან დე ბეეკი ნიდერლანდის ქალაქ ნიკერკერვეენში დაიბადა და თამაში ადგილობრივ "ვენსხე ბოისში" დაიწყო. 2014 წელს კი დონი "აიაქსის" აკადემიაში გადავიდა. ამსტერდამული გრანდის სარეზერვო გუნდში ვან დე ბეეკს დებიუტი 2015 წლის იანვარში ჰქონდა, ხოლო ორი თვის შემდეგ პირველი გუნდის შემადგენლობაში მოხვდა, თუმცა ფრანკ დე ბურმა მისი თამაშის ხილვა "დენ ჰააგთან" არ მოინდომა. 2014/15 წლების სეზონის ბოლოს ვან დე ბეეკი "აიაქსის" მომავალი ტალანტის წოდებით დაჯილდოვდა, ეს აღიარება კი ადრე ისეთ ფეხბურთელებს ხვდათ წილად როგორებიც არიან რაფაელ ვან დერ ვაარტი, ვესლი სნეიდერი, დალეი ბლინდი და კრისტიან ერიკსენი.

პირველ გუნდში დებიუტი დონისთვის 2015 წლის ნოემბრამდე გადაიწია და ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში "სელტიკის" წინააღმდეგ მიიღო მონაწილეობა. ამ სეზონში ყველა ტურნირზე დონი 10 შეხვედრაში გამოჩნდა და პირველი გოლი ულე გუნარ სულშერის გუნდის, "მიოლდეს" კარში გაიტანა 2015 წლის დეკემბერში.

დონი პირველ გუნდში ოფიციალურად 2016 წელს დაწინაურდა და რეგულარული თამაში დაიწყო. 2016/17 წლების სეზონში 29 მატჩში გამოჩნდა და ბოლო შეხვედრა "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩაატარა - სტოკჰოლმში გამართული ევროპა ლიგის ფინალში დონიმ 70 წუთი ითამაშა. 2017/18 წლების სეზონში ვან დე ბეეკმა 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ასევე დებიუტი ჰქონდა ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში. ამ დროისთვის დონი ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა იყო ევროპაში, თუმცა 2018/19 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონმა საბოლოოდ დაამტკიცა, რომ მისი პროგრესი შემთხვევითი არ იყო. ამ სეზონში "აიაქსი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა და დასანანი მარცხი განიცადა "ტოტენჰემთან". პლეი ოფში დონიმ ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. იგი ერთ-ერთი გამორჩეული იყო ფრენკი დე იონგთან და მატიას დე ლიხტისთან ერთად.

ბოლო სამ სეზონში ვან დე ბეეკის სატრანსფერო ღირებულება ოთხი მილიონიდან 44 მილიონ ევრომდე გაიზარდა. 2018/19 წლების სეზონში კი სარეკორდო ღირებულება 55 მილიონი დააფიქსირა. საბოლოოდ, დონიმ "აიაქსი" სამი ტიტულით დატოვა - ვან დე ბეეკი ჰოლანდიის ჩემპიონი, ქვეყნის თასის და სუპერთასის მფლობელი გახდა.

0.120501