ფეხბურთი

19:40 | 26.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჭიაბრიშვილი: "მეტოქე ძლიერია და ძალიან მომწონს, ჩემთვის ეს გამოწვევაა"

თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა რუმინულ „კრაიოვასთან“ მატჩამდე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ქართველი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი გამოუცდელია ევროტურნირებისთვის, მაგრამ ეს თამაში კარგი გამოცდა იქნება.

ჭიაბრიშვილმა მეტოქის შესახებსაც ისაუბრა და აღშნიშნა, რომ დეტალურად შეისწვალეს - „კრაიოვა“ ძლიერი გუნდია.

„ჩვეულ რეჟიმში მოვემზადეთ, ძალიან კარგია, რომ გუნდის ძირითადი ბირთვი, რომელთაც ამ მატჩისთვის მოვიაზრებდი, ჯანმრთელადაა და ბევრი ტრავმირებული არ გვყავს. სატურნირო ცხრილიდანაც ჩანს, რომ ჯერ არ ვართ იმ სათამაშო ფორმაში, რაც მე მსურს. გუნდი მთელი გულით და გონებით მუშაობს, რომ მალე ყველაფერი გამოვასწოროთ, თუმცა ყველაფრის მაჩვენებელი თამაშია და არმგონია, რომ ვინმეს მოსწონდეს, ჩვენ, ფეხბურთელებს ან მაყურებელს. ნამდვილად არ არის ის, რაც გვინდა, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მალე გამოვასწორებთ.

ზუსტად იგივე ვითარებაში ვართ, როგორც შარშან „საბურთალო“. „ლოკომოტივი“ ისტორიული გუნდია, უთამაშია ევროტურნირებზე, მაგრამ ამ შემადგენლობისთვის ეს პირველი იქნება. ამიტომ, გამოცდილების კუთხით ძალიან ვგავართ შარშანდელ „საბურთალოს“. რაც შეეხება იმას, რომ „საბურთალომ“ გასულ სეზონში სტუმრად უკეთ ითამაშა, ვიდრე სახლში - ჩემი დაკვირვებით, ეს სტრესის გამო ხდებოდა, რომელსაც ფეხბურთელები განიცდიდნენ. რა თქმა უნდა, გულშემატკივარი პლუსია, მე-12 მოთამაშეა, მაგრა წლების განმავლობაში მიჩვეული ვართ უმაყურებლოდ თამაშს და როდესაც, ევროტურნირზე ხედავ ამდენი მაყურებელი მოდის, ფეხბურთელის სტრესი იზრდება, პასუხისმგებლობა მატულობს, რომ შეცდომა არ დაუშვა. მგონია, რომ სწორედ ამით იყო განპირობებებული, რომ სტუმრად უფრო ლაღ და ხარისხიან ფეხბურთს აჩვენებდა „საბურთალო“, ვიდრე სახლში. „ლოკომოტივიც“ იგივე მდგომარეობაშია, უმაყურებლოდ უფრო მარტივად ვითამაშებთ. არ ვამბობ, რომ გულშემატკივრები ან ჟურნალისტები ცუდია და სტრესს ეს გვიქმნის, უბრალოდ სწორად გამიგეთ, მაყურებლებით თამაშის გამოცდილება არ გვაქვს.

„კრაიოვა“ ძალიან ძლიერი გუნდია. ჩვენ გავარჩიეთ, როგორც თამაშის სტილი, ისე თითოეული ფეხბურთელი. ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, რუმინეთის ნაკრების რამდენიმე ყოფილი და ახლანდელი ფეხბურთელითაა დაკომპლექტებული, ბოლო ტურამდე ებრძოდა „კლუჟს“ ჩემპიონობისთვის. ვიცით, როგორ უტევენ, თავს როგორ იცავენ, მაგრამ ეს მხოლოდ ფურცელზე ვიცით. მწვრთნელი იტალიელია, რომელიც იტალიელ მწვრთნელებს არ გავს, ძალიან შემტევია, 3 ნახევარმცველი და განაპირა მცველები ყოველთვის შეტევაზე ჰყავს მიმართული. ვფიქრობ, ჩვენს კალათაში ყველაზე ძლიერი და მომწონს მეტოქე, ეს ჩემთვის გამოწვევაა, რადგან ზუსტად გამოაჩენს რა დონეზე ვიმყოფებით, ვგულისხმობ „ლოკომოტივის“ დონეს და არა ქართული ფეხბურთის.

