ფეხბურთი

19:45 | 22.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: "მესი და რონალდუ ამ პლანეტიდან არ არიან"

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელმა ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგის ფინალისა და „ოქროს ბურთის“ მოგებაზე ისაუბრა. ბრაზილიელის განცხადებით, პარიზში ასე კარგად თავი არასდროს უგვრძნია და უნდა გუნდის ისტორია ჩემპიონთა ლიგის მოგებით დაწეროს. ასევე განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი ამ პლანეტიდან არ არიან.

„ვიცი, რომ ამ ტიტულის მოგება განსაკუთრებულია, მაგრამ „პარი სენ ჟერმენთან“ ერთად გამარჯვება ნიშნავს კლუბის ისტორიის შექმნას და სწორედ ესაა ის, რისთვისაც პარიზში ჩამოვედი. ძალიან რთული გამოწვევა იქნება, მაგრამ მზად ვართ. „ბაიერნს“ ძალიან ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავს, მაგრამ ჩვენც მაღალ დონეზე ვართ და ვგრძნობ, რომ პარიზში ჩამოსვლის შემდეგ არასდროს ვყოფილვარ ასე კარგად. ჩვენ ვართ იქ, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ. კლუბის ხელმძღვანელობას შესანიშნავი პროექტი აქვს და პსჟ-ს მიზანია ევროპაში საუკეთესო კლუბი გახდეს. არასდროს ვყოფილვართ მიზანთან ასე ახლოს, მაგრამ ახლა მაღალი კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ.

„ოქროს ბურთი“? - ბოლო 10 წლის განმავლობაში რონალდუ და მესი დომინირებენ, რადგან ამ პლანეტიდან არ არიან. „ოქროს ბურთის“ მოგება პატივი იქნებოდა, მაგრამ ამის გასაკეთებლად საჭიროა მოედანზე კარგი შედეგები და გუნდის დახმარება. ეს არის ის, რაზეც კონცენტრირებული ვარ და ყველაფერი ამას მოჰყვება“, - თქვა ნეიმარმა.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნისა“ და „პარი სენ ჟერმენის“ ფინალი 23 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. პარიზული კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფინალში თავის ისტორიაში პირველად ითამაშებს.

0.150484