ჩოგბურთი

0:14 | 15.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერის მეასე და ჯოკოვიჩის ოქროს მასტერსი - დასამახსოვრებელი ტიტულების ათეული

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ 21-ე საუკუნეში გამართული ტურნირები გაიხსენა და ყველაზე დასამახსოვრებელი ტრიუმფატორების ათეული შეადგინა. აღნიშნულ სიაში მსოფლიოს ჩოგბურთის ლეგენდები სხვადასხვა მიზეზებით მოხვდნენ. გთავაზობთ დასამახსოვრებელი ტიტულების ათეულს.

10.ხუან მარტინ დელ პოტრო, 2018 წლის ინდიან უელსის მასტერსი

მაჯაზე სამჯერ გაკეთებული ოპერაციის შემდეგ, არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ 2018 წელს დაამტკიცა რომ მისი დაბრუნება შედგა და ინდიან უელსის მასტერსის ფინალში როჯერ ფედერერი 6:4, 6:7, 7:6 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში დელ პოტრომ სამი მატჩ-პოინტი გადაარჩინა. აღნიშნულ გამარჯვებამდე დელ პოტროს სამი მასტერსის კატეგორიის ტურნირის ფინალში ჰქონდა წაგებული. ამ გამარჯვებით ხუანი გახდა პირველი არგენტინელი, რომელმაც ინდიან უელსის მასტერსი მოიგო და ასევე პირველი სამხრეთამერიკელი მარსელო რიოსის შემდეგ (1998), აღნიშნულ ტურნირზე წარმატებას მიაღწია.

9.დომინიკ ტიმი, 2019 წლის ინდიან უელსის მასტერსი

ავსტრიელი დომინიკ ტიმი წლების განმავლობაში გრუნტის საფარზე თავის შესაძლებლობებს ამტკიცებდა, მაგრამ გასულ წელს დომინიკმა ჰარდზე მოახერხა თავისი მასტერსის კატეგორიის ტურნირის მოგება. ფედერერმა ინდიან უელსის ზედიზედ მეორე ფინალში წააგო და ტიმმა შეხვედრა 3:6, 6:3, 7:5 მოიგო. ამ გამარჯვებით ავსტრიელმა პირველი მასტერსის ტიტული ჩაიწერა აქტივში, ხოლო ფედერერმა სარეკორდო მეექვსე ინდიან უელსის ტიტული ვერ მოიპოვა.

8.სტეფანოს ციციპასი, 2019 წლის შემაჯამებელი ტურნირი

როდესაც ბერძენმა 2018 წელს ახალგაზრდებს შორის წლის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო, ცხადი გახდა, რომ მომავალი ვარსკვლავი გახდებოდა. მაგრამ, ერთ წელიწადშივე დაამტკიცა, რომ თავისუფლად შეეძლო საუკეთესო ჩოგბურთელებთან ჭიდილი და გასულ წელს შემაჯამებელი ტურნირი მოიგო. ბერძენმა ნახევარფინალში როჯერ ფედერერი დაამარცხა, ხოლო ფინალში დომინიკს მოუგო. 21 წლის და სამი თვის ასაკში, სტეფანოსი გახდა შემაჯამებელის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა. მანამდე აღნიშნული რეკორდი ლეიტონ ჰიუიტს ეკუთვნოდა, რომელმაც 2001 წელს სიდნეიში 20 წლის ასაკში გაიმარჯვა.

7.ფაბიო ფონინი, 2019 წლის მონტე კარლოს მასტერსი

2019 წელს მონტე კარლოს მასტერსის უპირობო ფავორიტი რაფაელ ნადალი იყო, თუმცა მოულოდნელად იტალიელმა ფაბიო ფონინიმ ნახევარფინალში დაამარცხა. გადამწყვეტ შეხვედრაში ფაბიომ დუშან ლაიოვიჩის დამარცხება არ გაუჭირდა (6:3, 6:4) და გახდა პირველი იტალიელი ჩოგბურთელი, რომელმაც მასტერსის კატეგორიის ტურნირი მოიგო. ასევე, ფაბიო მონტე კარლოს მასტერსზე მე-13 ნომრად იყო განთესილი და გუსტავო კუერტენის შემდეგ (1999 წელი, მე-13 ნომერი) ასეთი დაბალი განთესვის მქონე ჩოგბურთელმა პირველად მოიგო აღნიშნული ტურნირი.

6.ენდი მარეი, 2019 წლის ანტვერპენის ტურნირი

მარეი 2019 წლის ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ გაკეთებული ოპერაციის გამო დარწმუნებული არც კი იყო საერთოდ გავიდოდა თუ არა კორტზე, თუმცა მან ეს შეძლო და წლის ბოლოს მსოფლიოს ყოფილმა ნომერ პირველმა ჩოგანმა ანტვერპენის ტურნირი მოიგო. ენდის დაბრუნება წარმატებული გამოუვიდა და ფინალში სტანისლას ვავრინკა 3:6, 6:4, 6:4 დაამარცხა და 2017 წლის შემდეგ პირველად შეძლო ტურნირის მოგება.

