ფეხბურთი

10:27 | 23.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

სეზონის გვირგვინი: "ბაიერნის" მეექვსე ან "პარი სენ ჟერმენის" პირველი!

დღეს, 2019-2020 წლების სეზონი ოფიციალურად დასრულდა. გვირგვინი ტრადიციულია - ჩემპიონთა ლიგის ფინალი. თუმცა, არატრადიციულ გარემოში - უმაყურებლოდ. გამოცდილი მიუნხენის „ბაიერნი“, გამოუცდელი „პარი სენ ჟერმენის“ წინააღმდეგ.

ცხადია, გამოუცდელი პირობითად, რადგან პსჟ ისტორიაში პირველად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, თორემ ისე პარიზელთა შემადგენლობაში გამოუცდელი მოთამაშეები ნამდვილად არ ირჯებიან, მარტო კეილორ ნავასი რად ღირს, რომელსაც სამჯერ ბევრი ოფლის ფასად აქვს ეს ტურნირი მოგებული. მატჩი კი ძალიან მაგარ აფიშას გვაძლევს, ორივე გუნდი ჩინებულ ფორმაშია და ორივეს შანსი აქვს სეზონი ტრებლით დაასრულოს! მეტიც, პსჟ-ს სეზონში მეოთხე ტიტულის მოგების შანსი აქვს, რადგან საფრანგეთში ორივე თასის გათამაშება მოიგო ლიგა 1-თან ერთად.

„ბაიერნი“ ფინალამდე ისე მივიდა, არათუ არ დამარცხებულა, ფრეც არ უთამაშია. აქამდე ჩემპიონთა ლიგას ასეთი შემთხვევა, რომ ფინალამდე გუნდს ყველა თამაში მოეგოს, ერთხელ ახსოვს - 1993 წელს. მაშინ „მილანმა“ მოახერხა ფინალამდე უდანაკარგოდ მისვლა, მაგრამ ფინალში „მარსელთან“ წააგო, ფრანგულ მეტოქესთან. განგებით „რეკორდმაისტერის“ მეტოქეც ფრანგულია. პსჟ-მ ბოლო დეკადაში წარმოუდგენელი ფინანსური ინვესტიციის შემდეგ როგორც იქნა შეძლო და ფინალში გავიდა. ეს პირველი იქნება მის ისტორიაში, აქამდე კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგის ფინალში არასდროს ყოფილა. თუ პსჟ დებიუტანტია, „ბაიერნისთვის“ ფინალი უცხო სულაც არაა, ეს მე-11 გადამწყვეტი მატჩია და „მილანს“ გაუთანაბრდა, რომელსაც ასევე 11-ჯერ უთამაშია ფინალში. „რეკორდმაისტერმა“ წინა 10 შემთხვევიდან 5 მოიგო და 5 წააგო. სხვათა შორის, გერმანულ გიგანტზე მეტი ფინალი ერთადერთ გუნდს აქვს წაგებული - „იუვენტუსს“ (7), ხოლო ასევე 5-ჯერ ფინალში „ბენფიკაც“ დამარცხებულა. „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბოლოს 7 წლის წინ იყო და იმარჯვა.

მწვრთნელთა დუელი გერმანული იქნება - ჰანსი ფლიკი და ტომას ტუხელი. ორივე მათგანისთვის ჩემპიონთა ლიგის ფინალი სადებიუტოა. სხვათა შორის, ისტორიაში სულ მეოთხედ მოხდა, რომ ფინალში ერთი ქვეყნის წარმომადგენელი მწვრთნელები ხვდებიან, მანამდე ინგლისური (1979 წელს, ბრაიან კლაფი - ბობ ჰაუტონი), იტალიური (2003 წელს, კარლო ანჩელოტი - მარჩელო ლიპი) და გერმანული (2013 წელს, იუპ ჰაინკესი - იურგენ კლოპი) დუელები გვინახავს.

საოცარ ფორმაშია რობერტ ლევანდოვსკი, მან ზედიზედ 9 მატჩში გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე და კრიშტიანუ რონალდუს რეკორდთან ახლოსაა - გოლი მიჯრით 11 თამაშში. პოლონელი პორტუგალიელის მეორე რეკორდსაც უტევს - 17 გოლი ერთ სეზონში. ამ წუთისთვის რობერტის აქტივში 15 გოლია. ზოგადად, ლევანდოვსკის გარდა, მთელი „ბაიერნი“ ბრწყინავს და დიდი შეხსენება არ გჭირდებათ, როგორ და რანაირად მივიდა ფინალამდე, ზოგადად, როგორ გარდაიქმნა ჰანსი ფლიკის გუნდში მისვლის შემდეგ და რა სეზონი ჩაატარა. არც „პარი სენ ჟერმენს“ დაეწუნება არაფერი, მხოლოდ 5 გოლი გაუშვა მთელი ტურნირის განმავლობაში, რაც საუკეთესო შედეგია.

გუნდები დღევანდელ მატჩს სერიოზული საკადრო პრობლემების გარეშე ხვდებიან. არცერთ გუნდს არ ჰყავს ისეთი მოთამაშე, რომლის თამაში ახლა გამორიცხულია, უბრალოდ ჯერ საბოლოოდ არაა გადაწყვეტილი „ბაიერნიდან“ ჟერომ ბოატენგისა და ბენჟამენ პავარის თამაშის საკითხი, ხოლო პსჟ-დან ლაიუინ კუზავასა და კეილორ ნავასის.

