ფეხბურთი

12:24 | 15.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვერტონგენი, ევერტონი და ვალდშმიდტი - "ბენფიკას" დიდი მიზნები ახალ სეზონში

ლისაბონის „ბენფიკამ“ ერთბაშად სამი ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა და შემადგენლობა საგრძნობლად გააძლიერა. „არწივების“ რიგებს ბელგიელი იან ვერტონგენი, ბრაზილიელი ევერტონი და გერმანელი ლუკა ვალდშმიდტი შეუერთდნენ.

ვერტონგენი 2012 წლიდან „ტოტენჰემში“ თამაშობდა (315 მატჩი, 12 გოლი) და ლისაბონელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ევერტონს რაც შეეხება, ის „გემიოში“ ირიცხებოდა. ბრაზილიელმა ერთი წლის წინ კოპა ამერიკაზე შესანიშნავად ითამაშა და მაშინ ბევრი ძლიერი გუნდის ყურადღებაც მიიქცია. 24 წლის შემტევს „სელესაოს“ რიგებში 14 თამაშში 3 გოლი აქვს გატანილი. რაც შეეხება 24 წლის ვალდშიდტს, ბუნდესლიგის გასულ სეზონში „ფრაიბურგის“ მაისურით 8 გოლი გაიტანა და გერმანიის ნაკრებში 3-ჯერ უთამაშია.

ევერტონმა და ვალდშმიდტმა კონტრაქტები 2025 წლამდე, ხოლო ვერტონგემმა 2023 წლამდე გააფორმა. ბრაზილიელმა 7, გერმანელმა 10, ბელგიელმა კი 5-ნომრიანი მაისური მოირგო.

აქვე გეტყვით, რომ „ბენფიკას“ ჟორჟე ჟესუში დაუბრუნდა, რომელიც ლისაბონელებს ადრეც წვრთნიდა, მაგრამ ბოლოს „ფლამენგოში“ იყო, რომელსაც ბრაზილიის ჩემპიონობა და კოპა ლიბერტადორესი მოაგებინა. გარდა ამისა, პრაქტიკულად შეთანხმებულია ედინსონ კავანის ტრანსფერიც. როგორც ჩანს, „ბენფიკა“ ახალ სეზონში სერიოზულ მიზნებს დაისახავს.

0.135798