5.რაფაელ ნადალი, 2005 წლის რომის მასტერსი

ლეგენდარულმა რაფაელ ნადალმა გრუნტის საფარზე 59 ტიტული მოიპოვა და მათ შორის 12 საფრანგეთის ღია პირველობაზე. მაგრამ პარიზში მოპოვებულ ფენომენალურ მიღწევებს, წინ უსწრებს დასამახსოვრებელი მონაწილეობა რომში. 2005 წელს ნადალი აღნიშნულ ტურნირზე პირველად გამოჩნდა და 18 წლის ასაკში ტურნირი მოიგო. ფინალში რაფამ რონალ გაროსის 2004 წლის ფინალისტი არგენტინელი გილერმო კორია 6:4, 3:6, 6:3, 4:6, 7:6 დაამარცხა და თითქმის ხუთსაათიან ბრძოლაში შეძლო მასტერსის კატეგორიის ტურნირის მოგება.

4.ჟო-ვილფრიდ ცონგა, კანადის ღია ტურნირი

კანადის ღია ტურნირზე (როჯერსის თასი) ცონგამ ოთხი დღის განმავლობაში მსოფლიოს პირველი ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი, მეცხრე ნომერი ენდი მარეი, მერვე ნომერი გრიგორ დიმიტროვი და მესამე ნომერი როჯერ ფედერერი დაამარცხა და კარიერაში მეორე მასტერსის კატეგორიის ტურნირი მოიგო.

3.დავიდ ნალბანდიანი, 2007 წლის მადრიდის მასტერსი

არგენტინელმა 2007 წელს პირველად მოახერხა მასტერსის სერიის ტურნირის მოგება და მადრიდში ტრიუმფატორი გახდა, თუმცა უფრო შთამბეჭდავია ის ფაქტი თუ როგორ მოახერხა მან ეს. ნალბანდიანს კარიერის განმავლობაში "დიდი სამეულის" წევრებთან უარყოფითი ბალანსი ჰქონდა - ნოვაკ ჯოკოვიჩთან (1-4) მხოლოდ ერთხელ შეძლო გამარჯვება, როჯერ ფედერერი რვაჯერ დაამარცხა (8-11), ხოლო რაფაელ ნადალს ორჯერ მოუგო (2-5). მადრიდის მასტერსზე კი არგენტინელმა სამივეს დამარცხება შეძლო და პირველი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც "დიდი სამეულის" წევრებს ერთ ტურნირზე მოუგო. ფინალში ნალბანდიანმა ფედერერი 1:6, 6:3, 6:3 დაამარცხა.

2.ნოვაკ ჯოკოვიჩი, 2018 წლის ცინცინატის მასტერსი

ნოვაკ ჯოკოვიჩი ხუთი წლის განმავლობაში ელოდებოდა მასტერსის ტურნირის მოგებას რათა გამხდარიყო პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც კარიერაში ოქროს მასტერსი შეასრულა, ანუ ATP-ის მასტერსის კატეგორიის ცხრავე ტურნირი ჰქონოდა მოგებული. 2013 წელს ჯოკოვიჩმა მერვე ტურნირი მოიგო და მას შემდედ ვერ მოახერხა ბოლო მასტერსის მოგება. 2015 წელს სერბს ხელი როჯერ ფედერერმა შეუშალა, თუმცა 2018 წელს ნანატრი გამარჯვება მოიპოვა - ფინალში ნოვაკმა ფედერერს აღნიშნულ ტურნურზე პირველად მოუგო და კარიერის ოქროს მასტერსიც შეასრულა.

1.როჯერ ფედერერი, 2019 წლის დუბაის ტურნირი

როჯერ ფედერერის მიერ 2018 წლის ოქტომბერში მშობლიურ ბაზელში მოპოვებულმა 99-ე ტიტულის შემდეგ ბევრი დრო არც იყო გასული როდესაც მან მეასე ტიტულს უწია. დუბაის ტურნირის პირველ ორ შეხვედრაში როჯერმა თითო-თითო სეტი წააგო, თუმცა შემდეგ ფორმაში შევიდა და ტურნირის მოგება არ გასჭირვებია. შვეიცარიელი გახდა მეორე ჩოგბურთელი ჯიმი კონორსის (109) შემდეგ, რომელმაც კარიერაში მინიმუმ 100 ტურნირი მოიგო. დუბაის ტურნირის ფინალში შვეიცარიელმა სტაფენოს ციციპასი 6:4, 6:4 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113469