ეს გუნდები აქამდე ერთმანეთს რვაჯერ შეხვედრიან და ყველა მატჩი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გაიმართა. საინტერესოა, რომ არცერთი თამაში ფრედ არ დასრულებულა. 5-ჯერ პარიზელებმა მოიგეს და 3-ჯერ მიუნხენელებმა.

ურთიერთშეხვედრები

„პარი სენ ჟერმენი: 5 მოგება, 0 ფრე, 3 წაგება, 12:11 ბურთების ბალანსი

„ბაიერნი“: 3 მოგება, 0 ფრე, 5 წაგება, 11:12 ბურთების ბალანსი

05/12/2017: „ბაიერნი“ - პსჟ 3:1 (ლევანდოვსკი 8, ტოლისო 37, 69 - მბაპე 50)

27/09/2017: პსჟ - „ბაიერნი“ 3:0 (დანი ალვეში 2, კავანი 31, ნეიმარი 63)

18/10/2000: „ბაიერნი“ - პსჟ 2:0 (სალიჰამიჯიჩი 3, პაულო სერჟიო 89)

26/09/2000: პსჟ - „ბაიერნი“ 1:0 (ლეროი 90)

05/11/1997: პსჟ - „ბაიერნი“ 3:1 (გავა 17, მაურისი 73, ლეროი 75 - ბაბელი 28)

22/10/1997: „ბაიერნი“ პსჟ 5:1 (ელბერი 4, 73, იანკერი 21, 47, ჰელმერი 51 - სიმონე 48)

23/11/1994: „ბაიერნი“ - პსჟ 0:1 (ვეა 80)

14/09/1994: პსჟ - „ბაიერნი“ 2:0 (ვეა 39, 80)

ტომას ტუხელი (პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი): „ისინი აქ უნიკალური გზით მოვიდნენ. ეს ახალგაზრდა მოთამაშეების ნაზავია, რომლებიც მშივრები არიან და მათ ასევე აქვთ გამოცდილება. ბევრს ვსაუბრობ კეილორ ნავასთან, ასევე გვყავს ანხელ დი მარია და ნეიმარი, რომელთაც ეს ტურნირი მოგებული აქვთ. „ბაიერნს“ აქვს ის უპირატესობა, რომ ასეთი ტიპის მატჩებში უფრო გამოცდილია და ფინალებში ნათამაშები აქვთ მის ფეხბურთელებს, თუმცა ეს გადამწყვეტი უპირატესობა არ იქნება.

ჰანს-დიტერ ფლიკი („ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი): „ჩვენ ვეცდებით საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშოთ. თუ 100%-ით დავიხარჯებით გამარჯვების კარგი შანსი გვექნება. პსჟ-მ ამ ტურნირზე მხოლოდ 5 გოლი გაუშვა, რაც ნიშნავს, რომ მათი დაცვის ხაზი მუშაობს, ისევე როგორც შეტევა. ჩვენ გვაქვს გეგმა და ვიმედოვნებ, რომ მის შესრულებას მოვახერხებთ“.

სავარაუდო შემადგენლობები:

ლისაბონი, „და ლუჟი“

23 აგვისტო, 23:00 საათი

„პარი სენ ჟერმენი“ (4-3-3): სერხიო რიკო; კერერი, ტიაგო სილვა, კიმპემბე, ბერნატი; ვერატი, მარკინიოსი, ერერა; დი მარია, ნეიმარი, მბაპე

„ბაიერნი“ (4-2-3-1): ნოიერი; კიმიხი, ბოატენგი, ალაბა, დევისი; გორეცკა, ტიაგო ალკანტარა; პერიშიჩი, მიულერი, გნაბრი; ლევანდოვსკი

მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)

„პარი სენ ჟერმენი“ 41-ე გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის/თასის ფინალში გავიდა და შეუძლია გახდეს 22-ე გუნდი, რომელიც ტურნირს მოიგებს. პარიზელებს ევროთასებზე აქამდე ფინალში სამჯერ უთამაშიათ და ერთხელ მოიგეს:

1997 წელი, თასების თასი: „ბარსელონა“ 0:1

1996 წელი, ევროპის სუპერთასი (ორმატჩიანი): „იუვენტუსი“ 2:9 (1:6, 1:3)

1996 წელი, თასების თასი: „რაპიდი“ 1:0

„ბაიერნი“ ეცდება „ლივერპულს“ გაუთანაბრდეს და მეექვსედ მოიგოს ჩემპიონთა ლიგა. ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ „რეალს“ (13) და „მილანს“ (7) აქვთ. „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მე-11-ედ ითამაშებს, წინა 10 ფინალის ბალანსი თანაბარია: 5 მოგება, 5 წაგება.

2013 წელი: „დორტმუნდი“ 2:1

2012 წელი: „ჩელსი“ 1:1 პენ: 3:4

2010 წელი: „ინტერი“ 0:2

2001 წელი: „ვალენსია“ 1:1 პენ: 5:4

1999 წელი: „მანჩესტერი“ 1:2

1987 წელი: „პორტუ“ 1:2

1982 წელი: „ასტონ ვილა“ 0:1

1976 წელი: „სენტ ეტიენი“ 1:0

1975 წელი: „ლიდსი“ 2:0

1974 წელი: „ატლეტიკო“ გადათამაშება 4:0 (პირველი თამაში 1:1 დასრულდა)

გარდა ამისა, „ბაიერნს“ მოგებული აქვს1967 წელს თასების თასი, 1996 წელს უეფას თასი და 2013 წელს ევროპის სუპერთასი.

0.260373