ჩოგბურთი

23:40 | 21.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი: "ჩოგბურთისთვის განვითარება მნიშვნელოვანია"

მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებშია და ტურნირებისთვის ემზადება. ცინცინატის მასტერსის დაწყებამდე The New York Times-ი სერბ ჩოგბურთელს სხვადასხვა თემაზე ესაუბრა. გაირკვა, რომ ჯოკოვიჩი ვაქცინის წინააღმდეგი არაა და მის მიერ ორგანიზებულ ტურნირს არ ნანობს, რის გამოც გააკრიტიკეს.

ჯოკოვიჩი და სხვა ჩოგბურთელები ქალაქთან ახლოს ნაქირავებ სახლებში გაანაწილეს და ყველა თანაბარ პირობებშია. ჩოგბურთელები უსაფრთხოების წესებს იცავენ და როგორც ჯოკოვიჩი აღნიშნავს "მოთამაშეთა უმრავლესობისთვის რთულია პატარა ოთახში ცხოვრება".

ამერიკულმა გამოცემამ სერბთან ადრია ტურის შესახებაც ისაუბრა. ეს ის ტურნირია, რომელიც ჯოკოვიჩის ინიციატივით გაიმართა, საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა, თუმცა საბოლოოს ჩოგბურთელებს შორის კორონავირუსი გავრცელდა და ჯოკოვიჩის გარდა მის მეუღლესაც დაუდასტურდა აღნიშნული ვირუსი.

"კარგი განზრახვით გვინდოდა რაღაცის გაკეთება. დიახ, შეიძლებოდა, რამდენიმე ეტაპი სხვანაირად დაგვეგეგმა, თუმცა შეიძლება მთელი ცხოვრება ამ შეცდომის გამო დამადანაშაულონ? თუ ეს ერთადერთი გზაა, კარგი, მივიღებ, სხვა არაფრის გაკეთება შემიძლია. თუმცა სამართლიანია თუ არა ეს თქვენ უნდა მითხრათ, მაგრამ ვიცი რომ სწორი განზრახვა გვქონდა და თუ მექნებოდა ადრია ტურის ჩატარების შანსი, ამას კვლავ გავაკეთებდი" - განაცხადა ტურზე ჯოკოვიჩმა.

ნოვაკი ამერიკაში ოჯახის გარეშე წავიდა. ჯოკოვიჩი ჯერ ცინცინატის მასტერსზე მიიღებს მონაწილეობას და შემდეგ აშშ-ს ღია პირველობაზე გადაერთვება. წელს აღნიშნული მასტერსი აშშ-ს ჩოგბურთის ასოციაციის გადაწყვეტილებით ნიუ იორკში გაიმართება. მსოფლიოს პირველი ნომერი წყვილთა თანრიგშიც მოსინჯავს ძალებს და მისი მეწყვილე ფილიპ კრაინოვიჩი იქნება. ჯოკოვიჩმა ასევე ისაუბრა იმ მიზეზებზე, რომლის გამოც აშშ-ში წასვლა გადაწყვიტა. მათ შორის იყო ევროპული ქვეყნების მთავრობების გარანტია კარანტინის გაუქმების შესახებ. ის ჩოგბურთელები, რომლებიც ამერიკაში ითამაშებენ ევროპაში კარანტინის გარეშე ჩავლენ.

"სახლში დარჩენასთან ახლოს ვიყავი. გაურკვევლობა ჯერ კიდევ არსებობს და ბევრი რამ ცხადი არაა. მე თამაში მინდა და ამიტომაც ვარ აქ. პირადად არ მაშინებს ჯანმრთელობას რომ საფრთხეში ვიგდებ, ამის შესახებ გამართხილეს, პასუხისმგებლობას ვიღებ და წესებს ვემორჩილები. თუმცა მოვლენები არაპროგნოზირებადია. კორტზე და მის მიღმა შეიძლება ნებისმიერი რამე მოხდეს." - აღნიშნა სერბმა.

ჯოკოვიჩს კორონავირუსი გამოცდილება უკვე აქვს, თუმცა ვაქცინისადმი მისი შეხედულება არ შეცვლილა. სერბის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ სავალდებულო გახდება კორტზე გასასვლელად ვაქცინის გაკეთება, რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

"ვნახე, რომ საერთაშორისო მედიამ განსხვავებულად მიიღო ჩემი სიტყვები და გამოვიდა თითქოს ვაქცინის წინააღმდეგი ვარ. მე მხედველობაში მქონდა ვაქცინის ნების საწინააღმდეგოდ გაკეთება, რაც არ მინდა. ჩემთვის ეს მიუღებელია. ვაქცინაციის წინააღმდეგი არ ვარ, რადგან ვინ ვარ ვილაპარაკო ვაქცინის შესახებ, როდესაც არსებობენ სამედიცინო სფერო წარმომადგენლები, რომელთაც ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლიათ? დარწმუნებული ვარ, არის ვაქცინები მცირე გვერდითი ეფექტებით, რომლებიც ეხმარება ადამიანებს შეაჩერონ ინფექციის გავრცელება მსოფლიოში." - განმარტა ჯოკოვიჩმა.