ნიკა ჭანტურია გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ემზადება, ის გამორჩეულია საქმისადმი მიდგომით, ნამდვილი პროფესიონალია და თამაშისთვის მზადაა. რაც შეეხება სანდროკობახიძეს, ის განაცხადში არაა. სამწუხაროდ, ვერ მოასწრო ფორმაში შესვლა. გვქონდა გეგმა და მასაც ცდა არ დაუკლია, ყველაფერი გააკეთა, მაგრამ ვერ მოახერხა კონდიციის აღდგენა, რაც საჭიროა. „სამტრედიასთან“ ამიტომ ვათამაშე, მინდოდა მენახა საქმეში, მაგრამ ჩემი შეფასებით ახლა მზად არ არის. ეს კი არის თამაში, სადაც გამოცდილებაზე გაცილებით მნიშვნელოვანია კონკრეტულ მომენტში როგორ ფორმაშია ფეხბურთელი.

ვატო არველაძის იმედი ამ თამაშისთვის მქონდა, ერთგვარი ავანსი გვქონდა, რომ ამ მატჩისთვის მოგვემზადებინა, მაგრამ თავიდანვე ჩვენს შორის არსებობდა შეთანხმება, რომ თუ უმაღლესი დივიზიონის გუნდი მიიწვევდა, გავუშვებდით და ვინაიდან ეს წინა არ ვიცოდით, კონტრაქტი გავაფორმეთ. ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელსაც სხვა ფონეზე თამაში შეუძლია. ჩემს სტაფს ვუთხარი, რომ ვატოსნაირ ფეხბურთელებს შეუძლიათ ასეთი მატჩების ბედის გადაწყვეტა, მაგრამ შეთანხმება გვქონდა. მას წარმატებებს ვუსურვებ, თურქეთის ჩემპიონატი ნამდვილად დიდი გამოწვევაა და შეუძლია კარგად თამაში, მაგრამ ეს ერთია და მეორე - რას მოახერხებს.

საქართველოში და ევროპაში განსხვავებული მსაჯობაა. არ ვამბობ, რომ კარგია ან ცუდი, არამედ განსხვავებული და ძალიან რთული, როცა მთელი წელი ასეთ მსაჯობას ხარ შეჩვეული უცებ ერთ მატჩში გადაეწყო. ჩვენ ვერ შევიცვლებით, მსაჯობა უნდა შეიცვალოს. ბიჭები გავაფრთილე, რომ ახალგაზრდა სერბი მსაჯია, რომელსაც ორივე ფერის ბარათების ჩვენება უყვარს, თუმცა ვერ ვეტყვი, რომ ფრთხილად ითამაშონ, რადგან ეს იის დასტური იქნება, რომ წინასწარ დავნებდით და ბრძოლას არ ვაპირებთ. პენალტების სერიაში ვვარჯიშობთ, მაგრამ ეს პირველივე დღიდან ხდება და არა კონკრეტულად ხვალინდელი მატჩისთვის“, - თქვა ჭიაბრიშვილმა.

მასთან ერთად პრესკონფერენციაზე ფეხბურთელი სანდრო გურეშიძე იმყოფებოდა, რომელმაც მოკლე კომენტარი გააკეთა:

„ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევაა, რადგან „ლოკომოტივი“ დიდი ხანია არ ყოფილა ევროთასებზე. ვიცით ვისთან გვაქვს საქმე, ძლიერი მეტოქეა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ რამეს დავუთმობთ. თამაშისთვის მოვემზადეთ, როგორც ჩვეულებრივ და ყოველთვის ვემზადებით“, - აღნიშნა გურეშიძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის „ლოკომოტივისა“ და რუმინული „კრაიოვას“ მატჩი 27 აგვისტოს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას „სილქ უნივერსალი“ გეგმავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114734