ავტოსპორტი

21:18 | 15.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი ისევ პოულზეა, ამჯერად ესპანეთში

ფორმულა ერთის მოქმედმა ჩემპიონმა და მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერმა ლუის ჰამილტონმა ესპანეთის დიდი პრიზის კვალიფიკაცია მოიგო და კვირის რბოლას მოწინავე პოზიციიდან დაიწყებს. სტარტზე მის გვერდით, თანაგუნდელი ვალტერი ბოტასი დადგება, ვისაც პოულამდე 0.059 წამი დააკლდა. ჰამილტონისთვის, ვისაც ბარსელონას ტრეკზე ბოლო სამი რბოლა აქვს მოგებული, ეს 92-ე პოულ პოზიციაა.

რბოლას მეორე რიგიდან დაიწყებს ჩემპიონატში ჰამილტონის უახლოესი მდევარი მაქს ფერსტაპენი, ვისაც გვერდს კორონანამკურნალები სერხიო პერესი დაუმშვენებს. ორივეს დრო, პოულისგან წამზე ნაკლებში „ჩაეტია“. მეხუთე ადგილიდან (რომელიც ლანს სტროლმა დაიკავა) მოყოლებული, ყველას დრო ჰამილტონისაზე წამზე მეტით უარესია.

„ფიზიკურად ძალიან ძნელი იყო. ბარსელონაში ეს ყველაზე სწრაფი რბოლაა, რაც კი აქ ოდესმე გვქონია. ამიტომ მოსახვევებში ძალიან ინტენსიური გადატვირთვების ატანა გვიხდებოდა“, - ყვება ჰამილტონი, ვინც თავის კარიერაში, 150-ე რბოლას დაიწყებს მოწინავე პოზიციიდან.

„ბიჭებთან ერთად, აქ დილის 10 საათზე მოვედი, რათა ტრასა კარგად დაგვეთვალიერებინა და შეგვერჩია ის ადგილები, სადაც გაუმჯობესება შეგვეძლო. რადგან ეს რედ ბულები სუპერ სწრაფები არიან და რბოლისას ბრძოლა მოგვიწევს. პირველი წრე უშეცდომოდ გავიარე და ამან მომაგებინა“, - დასძენს ჰამილტონი, ვისაც მეორე წრე არც ისე სწრაფი გამოუვიდა. საბოლოოდ, მან ამ სეზონში მეოთხე პოული დაიკავა.

„როგორც ჩანს, მესამე პოზიცია გამოწერილი მაქვს“, - განაცხადა ფერსტაპენმა, ვინც თავის ფ1-ის კარიერაში პირველი გამარჯვება სწორედ ბარსელონას მონტმელოს ტრეკზე, 2016 წელს მოიპოვა.

კვლავ უსახელო რბოლა ჰქონდა „ფერარის“, რომლის შარლ ლეკლერი მხოლოდ მე-9 შედეგს დასჯერდა, სებასტიან ფეტელს კი არც შასის შეცვლამ უშველა და ის ისევ ათეულს მიღმაა.

ესპანეთის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1'15.584
  2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 0.059
  3. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 0.708
  4. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 0.898
  5. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1.005
  6. ალექს ალბონი (ტაილანდი, რედ ბული) 1.445
  7. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 1.460
  8. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1.500
  9. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1.503
  10. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1.552
  11. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1.584
  12. დანიილ კვიატი (რუსეთი, ალფატაური) 1.608
  13. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 1.614
  14. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1.802
  15. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, რენო) 1.983
  16. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 2.324
  17. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 2.505
  18. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 2.515
  19. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 2.948
  20. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 3.113
0.140522