სერბი ამერიკაში გუნდის სამ წევრთან ერთადაა წასული. მათ შორის არის გორან ივანიშევიჩი, ერთ-ერთი მისი მწვრთნელი, რომელიც ადრია ტურის დროს დაინფიცირდა. აღნიშნულ საქველმოქმედო ტურნირზე, რომელიც დაბალი რეიტინგის ჩოგბურთელების დასახმარებლად გაიმართა, გულშემატკივრები თამაშებზე ესწრებოდნენ, პირბადეები რეკომენდირებული იყო, თუმცა არასავალდებულო. მოთამაშეები ერთმანეთს ეხვეოდნენ და ბელგრადის ღამის კლუბში გაერთნენ.

"გეთანხმებით, მოვლენები კლუბთან დაკავშირებით სხვნაირად უნდა განვითარებულიყო. სპონსორებმა ორგანიზება გაუწიეს, დაპატიჟეს ჩოგბურთელები, თავს კომფორტულად ვგრძნობდით და წარმატებული ღონისძიება გვქონდა. ყველა თავს ბედნიერად გრძნობდა."

ჯოკოვიჩმა აღნიშნა, რომ ეს ტური სერბეთის და ხორვატიის მთავრობების და ჩოგბურთის ფედერაციებთან თანამშრომლობით გაიმართა და იმ დროს კორონავირუსის შემთხვევები ამ ქვეყნებში მცირე იყო.

"ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც მოგვთხოვეს და პირველივე დღიდან მათ წესებს დავემორჩილეთ. როდესაც ვიღაცები ავსტრალიიდან ან ამერიკიდან უყურებდნენ თუ რა ხდებოდა სერბეთში, ისინი იტყოდნენ ასე, "ო ღმერთო ჩემო, გაგიჟდნენ? ამას რას აკეთებენ?", ასე რომ მათი მესმის." - დაამატა ნოვაკმა.

მიუხედავად კრიტიკისა, ჯოკოვიჩი თვლის, რომ საბოლოოდ ტურით კარგი საქმე გაკეთდა: "არ ვფიქრობ, რომ ცუდი რამ გავაკეთე, გულწრფელად ვამბობ. ვწუხვარ იმ ადამიანების გამო ვინც დაინფიცირდა. თავს დამნაშავედ არ ვთვლი, როგორ შეიძლება ერთი ადამიანი დაადანაშაულო ყველაფერში?"

ნოვაკ ჯოკოვიჩს დიდი სლემის 17 ტურნირი აქვს მოგებული და იგი ამ მაჩვენებლით მხოლოდ რაფაელ ნადალს (19) და როჯერ ფედერერს (20) ჩამორჩება. ესპანელმა უსაფრთხოების მიზნით გადაწყვიტა ტურნირზე მონაწილეობა არ მიეღო, ხოლო შვეიცარიელი რეაბილიტაციას გადის. ჯოკოვიჩს მოტივაცია აშკარად აქვს და მე-18 ტიტულისთვის იბრძოლებს.

"ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომაც ვთამაშობ ჩოგბურთს პროფესიონალურ მაღალ დონეზე არის ის, რომ მინდა მივაღწიო უფრო მეტ სიმაღლეს." - თქვა ჯოკოვიჩმა.

ნოვაკმა აღნიშნა, რომ მისი მიზანია გაიმეოროს და გააუმჯობესოს ფედერერის დიდი სლემების და რეიტინგში სათავეში ყოფნის 310-კვირიანი რეკორდები. მიმდინარე სეზონში სერბი წაუგებლად თამაშობს, 18 გამარჯვება აქვს და თუ ასე გააგრძელა, შემდეგი წლის მარტში ფედერერს 310-კვირიანი რეკორდს გააუმჯობესებს. სერბს აშშ-ში წასასვლელად ბევრი მიზეზი ჰქონდა და მათ შორის რეკორდებიცაა.

"ვერ ვიტყვი რომ ესაა მთავარი მიზეზი თუ რატომაც ვარ აქ, თუმცა ერთ-ერთი არის. უპირველეს ყოვლისა, მე უნდა ვიფიქრო ჩემ თავზე, ჯანმრთელობაზე, ფიტნესსა და გუნდის კარგად ყოფნაზე. თუ ყველაფერი რიგზე იქნება, რა თქმა უნდა, მე ვიგრძნობ პასუხისმგებლობას, როგორც ტოპ მოთამაშე. ჩვენი სპორტისთვის განვითარება მნიშვნელოვანია." - განუცხადა The New York Times-ს ჯოკოვიჩმა.

ცინცინატის მასტერსი 22 აგვისტოს დაიწყება და 28 აგვისტოს დასრულდება, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობა სტარტს 31 აგვისტოს აიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115426