ავტოსპორტი

21:28 | 30.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონს შუმახერის რეკორდამდე ორი მოგებაღა დარჩა

ლუის ჰამილტონი ცალკე ლიგაშია! თუ მანქანა მწყობრშია, მისი მომგები ამ სეზნში არავინაა. ვალტერი ბოტასიც ვერ უწევს ისეთ მეტოქეობას, როგორსაც ნიკო როსბერგი. მაქს ფერსტაპენი იმას ახერხებს, რის საშუალებასაც „რედ ბულის“ მანქანა და „ჰონდას“ აგრეგატი აძლევს.

ასეთ პირობებში კი მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი მალე მიხაელ შუმახერის კიდევ ერთ რეკორდს მოხსნის. ჰამილტონს ბელგიის დიდი პრიზის მოგებით, 89 გამარჯვება დაუგროვდა და შუმახერის რეკორდის გამეორებამდე ორი მოგებაღა უკლია. ამის შემდეგ კიდევ ერთი რეკორდის - შვიდი ტიტულის გამეორების ჯერი დადგება. ეს კი დროის ამბავია.

ჰამილტონი ვარჯიშებზეც ყველაზე სწრაფი იყო, პოულსაც დიდი უპირატესობით დაეუფლა და რბოლაშიც, მოწინავე პოზიცია ერთხელაც არ დაუთმია. ბოტასიც სტაბილურად კვალში ედგა, მაგრამ მიახლოება მხოლოდ მაშინ შეძლო, როცა ანტონიო ჯოვინაცის და ჯორჯ რასელის ავარიის გამო, ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. საბოლოოდ, მან თანაგუნდელს 8.4 წამი მოუგო. კვლავ მესამეზე გავიდა მაქს ფერსტაპენი, ვინც არამხოლოდ დანარჩენებს შორის საუკეთესოა, არამედ კლასიფიკაციაში მეორე ადგილიც შეინარჩუნა.

ამგვარად, ჰამილტონმა ამ სეზონში შვიდიდან მეხუთე რბოლა მოიგო. სპაზე გამარჯვების შემდეგ, ის უკვე 47 ქულას უგებს ფერსტაპენს და 50-ს ბოტასს. შეგახსენებთ, რომ ამ სეზონის კალენდრის საბოლოო ვერსიით, მსოფლიო ჩემპიონატი 17 ეტაპად გაიმართება.

კარგად იასპარეზეს „რენოს“ პილოტებმა - დანიელ რიკარდომ რბოლა მეოთხე ადგილზე დაასრულა, ესტებან ოკონი კი მეხუთეს დასჯერდა. ოკონმა ბოლო წრეზე უკან ჩამოიტოვა „რედ ბულის“ ალექსანდერ ალბონი.

რბოლაში მონაწილეობა ვერ მიიღო კარლოს საინსმა, რომლის „მაკლარენზეც“ გამოსაბოლქვი სისტემა დაზიანდა. ძალიან ცუდი შედეგით დაასრულეს ასპარეზობა „ფერარის“ პილოტებმა - სებასტიან ფეტელი მე-13 ადგილს დასჯერდა, შარლ ლეკლერი კი მე-14 ადგილს. არადა, სპაზე წინა ორი რბოლა სწორედ მათ აქვთ მოგებული - 2018-ში ფეტელს და შარშან ლეკლერს. რბოლისას „ფერარის“ მთავარი პრობლემა, გრძელი სწორი მონაკვეთები იყო.

ბელგიის დიდი პრიზი

სპა ფრანკორშანი, დისტანცია 308.052 კმ (7.004 კმ, 44 წრე)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:24:08.761
  2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) +8.448
  3. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) +15.455
  4. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) +18.877
  5. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, რენო) +40.650
  6. ალექს ალბონი (ტაილანდი, რედ ბული) +42.712
  7. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) +43.774
  8. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) +47.371
  9. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) +52.603
  10. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) +53.179
  11. დანიილ კვიატი (რუსეთი, ალფატაური) +70.200
  12. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) +71.504
  13. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) +72.894
  14. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) +74.920
  15. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) +76.793
  16. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) +77.795
  17. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) +85.540
  18. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 32 წრე
  19. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 32 წრე
  20. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) სტარტზე არ გასულა

უსწრაფესი წრე: დანიელ რიკარდო - 1:47.483 (44-ე წრე, 234.589 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 157 ქულა; 2. მაქს ფერსტაპენი - 110; 3. ვალტერი ბოტასი - 107; 4. ალექს ალბონი - 48; 5-6. შარლ ლეკლერი და ლანდო ნორისი - 45; 7. ლანს სტროლი - 42; 8-9. დანიელ რიკარდო და სერხიო პერესი - 33; 10. ესტებან ოკონი - 26; 11. კარლოს საინსი - 23; 12. პიერ გასლი - 18; 13. სებასტიან ფეტელი - 16; 14. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რეისინგ პოინტი) – 6; 15-16. ანტონიო ჯოვინაცი და დანიილ კვიატი - 2; 17. კევინ მაგნუსენი - 1; 18-21. კიმი რაიკონენი, ნიკოლას ლატიფი, რომენ გროჟანი და ჯორჯ რასელი - 0

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. მერსედესი - 264 ქულა; 2. რედ ბულ-ჰონდა - 158; 3. მაკლარენ-რენო - 68; 4. რეისინგ პოინტ-მერსედესი - 66; 5. ფერარი - 61; 6. რენო - 59; 7. ალფატაური-ჰონდა - 20; 8. ალფა რომეო-ფერარი - 2; 9. ჰაას-ფერარი - 1; 10. უილიამს-მერსედესი - 0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.168293