ავტოსპორტი

3:40 | 28.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ალონსო ინდი 500-ზე თავის ცუდ გამოსვლას ტექნიკურ პრობლემებს მიაწერს

ფორმულა 1-ის ორგზის მსოფლიო ჩემპიონმა ფერნანდო ალონსომ, ინდი 500-ის რბოლა მესამე ცდაზე პირველად დაასრულა, მაგრამ მხოლოდ 21-ე ადგილს დასჯერდა. ესპანელი მრბოლი, ვისი მიზანიც, ავტოსპორტის „სამმაგი გვირგვინის“ დაუფლებაა, რბოლისას მანქანის ცუდ ბალანსს უჩიოდა.

რბოლის შემდეგ კი დააზუსტა, რომ მანქანა ჭარბი მოხვევადობისკენ იყო მიდრეკილი და გადაბმულობის პრობლემაც შექმნა. კარგა ხანს, ის ლიდერს მხოლოდ 7 წამით ჩამორჩებოდა, მაგრამ იმავდროულად, ათეულს მიღმა იმყოფებოდა. შუა რბოლიდან კი ოცეულს მიღმაც აღმოჩნდა.

ალონსო ინდიზე გუნდ „ეროუ მაკლარენის“ მიერ მომზადებული მანქანით ასპარეზობდა, რომელიც „შევროლეს“ ძრავით იყო აღჭურვილი. 39 წლის ესპანელი, ვისაც „სამმაგი გვირგვინიდან“, ორი (მონაკოს დიდი პრიზი და ლე მანის 24 საათი) უკვე მოგებული აქვს, მომავალ სეზონში ფორმულა 1-ის უბრუნდება და სანამ იქ დარჩება, ინდი 500-ზე გამოსვლას აღარ გეგმავს.

„რბოლის დასაწყისიდანვე გამიჭირდა, ბალანსი აირია და მანქანას ჭარბი მოხვევადობა ჰქონდა. პიტ სტოპების დროს, ამ ბალანსის გამოსწორება ვცადეთ. წინა ფრთის დახრა შევცვალეთ და მანქანა უკეთ ამუშავდა. შუა რბოლისას, მე-15 პოზიციამდეც ამოვედი, რაც იმ მომენტისთვის კარგი იყო. მაგრამ შემდეგ გადაბმულობა გაჭირვეულდა, რისი გამოსწორებაც ვერ შევძელით. რაღაც მომენტში ის საერთოდ არ მუშაობდა. ამიტომ, პიტ სტოპზე მანქანას მიწოლა და თავიდან დაქოქვა დასჭირდა. ამის გამო ერთი წრით ჩამოვრჩი და მისი ამოქაჩვა ვეღარ შევძელი. და მაინც, მიხარია, რომ რბოლის დასრულება შევძელი. ჩვენ ვცადეთ რბოლა, მაგრამ დღეს იღბალი ჩვენთან არ იყო“, - განაცხადა ალონსომ, ვინც მომავალი სეზონიდან „რენოს“ უბრუნდება, გუნდს, რომელთან ერთადაც, ფ1-ში თავისი ორივე ტიტული აქვს მოპოვებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.145297